"დიდი მადლობა ყველას" - როგორ ეხმაურება ქიბარ ხალვაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას - კვირის პალიტრა

"დიდი მადლობა ყველას" - როგორ ეხმაურება ქიბარ ხალვაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში. მან განცხადება საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გაავრცელა.

"დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შევეცდები სხვებიც გავახარო, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რამეს ცუდად გავაკეთებთ. მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ!", - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას თქმით, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ ისინი გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში მიიტანენ.

როგორც სალიამ ”რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩაბარდებათ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

“როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, მივიტანთ საჯარო რეესტრში, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში”, - აღნიშნა პაატა სალიამ. მისივე თქმით, მას ამ დრომდე არ ჰქონია საუბარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან.

“უზენაესი სასამართლო, მოგეხსენებათ, მსჯელობს მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე. მოსამართლეებმა რამდენ საათში, როგორ მიიღეს, ნამდვილად ჩემთვის უცნობია. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რა და როგორ იმსჯელა სასამართლომ, ეს ალბათ გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დასაბუთებული იქნება. ჯერ არ მისაუბრია და როდესაც დაველაპარაკები, ვკითხავ მისი გეგმების შესახებ”, - განაცხადა პაატა სალიამ.