"აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება - ხომ არ შეცდა სტრასბურგი?" - კვირის პალიტრა

"აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება - ხომ არ შეცდა სტრასბურგი?"

იუსტიციის საბჭოს წევრი, იურისტი ევა გოცირიძე "რუსთავი 2"- ის თაობაზე ევროპის ადამინის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. გთავაზობთ მის წერილს უცვლელად:

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ტელეკომპანია რუსთავი-2-თან დაკავშირებულ სამოქალაქო დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება, სერიოზული გამოწვევაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის და, ვგონებ, არა მარტო საქართველოს მართლმსაჯულებისათვის. პირადად ჩემი აზრით, ხსენებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება ადამიანის უფლებათა დაცულობაზე ევროპული კონტროლის დამკვიდრებულ ფარგლებს, იმავდროულად არღვევს სუბსიდიურობის პრინციპს, რომელსაც კონვენცია ემყარება, სტრასბურგის სასამართლოს უთავსებს მე-4 ინსტანციის სასამართლოს როლს, და შეუძლია გამოიწვიოს არაერთი პრაქტიკული სირთულე.

ცნობილია, რომ კარგად დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, აქამდე, აღსრულების შეჩერების წესი გამოიყენებოდა მხოლოდ ისეთ საქმეებში, სადაც უშუალო საფრთხის ქვეშ იყო პიროვნების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და არასათანდო მოპყრობისაგან მისი დაცვის გარანტიები.

ასეთი საფრთხეები ჩვეულებრივ უკავშირდება სისხლის სამართლისა და სხვა ქვეყანაში პიროვნების გაძევების/ექსტრადიციის საქმეებს, როდესაც შიდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებამ მართლაც შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი პიროვნებისათვის. ასეთ საქმეებში სახელმწიფო მანქანასთან პირისპირ დარჩენილი ადამიანის უფლებების დასაცავად მართლაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასამართლოს მყისიერი ჩარევა. მაგრამ საკუთრებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო დავაში, სადაც ორი თანასწორი სუბიექტის უფლებები და ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს, აღსრულების შეჩერება, ჩემი აზრით, დავის რომელიმე მხარისათვის უპირატესობის მინიჭებასა და თანასწორობის დარღვევას უტოლდება.

მოცემულ საქმეში თანასწორობის მოთხოვნა კიდევ იმიტომაც ირღვევა, რომ საქმე შეეხება მძლავრ ტელეკომპანიას, რომელიც საქმის სხვადასხვა ინსტანციებში განხილვის პერიოდში, როგორც საქმის შედეგით დაინტერესებული მხარე, მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში, ყოველდღიურად გადასცემდა თავის ბუნებრივად მიკერძოებულ რეპორტაჟებს საქმის ირგვლივ, მაშინ როდესაც, ამგვარ შესაძლებლობას მეორე მხარე მოკლებული იყო. და არავის უთქვამს, რომ "სამართლიანი რეპორტაჟის" მოთხოვნები, რომელიც ყველა მედიასაშუალებას წაეყენება, განუწყვეტლივ ირღვეოდა.

ქართული მართლმსაჯულება, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთრების ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებას და იმ პირთა უფლებების აღდგენას, რომლებსაც წარსულში საკუთრება ჩამოერთვათ პირდაპირი თუ შენიღბული ფორმებით, ძალდატენებით, ამორალური გარიგებებითა და სხვა უკანონო გზებით. ეს წინა წლებში ჩვეულებრივ "პრაქტიკას" წარმოადგენდა და მაშინ ვერავინ ვერც კი გაბედავდა სასამართლოში დავა წამოეწყო. და კიდევაც რომ წამოეწყო, უკეთეს შემთხვევაში, ეს დავა უშედეგოდ დასრულდებოდა, ხოლო უარეს შემთხვევაში - დამატებით ბევრ სხვა უსიამოვნებასაც დაიტეხდა თავს. ამგვარად, უფლებადარღვეულ პირებს არ გააჩნდათ არანაირი პერსპექტივა, შიდა მექანიზმების მეშვეობით სამართლიანობისათვის მიეღწიათ და უკანონოდ წართმეული თავიანთი ქონება დაებრუნებინათ. ამის გამო დარღვეული იყო არა მარტო მათი საკუთრების უფლება, არამედ, ევროპული კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული "ქმედითი შიდა სამართლებრივი მისაგებლის უფლებაც". კარგი იქნება, თუ სტრასბურგის სასამართლო, შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად ამ კონტექსტსაც გაითვალისწინებს საქმის არსებითი განხილვის დროს.

ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება, კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას, გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმს, და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართული სამართლებრივი სისტემისაგან.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება ეროვნული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების დაბრკოლებას, რომლებითაც ცალკეული მესაკუთრეეების ქონებრივი უფლებები ისედაც დიდი ხნის დაგვიანებით აღდგა.

უფრო მეტიც, პრეცედენტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაუშვა, უთუოდ უბიძგებს საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა დავებში დამარცხებულ სუბიექტებს, აქტიურად მოითხოვონ ეროვნული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით. მოსალოდნელია, რომ მომავალში არაერთი ამგვარი მოთხოვნა იქნება წარგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, და არა მარტო საქართველოდან. დღის წესრიგში დადგება შუალედური ღონისძიებების გამოყენების საკითხი კონვენციის სხვა უფლებებთან მიმართებაშიც. ეს არა მარტო ეროვნულ მართლმსაჯულებას შეუქმნის გადაულახავ სირთულეებს, არამედ თავად სტრასბურგის სასამართლოსაც, ვინაიდან რთული გახდება რომელიმე მათგანზე დასაბუთებული უარის თქმა ასეთი ახალი პრეცედენტის არსებობის პირობებში;

არანაკლებ ეჭვებს აღძრავს მართებულობა თავისთავად იმ იდეისა, შეჩერდეს აღსრულება ეროვნული გადაწყვეტილებისა, რომელიც ერთხმად არის მიღებული ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის, მაღალი ლეგიტიმური ორგანოს - უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 9 მოსამართლის მონაწილეობით; მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე შეეხება საკუთრებასთან დაკავშირებულ დავას, სადაც, ეროვნული ხელისუფლება, ევროპული მიდგომების თანახმად, სარგებლობს შეფასების დიდი თავისუფლებით, იმ საკითხებისაგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და ღირსების საწინააღმდეგო მოპყრობის აკრძალვას შეეხება. ეროვნული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების (რომელსაც კანონის ძალა აქვს) აღსრულებაში ასეთი ინტერვენცია ეროვნულ მართლმსაჯულებაში ისეთი ჩარევაა, რომელიც "ეროვნული შეფასების თავისუფლების" და ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპების დარღვევის ზღვარზეა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი, რომელშიც გადაწყვეტილების მოტივები და არგუმენტები იქნება ასახული, ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული. ასეთ პირობებში გასაგები არ არის, გააჩნდა კი ევროპულ სასამართლოს საკმარისი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, ემსჯელა ეროვნული გადაწყვეტილების შედეგად სიტყვის თავისუფლებისათვისშექმნილი საფრთხისა და გამოუსწორებელი ზიანის რეალურობაზე?

მოცემული ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა რაიმე ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლებოდა შეგვეფასებინა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ამ ტელეკომპანიის შეზღუდვისა ან მასზე კონტროლის დამყარების მცდელობა. კომპანია ახორციელებდა და კვლავ თავისუფლად ახორციელებს მაუწყებლობას; არ მომხდარა რომელიმე გადაცემის აკრძალვა, ცენზურა, რაიმე ინფორმაციის გადაცემის დაბლოკვა, არავინ დაჯარიმებულა, არ გამოყენებულა რაიმე სხვა სანქცია ვინმეს მიმართ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; კომპანია არ ყოფილა დაქვემდებარებული რაიმე "ფორმალობების, პირობების, შეზღუდვებისა თუ სასჯელებისადმი", რითაც კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით "სახელმწიფოს ჩარევა" უნდა გამოიხატებოდეს. საქართველოში არსებული კონსტიტუციური წესრიგი არ ტოვებს ღია სივრცეს ძირითადი უფლებების ასე ვაგლახად დარღვევის, მედიაპლურალიზმის შეზღუდვის, განუკითხაობისა და თვითნებობისათვის.

აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება, მავანთა მიერ რომ არის ინსპირირებული და მხარდაჭერილი.

შეჩერების მიზეზი კი ისაა, რომ ტელეკომპანიისა და მათი მხარდამჭერების მიერ მოცემული სამოქალაქო დავა საკუთრების საკითხზე საჯარო სივრცეში წარმოჩენილ იქნა მწვავე პოლიტიკურ კონტექსტში და იმგვარად, თითქოს სასამართლოს მხრიდან კომპანიაზე საკუთრების უფლების განსაზღვრა ავტომატურად გულისხმობდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს კონტექსტი მავანთა მიერ ოსტატურად იყო გამოყენებული შიდა და გარე მოხმარებისათვის.

საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მედიაპლურალიზმს სამართლიანად მიიჩნევს დემოკრატიის აუცილებელ პირობად, ცხადია, შეშფოთდებოდა კომპანიისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსების იმ ენერგიული შეძახილებით, თითქოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოში დემოკრატიის დასამარებასა და ქვეყნის დაქცევას გამოიწვევდა.

საერთაშორისო საზოგადოება მით უმეტეს "შეშფოთდებოდა" იმის არაერთგზის მოსმენით, რომ თითქოს მხოლოდ "რუსთავი 2" წარმოადგენდა ერთადერთ კრიტიკულ მედიასაშუალებას ქვეყანაში და თითქოს მხოლოდ მისი ეთერიდან ისმოდა მართალი სიტყვა.

მით უმეტეს მაშინ, როდესაც არცერთ მედიასაშუალებას, არცერთ ჟურნალისტს, ჩემდა გასაკვირად, არ უთაკილია მათი კოლეგა-ჟურნალისტების მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის დარღვევით გაკეთებული ასეთი შინაარსის არაერთი განცხადება. ყველამ დედის რძესავით შეირგო ისინი. არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაწილეებს უთქვამთ რაიმე. როგორც ჩანს, ჟურნალისტურიეთიკის ნორმების დარღვევაც სიტყვის თავისუფლებად განიხილება ჩვენში.

მაინც რა უნდა ექნა სასამართლოს? საერთოდ არ განეხილა დავა თუ იმის შიშით, რომ ახალ მესაკუთრეს შესაძლოა მომავალში მედიასაწარმოს სარედაქციო პოლიტიკა შეეცვლა, ყველა შემთხვევაში ძველი მესაკუთრის სასარგებლოდ გადაეწყვიტა ის, იმის მიუხედავად, იყო თუ არა მის მხარეს სამართალი და კანონი? იქნებ, ვინმემ გამცეს პასუხი კითხვაზე - მედიასაწარმოზე საკუთრების უფლების განსაზღვრა საერთოდ არ შეიძლება თუ ეს იმუნიტეტი მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე ვრცელდება და მხოლოდ ის დგას "კანონზე მაღლა"?

