"დვალსა და აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით" - რა გეგმები აქვს ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"დვალსა და აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით" - რა გეგმები აქვს ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება გამოაცხადა.

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სამომავლო ცვლილებებზე ქიბარ ხალვაშმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.

ხალვაშის განცხადებით, ის მზად არის ითანამშრომლოს ყველა პირთან, ვისაც ”არ მიუძღვის დანაშაული კომპანიისა და ქვეყნის წინაშე”.

”რაც შეეხება აღსრულებას, მე გავივლი კონსულტაციას ჩემს ადვოკატებთან და რაც კანონის ფარგლებში ჯდება და რაც ჩვენი კომპანიის საქმიანობას არ დააზიანებს, იმის მიხედვით გავაკეთებ სტრატეგიას და შევეცდებით, რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს.

ცვლილებები კომპანიაში არ არის მარტივი პროცესი. გუნდი იქ არსებობს, მაგ გუნდთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დამოკიდებულია იმაზე, ვისთვის ვიქნებით მისაღები და ვინ დარჩება. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ დიდი ცვლილებები მოსალოდნელი იქნება. შესაბამისად, სიტუაციის ანალიზის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ვიფიქროთ და მაქსიმალურად მინიმალურ დროში მივიღოთ მისაღები გადაწყვეტილება კომპანიისთვის. თუ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, „რუსთავი 2“-დან არავის გაშვებას არ ვაპირებთ.

კომპანია კომერციული ორგანიზაციაა და თუ რაღაც არ აქვს გაკეთებული, რომელიც საზარალოა ქვეყნისთვის ან კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა თუ საწინააღმდეგოდ, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. აუცილებელია აუდიტის სამსახურის ჩარევაც, რადგან ახალი მენეჯმენტი სხვის დანაშაულს ვერ მიიღებს”, -განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

რაც შეეხება ტელეკომპანიის წილების გადანაწილების საკითხს, მისი თქმით: ”დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მე მათ გარეშე არ ვაპირებ განცხადების გაკეთებას.

მე ისე არ მოვიქცევი, რომ ტელევიზია სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და სხვამ გააკონტროლოს. აქედან გამომდინარე, შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია და ის იყოს ხალხის სამსახურში”.

ხალვაშის განცხადებით, ნიკა გვარამია ვალდებულია კანონის აღსრულებას დაეხმაროს.

”გენერალური დირექტორი ვალდებულია კანონის აღსრულებას მიეხმაროს, ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ეს და უკანონოდ დაყადაღებული ქონება გადავაბარეთ სახელმწიფოს. თუ არ გააკეთებს ამას, ალბათ რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების აქცია. იმ ხალხის, რომლებიც გვებრძოდნენ და ებრძოდნენ სამართლიანობას პირადი გამდიდრების მიზნით და ეს არის ძალიან პატარა რაოდენობა. მე ვფირქობ, ეს პროტესტი უმნიშვნელოა.

დააკვირდით, ვინ იღებს იქ მონაწილეობას, რომელიც "ნაცების" ხელმძღვანელობისგან იმართება. როდესაც ჩვენს წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩვენ იმას ვემორჩილებოდით, ხოლო ისინი სამართლიან გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის მოიაზრებს ის არხის ახალ გენერალურ დირექტორად და ხომ არ განიხილება ნიკა გვარამიას დარჩენის საკითხიც, ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამაის მასთან მუშაობა არ სურს და ის თავად დატოვებს პოსტს. ”ჰკითხეთ გენერალურ დირექტორს, თუ უნდა თანამშრომლობა და თუ უნდა რომ გამოსწორდეს და პროტესტებს არ მოაწყობს კანონის წინააღმდეგ. მე არ ვფიქრობ, რომ გვარამია თვითონ დარჩეს”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით