პოლიციის მობილიზება უზენაეს სასამართლოსთან - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები "რუსთავი 2"-ის საქმეზე? - კვირის პალიტრა

პოლიციის მობილიზება უზენაეს სასამართლოსთან - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები "რუსთავი 2"-ის საქმეზე?

უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები - როგორც უბრალო მოქალაქეები, ისე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები. ასევე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე მისული "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, "რუსთავი 2" მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლების და იმიჯისთვის.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქ დგას, იმ ადამიანების გვერდით, ვინც "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად შეიკრიბა. თუ ოლიგაქრი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება "რუსთავი 2"-ს წაიღებს, მაშინ ჩვენი ქვეყნის იმიჯს დიდი ზიანი მიადგება. ასევე ეს უარყოფითად აისახება სხვა მედიასაშუალებებზე", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"რუსთავი 2"-ის, როგორც თავისუფლების კუნძულის დატოვება, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თუ გავითვალისწინებთ ბოლო მოვლენებს, მათ შორის ნაზღაიძის სკანდალს, ასევე იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იცავს თავის მოსამართლეებს, ასევე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მცდელობაა უზურპაცია მოახდინოს ყველა სამოქალაქო თუ სახელმწიფო ინსტიტუტის, მე დიდი მოლოდინი არ მაქვს სასამართლოსი, თუმცა, მაინც მგონია, რომ ამ შენობაში სხედან მოსამართლეები, რომელთაც შეუძლიათ გახდნენ ჩვენი დროის გმირები", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით