"საჩუქრად გამიკეთეს" - ეკიდა თუ არა მეუფე პეტრეს სააკაშვილის პორტრეტი მარტვილის რეზიდენციაში? - კვირის პალიტრა

"საჩუქრად გამიკეთეს" - ეკიდა თუ არა მეუფე პეტრეს სააკაშვილის პორტრეტი მარტვილის რეზიდენციაში?

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მარტვილის რეზიდენციაში მას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი ეკიდა. ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქის პორტრეტთან ერთან იმჟამინდელი პრეზიდენტის პორტრეტი მას უწმინდესის კურთხევით ჰქონდა დაკიდებული.

მეუფე პეტრემ ასევე გაიხსენა, რომ ყოფილი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტები პატრიარქის მშობლიურ სოფელში, სნოში, კულტურის სახლშიც ეკიდა.

”უწმინდესის მშობლიურ სოფლეში სნოში დავიწყე ჩემი სამღვდელო მსახურება, სადაც ყოფილი კოლმეურნეობის შენობა გადაკეთდა შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრად. გახსნის დროს, მარჯვენა მხარეს ჩამოვკიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პორტრეტი. როდესაც უწმინდესი ჩამოვიდა, პირველი შენიშვნა რაც მოგვცა იყო ის, რომ მისი პორტრეტის მოპირდაპირედ უნდა ეკიდოს უწმინდესის ნათლულის, ედუარდ შევარდნაძის, მაშინდელი პრეზიდენტის პორტრეტი. დარეკა იმწამსვე, ჩამოტანინა, ჩარჩოში ჩაასმევინა და 2000 წლის სექტემბრის შემდეგ, სოფელ სნოში, კულტურის ცენტრში, ფოიეში ეკიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და პრეზიდენტის პორტრეტები. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უწმინდესისგან ავიღე კურთხევა, დავახატინე ახალი პრეზიდენტის პორტრეტი და ჩამოვკიდე კულტურის ცენტრში, ასევე პატრიარქის კურთხევით. 2007 წელს, როდესაც გადმოვედი მარტვილში, დედებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ეს რაღაც კულტურა იყო, თავისი დანაზოგით შეაგროვეს თანხა, საჩუქრად გამიკეთეს პატრიარქისა და პრეზიდენტის პორტრეტები. მას შემდეგ მარტვილის რეზიდენციაში ეკიდა უწმინდესისა და პრეზიდენტის პორტრეტები, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ სნოში, 2012 წლამდე”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა აღნიშნა, ამჟამინდელი პრეზიდენტის პორტრეტი არ აქვს, ვინაიდან ამ საკითხმა აჟოტაჟი და ცილისწამებები გამოიწვია.

”წამოვიდა ცილისწამებები, რომ თითქოს საკურთხეველში მეკიდა ყოფილი პრეზიდენტის პორტრეტი და ვლოცულობდი, რაც ძალიან სამარცხვინოა”, - აღნიშნაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

იხილეთ ასევე: "უწმინდესი ამბობდა, ხომ არ სჯობს მამა გიორგი გამოვიდეს თავდებით, გამოძიება კი გაგრძელდესო"

"ინტერპრესნიუსი"