"ეს სასწაულია! ლოცვა გააძლიერეთ და წმინდა ეკატერინეს მოსალოცად, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს, ილოცონო!" - კვირის პალიტრა

"ეს სასწაულია! ლოცვა გააძლიერეთ და წმინდა ეკატერინეს მოსალოცად, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს, ილოცონო!"

ეკატერინე გოდერძიშვილი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა გიორგი თევდორაშვილის კურთხევით, რამდენიმე ხატს ოჯახებში მოსალოცად დააბრძანებს. ერთ-ერთი დიდმოწამე და ქალწულმოწამე ეკატერინეს ხატია. წმინდა ეკატერინეს ხატი მამა გიორგის კურთხევით, ხატმწერმა, მაია ბეციაშვილმა დაწერა და უკვე ერთი წელია, ოჯახებში მოსალოცად დაბრძანდება.

"ყველა მეუბნებოდა, რომ ხატი ოჯახში მობრძანებისთანავე თავს გვაყვარებს და მასთან განშორება გვიჭირსო. თავიდან მოძღვრისგან კურთხევა მქონდა, რომ ხატი ერთი კვირა გაჩერებულიყო თითოეულ ოჯახში, მაგრამ რადგანაც დიდი მოთხოვნა გაჩნდა, ხალხს მისი მოლოცვა სურდა, მამა გიორგიმ ნება დაგვრთო, ოჯახებს ხატისთვის 2-3 კვირა ემასპინძლათ", - გვიყვება ეკატერინე გოდერძიშვილი.

- საქართველოში ეს წმინდანი დიდად პოპულარული არ არის, მაგალითად, ისე როგორც წმინდა ბარბარე... როგორ ფიქრობთ, რატომ?

- მართალია, ხალხს ნაკლები ინფორმაცია აქვს მასზე, არადა, დიდი წმინდანია. წინა საუკუნეებში საქართველოში ეკატერინეს სახელობის არაერთი ტაძარი არსებობდა. სინას მთაზე, იქ, სადაც წმინდა ეკატერინეს ტაძარია, ბოლნური ჯვრებიც არსებობს, რაც საქართველოსთან ერთგვარ კავშირზეც მიუთითებს.

თბილისში, მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე ყოფილა წმინდა ეკატერინეს მონასტერი, რომელსაც მეფე ერეკლემ გარშემო მდებარე დუქნები შესწირა; არსებობს გურიელების, დადიანების დოკუმენტაცია, სადაც დაცულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სწირავდნენ ტაძარს შესაწირს...

როდესაც ვორონცოვის ბრძანებით, ორთაჭალის ბაღები გაიჩეხა, გზა გაიყვანეს, მას ეკატერინეს მონასტერი შეეწირა... წმინდა ეკატერინე ქრისტიანობისთვის თავდადებული ქალწულმოწამეა, ის ორსულთა, მშობიარეთა, ქალთა, ბავშვთა, უშვილოთა შემწე და ოჯახების მფარველია. შესთხოვენ ჯანმრთელობას, გონების გახსნას... წმინდა ეკატერინეს მართლამდიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევამდე დოროთეა ერქვა. სახელი ეკატერინე "ბრძენს" ნიშნავს. ულამაზესი და უჭკვიანესი იყო წმინდა ეკატერინე, რომელმაც მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად, გასაოცარი ტანჯვა-წამება აიტანა...

წმინდა ეკატერინე როდესაც ჩემთან სახლში იყო დაბრძანებული, პრობლემები მქონდა და საოცრად შემეწია. რომ არა მისი და უფლის შემწეობა, არც ვიცი, რა იქნებოდა... მამა გიორგის, ჩვენი ყველას დიდი სურვილია: რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს წმინდა ეკატერინეს შესახებ, გაეცნონ მის ისტორიას და შემწეობა სთხოვონ ამ დიდებულ წმინდანს.

ამჟამად წმინდა ეკატერინეს ხატი ჩემი კოლეგის, ჟურნალისტ ნათია უტიაშვილის ოჯახში უკვე 2 თვეა, რაც იმყოფება, თუ როგორ აღმოჩნდა უტიაშვილებთან ის და რატომ დაჰყო მათთან ამდენ ხანს, ამაზე თავად ნათია გვესაუბრება:

- ეკატერინე გოდერძიშვილს ტაძრიდან ვიცნობ, ერთი ეკლესიის მრევლი ვართ, მამა გიორგი თევდორაშვილის სულიერი შვილები. ერთ დღეს ეკატერინემ შემომთავაზა სახლში ქორწინების ხატი გადამებრძანებინა, მაგრამ რატომღაც ხელი შემეშალა, ვერ მოვახერხე. ერთი კვირის მერე კიდევ შემახსენა, ხომ არ გადააბრძანებო? - აუცილებლად-მეთქი, - ვუთხარი ისე, რომ არ დაგვიკონკრეტებია, ისევ იმ ხატზე იყო ლაპარაკი თუ სხვაზე (ეკატეტინე როგორც გითხარით, რამდენიმე ხატს დააბრძანებს ოჯახებში. - ავტ.).

ხატის გადმობრძანების წინ შევიტყვე, რომ წმინდა ეკატერინეს ხატი უნდა წამომებრძანებინა. გამიკვირდა, მაგრამ გამიხარდა კიდეც. თან, სიმართლე გითხრათ, ამ წმინდანის ცხოვრებას არ ვიცნობდი... ხატი რომ დავინახე, მაშინვე საოცარი ემოცია დამეუფლა. თითქოს ძალიან ახლობელს შევხვდი... სახლში მობრძანების შემდეგ, ყოველდღე დაუჯდომელს ვუკითხავდი, მეგობრები მოდიოდნენ, ლოცულობდნენ. ხატი ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა - ჩემი მესაიდუმლე, მეგობარი, შემწე...

ერთ დღეს, როდესაც კანდელში ზეთს ვცვლიდი, ხატზე წვეთი შევნიშნე, მეგონა, კანდელიდან ასხლეტილი შხეფი იყო. მეორე დღეს უფრო მოზრდილი წვეთი გამოჩნდა, რომელიც წვრილ ნაკადად მოედინებოდა და კანდელის ზეთს არ ჰგავდა... სიმართლე გითხრათ, ცოტა ავნერვიულდი. ასეთ დროს რთულია მიხვდე: ეს რატომ ხდება, როგორ უნდა მოიქცე... იმ დღეს არავისთვის არაფერი მითქვამს. ვიფიქრე, დავმშვიდდები, დავწყნარდები, ამ ყველაფერს გავიაზრებ-მეთქი.

ხატების კუთხეში, სხვა ხატების გვერდით, მამა გაბრიელის სასაჩუქრე წიგნი მიდევს, რომელშიც ყველასთვის საყვარელი წმინდანის ბევრი ხატია დაბეჭდილი, ხოლო წიგნის გარეკანზე მისი ერთ-ერთი ხატია გამოსახული. 7 იანვარს საღამოს ხატთან დაუჯდომელს ვკითხულობდი. ლოცვისას წიგნზე დადებულ ბეჭედზე მოულოდნელად ხელი მომიხვდა და ბეჭედი იატაკზე დავარდა, ისეთი წკარუნის ხმა ჰქონდა, გამიკვირდა.. ბეჭედი რომ ავიღე, უეცრად მამა გაბრიელის ხატს დავხედე და აღმოჩნდა, რომ წიგნის გარეკანი, წმინდანის შუბლი დაცვარული იყო. კიდევ მეტად ავღელდი და ეს ყველაფერი ეკატერინეს მოვუყევი. გავაგებინეთ მამა გიორგისაც. მამაომ რომ ნახა თქვა, - ეს სასწაულია! ლოცვა გააძლიერეთ და წმინდა ეკატერინეს მოსალოცად რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს, ილოცონო! მამა გიორგი მეუბნებოდა: ვინც მოვა, ყველას უთხარი, რომ სულიერი სიმტკიცე, სულიერი ნუგეში შესთხოვონ წმინდანს, რადგანაც ამის მერე ფიზიკურიც თავისთავად მოვაო..

როდესაც ხალხი ლოცვას იწყებდა, მირონდენა უფრო ცხოველმყოფელი ხდებოდა. შემდეგ წმინდა ეკატერინეს რამდენიმე ხატს, რომელიც მოსალოცად მოსული ხალხისთვის არის, ნაკურთხიც არ არის, ჩარჩო დაეცვარა, ზოგს მინაზე წვეთები გაუჩნდა. ჩემს ზოგიერთ ხატსაც გაუჩნდა წვეთები... ამიტომაც, მამა გიორგის გადაწყვეტილებით, წმინდა ეკატერინეს ხატი ადგილიდან არ დავძარით და უკვე 2 თვეა, ჩვენს ოჯახშია დაბრძანებული.

ამ ორი თვის განმავლობაში პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები მქონდა, ეს იყო ერთ-ერთი რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და ამ დროს წმინდა ეკატერინე დიდი ნუგეში აღმოჩნდა ჩემთვის, შემეწია, საოცარი სიმშვიდე მომგვარა. განსაცდელებიც ხომ იმიტომ ხდება, რომ უფრო მეტად მივენდოთ უფალს, ვილოცოთ და ნუგეში ვთხოვოთ. ღმერთი სიყვარულია და ის ადამიანებს წმინდანებს მეოხებად გვიგზავნის, რომ შეგვეწიონ, გვანუგეშონ, გაგვაძლიერონ და ღმერთთან კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანონ.

ლალი ფაცია (სპეცალურად საიტისთვის)