"უწმინდესი ამბობდა, ხომ არ სჯობს მამა გიორგი გამოვიდეს თავდებით, გამოძიება კი გაგრძელდესო" - კვირის პალიტრა

"უწმინდესი ამბობდა, ხომ არ სჯობს მამა გიორგი გამოვიდეს თავდებით, გამოძიება კი გაგრძელდესო"

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქის ირგვლივ დღეს არსებული გარემოცვის პირობებში ილია მეორე დამოუკიდებელი არ არის.

როგორც ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჩართვისას მეუფემ აღნიშნა, მას აქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება უწმინდესის პოზიციების ცვლილება, მას შემდეგ რაც გარემოცვის მხრიდან მიეწოდება დეზინფორმაცია.

”მაშინ როდესაც ოპერაციაზე შესვლის წინ, პატრიარქს, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ეუბნებიან, რომ შენი გარემოცვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, შენი უსაყვარლესი სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოდიოდა, რომელიც აეროპორტში დააკავეს, ის თითქოს თქვენს მოწამლვას აპირებდა და ამაში ჩართულია თქვენი კიდევ ერთი უახლოესი ადამიანი, რომელიც დაბარებულია პროკურატურაში, ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი. თუნდაც გავიხსენებ ადვოკატებთან შეხვედრას, უწმინდესი ამბობდა, ხომ არ სჯობს მამა გიორგი გამოვიდეს თავდებით, გამოძიება კი გაგრძელდესო. თუმცა მერე პატრიარქი დაარწმუნეს, რომ მამა გიორგის თავდებით გამოსვლა სასურველი არ იყო, რათა არ მომხდარიყო დეკანოზის ლიკვიდაცია. პატრიარქის დეზინფორმირებულობის სათავეში დგას ქალბატონი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი. შორენა შემთხვევით არ მოხვედრილა საპატრიარქოში, მის უკან გარკვეული ძალები დგას ”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისი ინფორმაციითვე, 9 მარტს გამართული სინოდის სხდომაზე, მისი ეპარქიიდან გარიდების ინიციატივა წამოიჭრა.

იყო მცდელობა მე გავერიდებინე ეპარქიდან. უწმინდესმა წამოაყენა ეს საკითხი და პატრიარქის აზრი იყო, რომ იქნებ ცვლილება მომხდარიყო ეპარქიის, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ვიდრე ეს საკითხი დადგებოდა, მე ფაქტებითა და არგუმენტებით ვისაუბრე იმაზე, რომ თვითონ ჭყონდიდის ეპარქიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მზაკვრული მეთოდებით ცდილობენ, რაღაც პრობლემები წამოჭრან ჩემს წინააღმდეგ. ანგარების ფაქტიც მოვიყვანე, რომ ადამიანები, მის გარემოცვაში, ანგარებით არიან დაინტერესებულნი, რომ ჩემი ეპარქიიდან გაყვანა მოხდეს და კვალი საქართველოს გარეთ, ერთმორწმუნე ქვეყანაში მიდის. როდესაც მღვდელმთავრებმა დაინახეს ჩემი კატეგორიული პოზიცია ეპარქიიდან გარიდების ინიციატივაზე, გამოთქვეს აზრი, რომ ამ ეტაპზე ეს არასწორი იქნებოდა და არ განხორციელებულიყო ეპარქიის ცვლილება”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

"ინტერპრესნიუსი"