"რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს!" - თამაზ ჭილაძე 86 წლის გახდა - კვირის პალიტრა

"რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს!" - თამაზ ჭილაძე 86 წლის გახდა

"სიბერეს, რომელსაც წლების წინ "წაგებული თამაშის გარჩევა" ვუწოდე, ანუ მე ვისაც "ვეთამაშებოდი" და ახლაც, ჯერჯერობით, "ვეთამაშები", დაუმარცხებელი მეტოქე გახლავთ!"

კლასიკოსი მწერალი - პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და პუბლიცისტი, "კვირის პალიტრის" უსაყვარლესი რესპონდენტი, ხოლო თავად - ჩვენი უდიდესი გულშემატკივარი და მკითხველი თამაზ ჭილაძე 5 მარტს 86 წლის გახდა. ტრადიცია არც წელს დავარღვიეთ და მართალია, ბატონ თამაზს შინ ვერ ვეწვიეთ (მის შეწუხებას მოვერიდეთ), მაგრამ დაბადების დღე, მთელი რედაქციის სახელით, ტელეფონით მაინც მივულოცეთ. აშკარად გაიხარა და შორიდან მოგვესიყვარულა. ჩავეკითხე, როგორ გუნებაზე ბრძანდებით, იმედია, საგაზაფხულო გამოდარებამ გაგახალისად-მეთქი? - ისე მაინც ვერ ვარ, თქვენ რომ გაგეხარდებათო, - ჯანმრთელობის პრობლემების გამო წუხდა.

მერე ჩვენი საუბრები გავიხსენეთ, შარშანდელი ანაკლიის იუბილე და იქიდან საჭილაოში, ტვირში მოგზაურობა, - ჩემი ალერგია რომ არა, ძალიან ტკბილად მაგონდება ისე დღეებიო...

მე კი მისი მოგონებები არ მავიწყდება, ჩვენს კითხვებს რომ მოაყოლებდა ხოლმე ანაკლიის ზღვის პირას, გზადაგზა - საუზმიდან ვახშმამდე, ნარდის თამაშისას თუ ზღვის ჰაერის ჩასასუნთქად რომ დავსეირნობდით პალმებში...

- გიყვართ "გახსენება"... თუნდაც გაცდენილი დღეების, წლების, სიყვარულის? "მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!.." ბატონო თამაზ, მართლა დიდი "ფერფლი აქვს ფიქრს"? ან, სულაც, რა არის ის "ფერფლი"?

- ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს. რაც შეეხება სიყვარულს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი ბედნიერებაა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის, მერე (არა აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მერამდენე!) შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება, სხვა სიტყვით - შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით. ასე რომ, ამ გრძნობას, ანუ სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს, ოღონდ ეს, თუ შეიძლება ითქვას - ცოცხალი ფერფლია, საერთოდ, მოგონებები ცოცხალი ფერფლია, მეტი არაფერი...

- ბატონო თამაზ, თქვენი და - ქალბატონი თინა, ფაქტობრივად, ერთი წუთითაც არ გცილდებათ, მუდამ თქვენზე ზრუნავს, თქვენი ძმის - უდიდესი მწერლის, ოთარ ჭილაძის შვილები - ბატონი ზაზა და ქალბატონი თაკო ყურადღებას არ გაკლებენ... და მაინც... წარმოგიდგენიათ სიმარტოვე?

- ადამიანს სხვისი სიმარტოვის წარმოდგენაც კი ზარავს, არადა, შეიძლება არც იცოდეს, რომ თვითონაც მარტოა. სიმარტოვეს უამრავი სახე აქვს, ამავე დროს, როგორიცა ხარ, ისეთივეა შენი სიმარტოვეც, რომელსაც, თუკი რამე არ შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, ნუგეშისცემა!

სწორედ ცოცხალ ფერფლში ყელამდე ჩაფლული, საკუთარი თავის ამარა ხარ დარჩენილი... წარმოდგენით, როგორ არ წარმომიდგენია და თუნდაც, ამიტომაც, არავის ვუსურვებ სიმარტოვეს!

- ეს შეგრძნება, ალბათ, ასაკი მატებასთან ერთად განსაკუთრებულად მძაფრდება... ერთხელ თქვით: ალბათ, არაჩვეულებრივად საინტერესო და მიმზიდველი იქნებოდა სიბერე, მის მერე ისევ სიჭაბუკე რომ იწყებოდესო და იქვე სიბერეს "წაგებული თამაშის გარჩევა" უწოდეთ. რას ფიქრობთ დღეს, 86 წლის თავზე - მართლა წააგეთ თამაში თუ პირიქით - გაიმარჯვეთ?

- ახლაც იმავეს გავიმეორებდი, ოღონდ - უფრო დიდი სინანულით, გულდაწყვეტილიც კი. მართლაც, აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს! სიბერეს, რომელსაც წლების წინ "წაგებული თამაშის გარჩევა" ვუწოდე, ანუ მე ვისაც "ვეთამაშებოდი" და ახლაც, ჯერჯერობით, "ვეთამაშები", დაუმარცხებელი მეტოქე გახლავთ!

იყო დრო, როცა ზოგიერთი ჭრილობა პიროვნების ღირსებაზე მეტყველებდა. ასეთივეა ამ შემთხვევაში "წაგების" ცნებაც სიცოცხლესთან გამართულ ტურნირში. მთავარია, ეცადო, როგორმე ღირსეულად "ითამაშო"!

- თქვენი ძალიან ბევრი წიგნი გამოიცა, თანაც - მსოფლიოს, ასევე, ძალიან ბევრ ენაზე... თქვენმა წიგნებმა "შეგინახათ" დრო?

- შემოქმედება ერთგვარად ფარული, თუმცა ყოველთვის გამოაშკარავებული ცდაა დროისთვის თუნდაც ერთი წამის წართმევისა, მხატვრულ ქმნილებებში მისი სამუდამო "ჩატყვევებისა". მაგრამ ბევრი რამ არ არის ამქვეყნად ისე ამაო, როგორც მსგავსი მცდელობა.

წიგნები დროს კი არა, დროის ანარეკლს გვინახავენ, ანუ საკუთარ რეაქციას დროზე...

- ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, თქვენს მეგობარს რომ მიწოდებთ ხოლმე. ჩვენ დაბადეების დღეებითაც ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ზოგადად, ამ თვეში დაბადებულ ადამიანებზე დაკვირვვებით დავასკვენი, რომ მარტში დაბადებულებს მისი ამინდივით ცვალებადი ბუნება აქვთ, ინტუიციით გამოირჩევიან, გაბუტვაც სჩვევიათ და გულისხმიერებიც არიან, ხშირად - მეოცნებენიც, ხანდახან კი დინების საწინააღმდეგოდ სვლასაც არ ერიდებიან... როგორია "თქვენი მარტის" ბუნება?

- ანუ, თქვენი სიტყვით, მარტში დაბადებულ ადამიანს ყველა ის თვისება ჰქონია თანდაყოლილი, რაც, საერთოდ, ახასიათებს ადამიანს. არ ვიცი, სხვა დროს დაბადებულ ადამიანებს რა თვისებები დავუტოვეთ, მაგრამ, სხვა რა დამრჩენია, მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს,

მაინცდამაინც მარტში რომ გამაჩინა...

იხილეთ ასევე: "ჩვენში გამარჯვებულები დუმან, დამარცხებულები კი ლაპარაკობენ"

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)