ხალვაში "რუსთავი 2" - ის წინააღმდეგ , სასამართლო პროცესი და აქცია იუდას ძახილით - კვირის პალიტრა

ხალვაში "რუსთავი 2" - ის წინააღმდეგ , სასამართლო პროცესი და აქცია იუდას ძახილით

უზენაეს სასამართლოსთან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი განცხადებით, თუ უზენაესი სასამართლო მიიღებს მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებას, ისინი ბოლომდე დაიცავენ არხის უფლებებს და პერმანენტული აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.

უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს და თავისუფალ სიტყვას შეინარჩუნებს:

„მე მას მინდა ვუთხრა, ყველა დროის იუდას, ქიბარ ხალვაშო შენ, საქართველოს თავისუფალ სიტყვას, მის ევროინტეგრაციულ გზას, ივანიშვილის მონავ, არავინ არ გაგაჩერებინებს არც ერთ შემთხვევაში...

ბიძინა ივანიშვილები, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეთ, მათსავით მოთხრილი ხეებივით მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება... შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი და ვერსად ვერ გადარგავ. თუ ამ 9 მოსამართლეს სურს შეასრულოს იმ ბარებისა და ნიჩბების როლი, რომლითაც ივანიშვილი მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან თხრის საქართველოს ძირფესვიანად, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი“, - განაცხადა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, უზენაეს სასამართლოში ქვეყნის მომავალი წყდება და 9 ადამიანი მსჯელობს, როგორ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და როგორ საქართველოში უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები.

"მე არ მინდა დავიჯერო არც ერთი წუთით, რომ ამ შენობაში 5 ისეთი მოსამართლე არ მოიძებნება, რომლისთვისაც საკუთარი შვილების და ამ ქვეყნის მომავალი უფრო ძვირფასია, ვიდრე დღეს თუნდაც გამორჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ ვიღაცამ შეიძლება უარი უთხრას ქვეყანას განვითარებაზე და უარი უთხრას ჩვენს შვილებს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. არ მინდა დავიჯერო, რომ სიბნელე გაიმარჯვებს სინათლეზე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ყველამ ერთად, თქვენათან ერთად, რომ დაგვეცვა "რუსთვი 2" და დაგვეცვა სიტყვის თავისუფლება. დღეს ვართ ბოლო ზღვარზე. დღეს ვდგავართ უფსკრულის წინაშე და ახლა სწორედ სასამართლოზეა დამოკიდებული გადავიჩეხებით ჩვენ, თუ განვაგრძობთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლისთვისაც ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მანვე მოსამართლეებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ გაბედულები იყვნენ: "ნურავინ გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება, რადგან თქვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ არის. ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ხალხს და არ ეკუთვნის ერთ ან ორ ოლიგარქს და მის დაქვემდებარებულ ხელისუფლებას, რომელსაც სურს, რომ ეს ქვეყანა გადააქციოს ჩრდილოეთ კორეად. არ იქნება ეს ქვეყანა კორეა, რადგან ეს თავისუფალი ხალხის ქვეყანაა".

გიორგი ბარამიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

”ის რაც ქართველი ხალხის მიერ მრავალწლოვანი ბრძოლის შედეგად არის მოპოვებული, ხელიდან გვეცლება. ისეთი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა, თუნდაც 10-15 წლის წინ. როდესაც, ოლიგარქი, ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი ფული აქვს, რომელმაც ამდენი პირობა მისცა ჩვენს საზოგადოებას, ისე გაკადნიერდა, რომ ქრთამს თავისი ჯიბიდან კი არ იხდის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დანაშაული იქნებოდა, არამედ ხალხის მიერ შეკრებილ თანხას ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის პირდაპირ მოსამართლეს. ასეთი გაუგონარი რამ წარმოუდგენელია ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც მეტ-ნაკლებად მაინც აქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე და მეტ-ნაკლებად აქვს პრეტენზია იყოს ცივილიზებული სახელმწიფო”

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"საქართველოს ცხოვრებაში ახალი ისტორიული ეტაპი იწყება, როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი დღე, გაიმარჯვებს "რუსთავი 2"? გაიმარჯვებს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა და "რუსთავი 2" იქნება ის, რომელიც გადაარჩენს საქართველოში თავისუფალ სიტყვას და გადაარჩენს იმ ტელევიზიებს, იმ მედია საშუალებებს, რომლებიც დღეს ფაქტობრივად ხელისუფლების წნეხის ქვეშ არიან. წაიღებენ "რუსთავი 2"-ს? - ხელისუფლება განაჩენს გამოუტანს საკუთარ თავს. ეს აჩვენა მრავალი ქვეყნის ისტორიამ, რომ ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს უზურპაცია ყოველთვის ხელისუფლების მარცხით მთავრდება. დღეს "რუსთავი 2" ფაქტობრივად იწყებს ხელისუფლების დამარცხებას ერთსა და მეორე შემთხვევაშიც".

ნინო გოგუაძე, თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი:

„2012 წელს ჩვენ, ვინც კოალიციას წარმოვადგენდით, მოვედით თავისუფლების, მედიაპლურალიზმის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიით. სწორედ ეს იყო ის მთავარი ამოსავალი წერტილი, რითაც შეიცვალა წინა ხელისუფლება. დღეს „ქართული ოცნება" აკეთებს იმას, რასაც ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობის დროს". ეს არის დაუშვებელი. როგორც ჩანს, ხელისუფლება ჩავარდა ხიბლში, რომელიც რეალურად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია სახელმწიფოს სწორი განვითარებისთვის. თუ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ევროპისკენ სწრაფვა, მაშინ მედია უნდა იყოს თავისუფალი, სასამართლო დამოუკიდებელი და ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაშიც ვართ ამ ფუნდამენტური იდეის გამტარებლები. საქართველოში არ უნდა განმეორდეს რაც მოხდა ტელეკომპანიებში: „იბერიაში", „იმედში" და „მაესტროზე". სამწუხაროდ, პროცესები ასე ვითარდება".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით