"სააკაშვილმა უნდა პოეტად მომიხსენიოს, უნდა მოცეკვავედ ან მასაჟისტად, მასზე აზრს არ შევიცვლი" - ბუღაძის პასუხი ექსპრეზიდენტს - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა უნდა პოეტად მომიხსენიოს, უნდა მოცეკვავედ ან მასაჟისტად, მასზე აზრს არ შევიცვლი" - ბუღაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

"ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ყრილობაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა მწერალმა ლაშა ბუღაძემ დაიმსახურა, რომელიც ექსპრეზიდენტმა არც თუ ტკბილად მოიხსენია.

"უნდა ვთქვა ახლა, გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მაგის ნაწერი მე მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა, პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ მახსოვს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდზე უგანებს ჩვენს ქვეყანას. მე ვამბობ, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც საუბარია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო, შენ როცა არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, არაწორი და უზნეო საქციელი. არც გამიკვირდა, თამარ მეფის გმობით დაიწყო კარიერა და ჩემსას რომ გმობდეს რა გასაკვირია? უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, რომელსაც შენატრის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპა. ყველა რეიტინგით საქართველო საერთოდ სხვა ლიგაში თამაშობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. (იხილეთ: "გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია" - რას ერჩის სააკაშვილი ბუღაძეს?)

კომენტარისთვის ლაშა ბუღაძეს დავუკავშირდით:

"სააკაშვილს პოეტი ვგონივარ, სინამდვილეში ერთი ლექსიც კი არ მაქვს დაწერილი, ბავშვობაშიც კი. მე ვარ პროზაიკოსი, პოეზიასთან შეხება არ მაქვს გარდა იმისა, რომ პოეზიის მკითხველი ვარ. თუ ექსპრეზიდენტი ასევე ადეკვატურად აფასებს რეალობას, როგორც ჩემს პროფესიას, ანუ იმ რეალობას, რაც საქართველოშია, მაშინ მართლა კიდევ კარგად ყოფილა ჩვენი და მისი საქმეც. არ ვიცი, შეიძლება ვინმე სხვა პოეტი ლაშა ბუღაძე არის, ანუ მის მახლობლად ორეული დადის და ნერვებს უშლის.

როგორც ჩანს, ის ჩემმა განცხადებამ გააღიზიანა, როდესაც "რუსთავი 2"-ში (სადაც ვმუშაობ) მივედი და ვთქვი, ამ ტელევიზიას ვიცავ და დავიცავ როგორც ივანიშვილისგან, ისე სააკაშვილისგან-მეთქი.

მე ვიცავ არა პარტიულ ტელევიზიას, არამედ თავისუფალ, კრიტიკულ "რუსთავი 2"-ს, რომელიც ძალიან მომწონს დღეს ისეთი, როგორიც არის. ყოველთვის იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, როგორი მიუღებელიც არ უნდა ვიყო რომელიმე პარტიული კონუქტურული აზროვნებისათვის. ჩემს ცხოვრებაში პირველად არ ხდება, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირებული, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული პოლიტიკური პარტიები რაღაცნაირად ერთმანეთს ემსგავსებიან, როდესაც მე ან რომელიმე ჩემნაირს გვლანძღავენ და გვაგინებენ.

ვფიქრობ, საქართველოსთვის მიმდინარე პრობლემას წარმოადგენს ივანიშვილი და ივანიშვილის ხელისუფლება. ეს აღვნიშნე კიდეც, მაგრამ ეს მათ არ ესმით, ვინაიდან ისიც ვთქვი, რომ სააკაშვილი და მისი პარტია პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში, სააკაშვილი კი თვითონ არ არის საქართველოში - მეთქი.

საქართველოსთვის პრობლემას წარმოადგენს ივანიშვილის ხელისუფლების საკმაოდ დიდი შეცდომები, რომელიც მარტო ამ მთავრობისთვის კი არ იქნება პრობლემა, იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვისაც.

"ვარდების რევოლუციის" დროს კარგად მეხვეწებოდნენ მივსულიყავი და მათ გვერდში დავმდგარიყავით მე და ჩემი მეგობრები, ეს ყველაფერი კარგად მახსოვს და ისიც მახსოვს, როგორც კი კრიტიკა დავუწყე და უკაცრავად ამ ჟარგონისათვის, "შეტენვა" არ დავიწყე, იმწამსვე მტრად მოგვეკიდნენ. ხომ იცით როგორ არის საქართველოში, დაწყებული სტალინის დროიდან, თუ ბოლომდე არ ემლიქვნელე ხელისუფალს და თუკი ოდნავ გააკრიტიკე, ის იმ წუთშივე მტრად გთვლის. ეს თვისებები დღესაც აქტუალურია, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკოსების ბუნების შემადგენელი ნაწილია.

სააკაშვილმა უნდა პოეტად მომიხსენიოს, უნდა მოცეკვავედ ან მასაჟისტად, მასზე აზრს არ შევიცვლი.

ვფიქრობ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, საქართველოში იყო მოდერნიზაცია, ბევრი რამ გაკეთდა ისეთი, რაც მანამდე არ გაკეთებულა, მას როგორც რეფორმატორს, მის მიერ გაკეთებულ საქმეებს ვუფასებ, მაგრამ მხოლოდ რეფორმა და სტრუქტურა არ არის მმართველობა. მმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილია მორალური ელემენტიც. სწორედ ამ მორალური ელემენტის გამო არ მომწონდა ბევრ რაღაცაში სააკაშვილი და არ მომწონს ივანიშვილის რეჟიმიც. რაღაც ფსევდომორალისტური პოზიციით ივანიშვილი სინამდვილეში უამრავ ამორალურურობას სჩადის, უპირველეს ყოვლისა საქართველოს წინააღმდეგ, რის მაგალითიც გუშინდელი სტრასბურგის მოსამართლის გადაწყვეტილებაცაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმისა, რომ საქართველო გამოაცალონ რუსულ ნარატივს".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)