ტელეკომპანიასთან დაკავშირებული საქმის განხილვა ეროვნულ სასამართლოებში მიმდინარეობდა ურთულეს პირობებში. სამართალწარმოების მთელ პროცესს თან ახლდა ენერგიული და დაუღალავი მცდელობები, საზოგადოებაში შექმნილიყო უკიდურესად ნეგატიური განწყობა საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ. სამივე ინსტანციაში საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ხორციელდებოდა უმძიმესი და გამუდმებული თავდასხმები, მათი ღირსებისა და რეპუტაციის უხეში შელახვა, დამამცირებელი ეპითეტების კასკადი (მათი მოხსენიება "მონებად", "მაფიოზებად", "ჯალათებად", "კრიმინალებად", "ზონდერებად"), ათასგვარი ცილისწამება და ზეწოლა, მოსამართლეთა დემონიზება, საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მიერ საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან უკანონო კომუნიკაცია, სავარაუდოდ, მისთვის წინადადების შეთავაზებით, ხმაურიანად გადამდგარიყო თანამდებობიდან ვითომდა იმ მიზეზით, თითქოს ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე. იყო მოსამართლეთა დაშინების, დაშანტაჟებისა და მათთვის მორალური დისკომფორტის შექმნის უამრავი მცდელობა, მრავალგზის გამოხატული შემდეგი სიტყვებით: "ჯოჯოხეთს მოგიწყობთ", "თქვენი და თქვენი შთამომავლობის ფეხქვეშ მიწა დაიწვება", "თქვენი სახელები შავი ასოებით დაიწერება ისტორიაში", "დაგიჭერთ, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და ვერცერთი თქვენგანი ვეღარ იხილავს დღის სინათლეს" და სხვ.); არა მგონია, რომ საქმის მხარემ, მხოლოდ იმიტომ რომ ტელეკომპანიას წარმოადგენს, თავისი სიტყვის თავისუფლება საზოგადოების მანიპულაციის იარაღად, სასამართლოზე ზეწოლის, მისიავტორიტეტის, საქმის სამართლიანი განხილვისა და მართლმსაჯულების ინტერესების საზიანოდ უნდა გამოიყენოს. ესეც, მეტი თუ არა, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაა, მაგრამ ვინ არის ამის გამკითხავი.

ისიც ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანიამ შუალედური ღონისძიების გამოყენების მცდარი ინტერპრეტაცია გაავრცელა. იმავე დღესვე, საღამოს საინფორმაციო გადაცემაში ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადება, თითქოს შუალედური ღონისძიების გამოყენებით"სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა, "რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რადგან საქმეს სტრასბურგის სასამართლოში ჯერ დასაშვებობის ეტაპიც კი არ გადაულახვას.

კომპანიამ ასევე გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თითქოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებს გადაწყვეტილების გამოტანამდე 3 დღით ადრე გადაეცათ საქმის მასალები და მათ საქმის შეუსწავლელად გამოიტანეს გადაწყვეტილება; რომეს გადაწყვეტილება დაიწერა სხვა უწყებებში, სხვა იურისტების მიერ და ა.შ.; ამ ტიპის მცდარი "ინფორმაცია" და მიკერძოებული "შეფასებები" ისეთი სიხშირით მოედინება ამ მედიასაშუალების ეთერიდან, რომ რთული ხდება ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე დროული და ადეკვატური რეაგირება შესაბამისი სასამართლოებისა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. სწორედ ამ გზით ხორციელდება სასამართლოზე ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობა, და ეს ძალისხმევა ევროპული სასამართლოსა და საერთაშორისო საზოგადოებისკენაც აქტიურად არის მიმართული. ძალიან სამწუხარო იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოც აღმოჩნდეს ამ დისკურსში ნებსით თუ უნებლიედ ჩართული.

არანაკლებ შემაშოთებელია კომპანიის ხელმძღვანელის არაერთი საჯარო დაქადნება, რომ არ დაემორჩილებოდნენ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას და ფიზიკურ წინააღმდეგობასაც გაუწევდნენ მის აღსრულებას. მან არა მარტო დააანონსა აქციების გამართვა, არამედ მოუწოდა კიდეც პოლიტიკურ პარტიებს ამ აქციებში აქტიური ჩართულობა და ნებაც დართო მათ ეს აქციები თავიანთი პოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ. მანვე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტელეეთერით განაცხადა, რომ "მთელი უზენაესი სასამართლო არის ერთი ძალიან დიდი ნაგვის ურნა, რადგან იქ მიიღება არა გადაწყვეტილებები, არამედ სამართლებრივი ნაგავი".

ხოლო აღსრულების შეჩერების შემდეგ, ამ ფაქტით შეგულიანებულმა ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ქალაქის ცენტრში გამართულ მიტინგზე კიდევ ერთხელ უწოდეს უზენაესი სასამართლოს წევრებს "მოღალატეები" და "კრიმინალები" და მათი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტები არც ევროპელ მოსამართლეებს მოეწონებათ, თუკი ისინი მათ ყურამდეც მივა.

უფრო მეტიც: ვფიქრობ, ძალიან არ მოეწონებათ. მსგავსი თვითნებობა, სასამართლოს დისკრედიტაცია, სამართლის უზენაესობის პრინციპების საზიანოდ სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდება და სხვა ამგვარი ექსცესები მედიასაშუალების მხრიდან,რომელიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს, არა მგონია, რომ სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლას წარმოადგენდეს. სიტყვის თავისუფლების ყველა გულმხურვალე დამცველს მოვუწოდებ კარგად გაიაზროს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც "გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე" ამახვილებს ყურადღებას და, ასევე კონვენციის მე-17 მუხლი, რომელიც კონვენციით გაცხადებული უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს. სიტყვის თავისუფლების დაცვა შეუძლებელია მისი ბოროტად გამოყენებით. ეს ამ თავისუფლების დისკრედიტაცია უფროა, ვიდრე მისი დაცვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, იმ თავბრუდამხვევი აურზაურის, ხმაურისა და ბუქის გათვალისწინებით, რომელიც ამ საქმის გარშემო შეიქმნა, სადაც სიმართლე ჯერჯერობით ბნელ კუთხეშია მიყუჟული, ვფიქრობ, ევროპული სასამართლოსათვის საქმის არსებითი განხილვის დროსაც რთული იქნება, სიღრმისეულად გაარკვიოს საქმის ნამდვილი ვითარება, გაარკვიოს, რასთან აქვს საქმე - მართლაც სახელმწიფოს მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობასთან, თუ საქმის დაინტერესებული მხარის - მძლავრი ტელეკომპანიის და მათ უკან მდგარი პოლიტიკური ძალების ძალისხმევასთან, რათა ძველმა "მესაკუთრემ", ყოველგვარი მეთოდით, სასამართლო სისტემაზე თავდასხმით, მოსამართლეებისადმი სიძულვილის თესვით, სამაუწყებლო საშუალების გამოყენებით, პიარით და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანით შეინარჩუნოს თავის დროზე უკანონოდ მოპოვებული საკუთრება, და, მასთან ერთად, პოლიტიკური მანიპულაციის ეფექტიანი ინსტრუმენტი.

აი, ეს არის ჩემი განსხვავებული აზრი ამ საჭირბოროტო საკითხზე და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამის გამო სიტყვის თავისუფლების "დიადი დამცველები", გულუბრყვილონიც და მათი გულუბრყვილობით ოსტატურად მოსარგებლენიც, დიდი აღტყინებით დამესხმებიან თავს.

დაბოლოს: სიტყვის თავისუფლებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება საქართველოში. არც ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას ფლობს ვინმე. სიტყვის თავისუფლება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ადამიანისუფლება, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, რასაც გონება, როგორადაც არ უნდა ცდებოდეს ის, კარნახობს ჭეშმარიტების სახით. ერთადერთი საფრთხე, რაც ამ მიმართებაში საქართველოს ემუქრება, ის არის, რომ საბოლოოდ დამკვიდრდეს სიტყვის თავისუფლების ვულგრული, აგრესიული, და პასუხისმგებლობისაგან დაცლილიისეთი გაგება, თითქოს იგი სიცრუის გავრცელების, ცილისწამების, შეურაცხყოფის, უზრდელობისა და უხამსობის თავისუფლებას გულისხმობდეს. აი, ეს მართლაც იქნება სიტყვის თავისუფლების დისკრედიტაცია, განუკითხაობა და დემოკრატიის დაღუპვა. ეს კი, საბოლოო ჯამში, იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ჯერ კიდევ უმწიფარი საზოგადოება ვართ, რაკი თავისუფლების მძიმე ტვირთის ტარება არ ძალგვიძს. ძალიან არ მინდა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის მოთხოვნილება, რომელიც ადამიანის ბუნების ყველაზე უფრო აღმაფრთოვანებელი ასპექტია, ჩემს ქვეყანაში საძრახის პოლიტიკურ მანიპულაციებს ეწირებოდეს მსხვერპლად".