"სოსოს დავურეკე და ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა" - რატომ არ მოინახულეს სინოდის წევრებმა დაკავებული დეკანოზი საპატიმროში? - კვირის პალიტრა

"სოსოს დავურეკე და ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა" - რატომ არ მოინახულეს სინოდის წევრებმა დაკავებული დეკანოზი საპატიმროში?

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დღეს მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ჟურნალისტები დიმიტრი შიოლაშვილისგან დაინტერესდნენ, რატომ არ მოინახულეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრალდებული დეკანოზი. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის განმარტებით, მონახულებისგან თავის შეკავების თხოვნა პროკურატურიდან იყო, თუმცა, მიტროპოლიტი ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვა.

”ჩვენ პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თუ ვთქვათ ზიარება ან საღვთისმსახურო მოთხოვნა არ არის, თავი შეგვეკავებინა, რადგან რაღაც გარკვეულ გაუგებრობას ქმნისო. თუმცა, რასთან არის ეს დაკავშირებული, მე არ ვიცი”, - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოჯახის წევრებით თხოვნით გუშინ გაიმართა. მიტროპოლიტის თქმით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათზე ამ დროის მდგომარეობით არანაირი მუქარა ან ზეწოლა არ ხორციელდება.

”მე გუშინ მამა გიორგის ოჯახის წევრებს შევხვდი მათივე მოთხოვნით. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ თავს დატეხილ პრობლემაზე და მათ დავუსვი კითხვა, რადგან ორაზროვანი განცხადება ჰქონდა მამალაძის ადვოკატს და მე ვუთხარი, რომ თუ არის საშიშროება, სატელეფონო ზარი მუქარის ან შეტყობინება. ამის მსგავსი არაფერი არისო, მათ მითხრეს”, - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

მანვე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიერ პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ წერილის საქმის კურსში იყო, თუმცა მასში უფრო „იურიდიულ მოუწესრიგებლობას“ ხედავდა.

„რაც შეეხება წერილს, მე ვიყავი საქმის კურსში. სინოდის ბოლო სხდომის წინ, მამა გიორგიმ, როგორც საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, მითხრა, რომ გაამზადეს საპატრიარქოსთვის თავის დროზე, წლების მანძილზე გადაცემული ტერიტორიების და სხვა ქონების შესახებ ერთგვარი მოხსენება. მე იურიდიული მოუწესრიგებლობა უფრო დავინახე. შინაარსი დაახლოებით მითხრა, მაგრამ როგორც ასეთი, წერილი არ წამიკითხავს“, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ და დასძინა, რომ მამა გიორგის არ ექნებოდა პატრიარქისთვის წერილის გადაცემის პრობლემა, ვინაიდან მასთან სხვებზე მეტად შეეძლო შესვლა და სიახლოვე.

გარდა ამისა, მედიასთან შეხვედრაზე მეუფე დიმიტრი მამა მიქაელ ბოტკოველთან დაკავშირებით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას არაკორექტული უწოდა.

მამა მიქაელთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სოსო ოხანაშვილი იყო არაკორექტული. მე სოსოს დავურეკე და ვუთხარი, რომ ის არასწორად მოიქცა, როდესაც მან მოძღვარი სიცრუეში დაადანაშაულა. მამა მიქაელმა თქვა ძალიან მარტივად, რომ სოსო ოხანაშვილი ის დღეები საპატრიარქოში არ დაუნახავს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ სოსო ოხანაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო, როგორც იქნა მის მიერ აღქმული“, - განმარტა მეუფე დიმიტრიმ.

"ინტერპრესნიუსი"