დაშავებული აქციის მონაწილეები და პოლიციელები - ბათუმში სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა - კვირის პალიტრა

დაშავებული აქციის მონაწილეები და პოლიციელები - ბათუმში სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

ბათუმში მოსახლეობის საპროტესტო აქცია 11 მარტს, დაახლოებით 18 საათზე დაიწყო, ვითარება კი 22:00 საათისთვის დაიძაბა. ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბოლო ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, სულ 6 პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირიდან პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გადაინაცვლა და ვითარებაც მას შემდეგ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი აჭარის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რომელმაც აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს,

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წევრებს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

აქციაზე მომხდარ შეტაკებისას სამი პოლიციელი და აქციის სამი მონაწილე დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსმა მინდია კახიძემ განუცხადა, პოლიციელებს თვალისა და თავის არეში აქვთ დაზიანებები, მოქალაქეებს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღებნიშნებათ. ექვსივე მათგანი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

შექმნილი ვითარების გამო, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მიემგზავრება. ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, დაკავებული ბათუმელების გათავისუფლება უახლოეს საათებში მოხდება.

”მოვუწოდებ ჩემს ბათუმელებს, ჩემს აჭარლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. ვიცი, რომ რთული ვითარებაა და ვნებათაღელვაა. ვესაურე შს მინისტრს და ვთხოვე დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მივიღე მისგან პირობა, რომ უახლოეს საათებში, მაქსიმუმ 1 საათში მოხდება მათი გათავისუფლება. მე ვიძლევი ამის გარანტიას”, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

როგორც პატარაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, როდესაც ის თურქეთიდან ბათუმში დაბრუნდება, მთავრობის წევრებთან ერთად ჩაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა ვითარება სტაბილური გახდეს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით