"საზოგადოებამ დაინახა რას ნიშნავს ევროპა" - პარლამენტის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"საზოგადოებამ დაინახა რას ნიშნავს ევროპა" - პარლამენტის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, "რუსთავი 2"-ის მუსიკალური გადაცემების მონაწილეები და ტელეკომპანიის მხარდამჭერები.

პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან მხარდამჭერებს "რუსთავი 2"-ის ცნობილი სახეები მიმართავენ. ტელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკური პარტია" და სხვები.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ევროპის სასამართლო არის ინსტანცია, რომელსაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფულით ვერ იყიდის.

"ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა რას ნიშნავს ევროპა. ანუ ჩვენ გვყავს უვარგისი ხელისუფლება, რომელიც ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას, აბსოლუტურად დაიქვემდებარებს და სახეს დააკარგვინებს სასამართლოებს, სადაც ადამიანი სამართალს ვერ პოულობს. ევროპის სასამართლომ დაგვანახა, რომ არსებობს ინსტანცია, რომელსაც ივანიშვილი ვერ იყიდის ფულით, რომელიც არ ექვემდებარება შანტაჟს და ნაჯახით დევნას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, სასიხარულოა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ, მაგრამ საზეიმოდ ჯერ არ არის საქმე - სასამართლო მოსაგებია.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში სამართლის და დემოკრატიის კოლაფსი შექმნა.

"თითოეული ადამიანი აცნობიერებს, რომ "რუსთავი 2" არის აისბერგის პიკი, სინამდვილეში კი საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანაში იქნება თუ არა თავისუფალი პრესა, ქვეყანა განვითარდება თუ არა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ზაალ უდუმაშვილი, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე:

„თუ დღეს ვინმეს კიდევ კითხვა უჩნდება, რატომ ევროპა, აი, ამიტომ ევროპა, რადგან ადამიანის უფლებები ყველაზე მაღლა დგას, ამიტომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას. საქართველოს ხელისუფლება იმდენი ხანი არწმუნებდა მოსახლეობას, რომ „რუსთავი 2"-ის საქმე ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლომ არ განმარტა, ვინ არის ეს ორი კერძო სუბიექტი - ეს არის საქართველოს მოსახლეობა, რომლის სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის და მეორე - საქართველოს ხელისუფლება".

"რუსთავი 2"-ის აქციას "ფეიბუკზე" ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

"ძალიან მიხარია, რომ დღესაც რუსთავი 2-ისა და საქართველოს მხარდასაჭერად ბევრი ხალხი მოვიდა რუსთაველზე. სტრასბურგი იყო დიდი გამარჯვება და ქვეყნის მთავარი გამარჯვება კიდევ წინაა"

"ინტერპრესნიუსი"