"დედა სულ მეუბნებოდა: არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?!" - კვირის პალიტრა

"დედა სულ მეუბნებოდა: არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?!"

"შემომთავაზა, მოდი, ერთი სიმღერა ერთად ჩავწეროთო. გამიხარდა, მაგრამ ხომ იცით, - დღეს, ხვალ, ზეგ და, ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ვერ შევუსრულე ეს სურვილი... ამის გამო უზომოდ ვწუხვარ"

ჟურნალ "გზასთან" მომღერალი ბუბა კიკაბიძე ბავშვობას და დედას იხსენებს:

- მეგონა, სანამ მე ვიქნები, დედაც სულ მეყოლებოდა... ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება. ჩვენი თაობის დედებმა ძალიან ბევრი გაჭირვება გადაიტანეს. დედა ძალიან კარგი მომღერალი იყო. მღეროდა ბიძაჩემის, ჯანო ბაგრატიონის ჯაზ-ორკესტრში, მერე საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, მას შემდეგ კი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიონის ტაძარში გალობდა. მორწმუნე ქალი იყო. ერთხელ, დაახლოებით 9-10 წლის რომ ვიყავი, ვკითხე, - დედა, სულ ღმერთს რომ ახსენებ, იცნობ-მეთქი? - როგორ არა, ყოველდღე ვხედავო, - მიპასუხა... როგორია-მეთქი? - შენ ხარ... ყველა ადამიანში არის ღმერთი. როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, - მომიგო. სწორია!

... დედა სულ მეუბნებოდა: არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?!.

ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისში, ვიდრე საზოგადოება გამიცნობდა. ერთხელ, მეგობარი შეხვედრია. მოუკითხავთ ერთმანეთი. მას უთქვამს: ჩემი შვილებიდან ერთი ფიზიკოსია, მოსკოვში მუშაობს, მეორე - იქ მიიწვიეს, მესამეც - იქო. მერე მე მოვუკითხივარ, - ბუბა რას საქმიანობსო? დედას ღაწვები წამოსწითლებია, თავი დაუხრია და დარცხვენილს უპასუხია: ბარაბანზე უკრავსო.

დრო რომ გავიდა, უკვე ბევრმა გამიცნო, დაიწყო გაუთავებელი კონცერტები და გასტროლები, მითხრა: შვილო, რადგან შენ კონცერტებზე ბილეთებს ყიდულობენ და ამდენი ხალხი ტაშს გიკრავს, ეტყობა, მე რაღაც ამ მესმისო. თავად არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. შემომთავაზა, მოდი, ერთი სიმღერა ერთად ჩავწეროთო. გამიხარდა, მაგრამ ხომ იცით, - დღეს, ხვალ, ზეგ და, ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ვერ შევუსრულე ეს სურვილი... ამის გამო უზომოდ ვწუხვარ.

...

გარეგნულად მამას ვგავარ, დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო.

ოფიციალური ვერსიით, მამა ქერჩთან დაიღუპა. დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან...

მომიყოლია თქვენთვის, როგორ იქორწინეს ჩემმა მშობლებმა? დადიანებთან ყოფილად სტუმრად. სუფრასთან ერთმანეთის მოპირდაპირედ მსხდარან. გაზაფხულის პერიოდია და თურმე, ახალი შემოსულია მწვანილი, კიტრი, წიწაკა... მამაჩემს უკითხვას, - ქალბატონო მანანა, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მივიქციოო? დედას უპასუხია: 5 წიწაკა უნდა შეჭამოთო. ამას მართლა დაუვლია ხელი და უჭამია. ისეთი ცხარე ყოფილა, ცუდად გამხდარა, სასწრაფო გამოუძახიათ. იწვის თურმე კაცი სიცხისგან... ექიმების მოსვლამდე, დედას უზრუნია მასზე - თავის ხელსახოცს ასველებდა და შუბლზე აფენდა. ეს ამბავი პაპაჩემისთვის მოუხსენიებიათ. მასაც უკითხავს: შვილო, ვინ იყო დადიანებში ის ყმაწვილი, შენ რომ გეპრანჭებოდაო? დედას არ დაუმალავს, - ერთი ჟურნალისტი, კოტე კიკაბიძეო. - თუ მიეკარე, ხელით შეეხეო? - დაინტერესებულა პაპა. - კი, ცუდად იყო და მე სველ-სველ საფენებს ვუცვლიდიო. - რახან ხელი მოჰკიდე, მაშინ ცოლადაც უნდა გაჰყვეო, - დაუსკვნია ოჯახის უფროსს. ამ ამბავს, ალბათ აფორმებდა და იუმორითაც აზავებდა თავისებურად, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა დედა.

(წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" ვებ-გვერდზე)

ეკა სალაღაია