ხმაური და დაკავებები ბათუმში - აქციის მონაწილეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ - კვირის პალიტრა

ხმაური და დაკავებები ბათუმში - აქციის მონაწილეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ

უკვე რამდენიმე საათია ბათუმში მოსახლეობის საპროტესტი აქცია მიმდინარეობს. ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა, სულ 5 პირი დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ.

"რამდენიმე დღეა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი გრძელდება. საპატრულო პოლიცია მოქალაქეებზე ძალადობს, ცდილობენ დააკავონ ადამიანები და დააჯარიმონ. დღეს ადამიანმა შვილი დაკრძალა და უკან რომ ბრუნდებოდა, მანქანა აფთიაქთან გააჩერა, რადგან მეუღლე გაუხდა ცუდად და მას 200- ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის მხრიდან მოხდა პროვოცირება და ეს ადამიანი დააკავეს. მოსახლეობის პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსის მალხაზ ბათიაშვილის და პოლიცის თანამშრომლის ლევან ქებაძის მიმართ. მოსახლეობა ითხოვს ამ ადამიანებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება და დაიწყოს მათ მიმართ გამოძიება" , - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია. მოსახლეობა პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებს და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეების ნაწილი პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მიემართება. აქციის მონაწილეების ნაწილი კი, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით