"წლების წინ უცხოეთში რომ ჩავედით, ერთი აზრი გვქონდა: პირველივე შესაძლებლობისთანავე სამშობლოში დავბრუნებულიყავით, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"წლების წინ უცხოეთში რომ ჩავედით, ერთი აზრი გვქონდა: პირველივე შესაძლებლობისთანავე სამშობლოში დავბრუნებულიყავით, მაგრამ..."

"იმ კაცმა გადაგვარჩინა, ვინც წლების წინ ბიძაჩემმა იხსნა დახრჩობისგან"

"საქართველოში ვარ და - ესპანეთზე ვწერ, ესპანეთში ვარ და - საქართველოზე მინდება წერა"

მახსოვს, ერთხელ მითხრა: პოეზიამ მიშველა. ფიზიკურადაც და სულიერადაც ჩემმა ლექსმა გადამარჩინა! ეს ერთადერთი შვება იყო ჩემთვის, ჟანგბადიო... კარგა ხანია, ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა საქართველოშიც ხშირად ჩამოდის. მაინც ვერ ეგუება ბედს - ემიგრანტობა ეძნელება.

სოსო მეშველიანს დღემდე პოეტად ვიცნობდი, ამ ცოტა ხნის წინ მისი პროზაული ნაწარმოებების პატარა კრებული, სახელწოდებით - "ქუნარეშ" გამოვიდა, რომელიც მისი ლექსების დარად, ისევ და ისევ გულიდან ამოძახილია: სევდა, ტკივილი, მონატრება, სიყვარული, სიხარული, ესპანეთში - საქართველო და პირიქით, საქართველოში - ესპანეთი, ყველაფერი, რაც მის ცხოვრებას მუდამ დაჰყვება.

"ქუნარეშ" კრებულის ერთ-ერთ პატარა ნოველას ჰქვია, თავად სიტყვა და მნიშვნელობაც სვანურია და სულთა სტუმრობის კვირეულს ნიშნავს; "ქუნარეშ" ერთკვირიანი ტრადიციაა სვანეთში - ძველით ახალი წლის ხუთშაბათიდან იწყება და მომდევნო ხუთშაბათამდე ყველა ოჯახი აღნიშნავს...

სოსო მეშველიანი:

- ზოგიერთი (და მათ შორის მეც), ეჭვის თვალით უყურებს პოეტს, რომელმაც პროზაშიც სცადა ბედი. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი უნებლიედ მოხდა: ჯერ ანტონიო მაჩადოს წიგნის წინასიტყვაობა დავწერე და მომიწონეს, მერე ჩანახატის დაწერა მთხოვეს, ბოლოს შემომთავაზეს, პროზის დაწერას ხომ არ სცდიდიო?

ფაქტობრივად, ჩამითრიეს პროზაში (იცინის). სიმართლე გითხრათ, ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებდი, რაღაცებს ვინიშნავდი, რადგან ყველაფერს ლექსად ხომ ვერ იტყვი ადამიანი? არადა, უამრავი ამბავი მქონდა, ბავშვობიდან მოყოლებული, რაც ცხოვრებაში გადამხდა სვანეთის მთებიდან რუსეთში, კვლავ საქართველოში, შემდეგ - ესპანეთში და ა.შ. მეც ვწერდი და, თითქოს, რაღაც გამომდიოდა, კალამს მოჰყვებოდა. რა თქმა უნდა, პროფესიონალი პროზაიკოსი იმ წიგნს რომ გადაშლის, ბევრ ნაკლს აღმოაჩენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაიფიქრებს: ნეტავ, ეს მასალა მე მქონოდა, რა მაგარ წიგნს დავწერდიო. ნელ-ნელა რაღაცები დამიბეჭდეს, პროფესიონალთა გამოხმაურებაც მოჰყვა, წამახალისეს და მეც დავინტერესდი, ჩავუჯექი... იცი, ეს ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ლექსის წერაა. რატომ? პროზის წერას ფიზიკურად დაჯდომა უნდა, ამის ფუფუნება კი მე არ მაქვს...

რატი ამაღლობელი და სოსო მეშველიანი

- გამახსენდა: შენ ხომ ლექსებს ზეპირად წერ, ხან საჭეს რომ უზიხარ, ხან ხარაჩოზე რომ ხარ ამძვრალი და მუშაობ, ამიტომ გონებაში "ინახავ" და როცა იცლი, შეიძლება ერთი კვირის შემდეგაც, მერე გადაგაქვს ფურცელზე. იცი, რომ მუხრან მაჭავარიანი წერდა ხმამაღლა, ზეპირად ლექსებს?

- ნამდვილად არ ვიცოდი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ზეპირად წერა იშვიათობა იყო. მეგონა, უმრავლესობა ასე აკეთებდა. ერთ ვარიანტს კი არ ვწერ და ვიმახსოვრებ, არამედ - ორ-სამს, მერე, დროთა განმავლობაში, ეს ვარიანტები გონებაშივე ერთმანეთს იწოვს, იხლართება, მუშავდება და საბოლოო სახეს იღებს. ამის შემდეგ გადამაქვს ფურცელზე და კიდევ ვასწორებ... თითქოს, ვიგუბებ ყველაფერს, ენერგიით ვივსები, ოღონდ სხეულიდან გამოვუშვებ თუ არა ლექსს, სრულიად ვცარიელდები. შემდეგ კვლავ ახალი ლექსი მოდის და ა.შ.

- შენს პოეზიაშიც და პროზაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია დედის თემას, ასევე ყველგანაა შენი სვანეთი, პროზაში კი ესპანური ცხოვრებაც ნათლად გამოჩნდა...

- შემოდგომაზე გამოვა ჩემი ლექსების, ვფიქრობ, ყველაზე სრულყოფილი კრებული - მასში ბოლო პერიოდის ლექსებიც შევა.

სევდა კი... ყოველთვის იქნება, ვიდრე მე ვიქნები, ვიდრე ვცოცხლობ. და მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში ვიქნები თუ ესპანეთში.

არადა, თითქოს სევდიანად არც ვგრძნობ თავს, მაგრამ... ეს სულ ჩემი მოგონებების ბრალია, რითაც სავსეა ჩემი ლექსები და პროზა. საქართველოში ვარ და - ესპანეთზე ვწერ, ესპანეთში ვარ და - საქართველოზე მინდება წერა. ბევრჯერ მითხრეს, თბილისზე რატომ არაფერს წერო? მაგრამ მასზე იმდენს დაუწერია, მეც იმდენი წამიკითხავს, რატომღაც ვერ ვწერ. ალბათ, თბილისი უნდა "მოვიდეს", მასზე რომ დავწერო.

სოსო მეშველიანის შვილები - მარიამი და გიორგი მამიკოს ესპანეთიდან დაბრუნებას მოუთმენლად ელიან

- იმ წლებიდან მოდიხარ, იქნებ, ისე ვერ გაიცანი თბილისი, სითბოს, სიყვარულს და სიტკბოს რომ მოგიტანდა? იქნებ, შენს მოგონებებში "თბილისის სევდაც" არ არის?

- ზუსტად! სვანეთში, ლენტეხში ვცხოვრობდი, სკოლის დამთავრების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში ვსწავლობდი. შენც გახსოვს, რა მძიმე წლები იყო! მართალია, ძალიან ტრაგიკულად განვიცდიდი ოჯახის, სწავლისა და სამშობლოს მიტოვებას, მაგრამ მაინც წავედი საქართველოდან რუსეთში. 2-3 წელიწადს ქალაქ სამარაში ვიცხოვრე. ქართული წიგნები წავიღე, ქართულ ცხოვრებას, ქართულ კულტურას სულ რომ არ მოვწყდომოდი. ბევრს ვშრომობდი ფიზიკურად, ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ სამშობლოსთან სულიერი კავშირი მაძლებინებდა. ჩეჩნეთის ომის გამო ისევ საქართველოში დავბრუნდი. აქ კვლავ მძიმე ვითარება დამხვდა და ამჯერად ევროპაში გავემგზავრე - იტალიის გავლით ესპანეთში, კერძოდ - ბასკეთში... როდისღა უნდა მომესწრო თბილისის გაცნობა და შეყვარება?! ბავშვობაში ერთი-ორჯერ ვიყავი აქ გავლით, სკოლიდან ექსკურსიაზე რომ წამოგვიყვანეს. პირველად კი 1995 წლის თბილისი დამამახსოვრდა - სამარაში მიმავალმა აეროპორტის გზაზე მანქანის ფანჯრებიდან რომ დავინახე, ჩაბნელებული და მოღუშული... დღეს აქ ბევრი ახლობელი მყავს და შეიძლება უხერხულია ამის თქმა, მაგრამ... თბილისი მაინც ჩემი სამეგობროს გამო მიყვარს, თორემ თვითონ ქალაქს დღემდე ვერ მივეჩვიე.

- შენს პატარა ნოველებში სულ ნამდვილი ამბებია მოთხრობილი?

- ყველაფერი ნამდვილია, ოღონდ გამხატვრულებული. მაგალითად, "ხელოვნურ შიშში" წყლის შიშზე რომ ვწერ, მართლაც მომყვებოდა ბავშვობიდან - დედულეთში მდინარე ცხენისწყალი მოდიოდა და, როგორც ჩანს, ამ უზარმაზარ მდინარეს რომ არ გავთამამებოდი, ოჯახის წევრები მაშინებდნენ, იქ ქალი ცხოვრობს და კავი აქვს, ახლოს თუ მიხვალ, იმ კავს მოგდებს და ჩაგითრევსო. ემოციური ბავშვი ვიყავი და ისე მეშინოდა, ყოველ ღამით მესიზმრებოდა, თითქოს, მივდიოდი მდინარესთან, ის ქალი თავს ყოფდა და ჩემი ჩათრევა უნდოდა. მერე უნებლიეთ გადავლახე ეს შიში (სწორედ იმ ნოველაში ვწერ): ბავშვები ცხენისწყლის ნაპირას ვთამაშობდით, ლოდზე ჩაცუცქულ ჩემს მეგობარ გოგონას ვიღაცამ ხელი ჰკრა, მას კი ფეხი დაუცურდა და წყალში გადავარდა.

ცურვა კი არ ვიცოდი, მაგრამ დაუფიქრებლად გადავხტი მის საშველად და მერე ორივენი ვიღაც კაცმა გადაგვარჩინა. მერე აღმოჩნდა, რომ წლების წინ, ბავშვობაში ეს კაცი ბიძაჩემს გადაურჩენია დახრჩობას...

შარშან, ოჯახი სვანეთისკენ რომ მივდიოდით, გელავრის უღელტეხილიდან შავად ამღვრეული და აზვირთებული ცხენისწყალი რომ დავინახე, ისევ ის უსიამოვნო განცდა დამეუფლა. უცებ ჩემმა პატარა გიორგიმ დაიძახა: შეხე, რამხელა შოკოლადის მდინარეაო! ბავშვის ამ მეტაფორამ წამში გამათავისუფლა ყველაფრისგან და შვებით ამოვისუნთქე...

- "ქუნარეშის" პრეზენტაციაზე კითხვები რომ დაგისვეს, წლების წინ თავს გადახდენილ ესპანურ ამბებს, იქ განცდილ ტკივილიან დღეებს ისე ემოციურად ჰყვებოდი, აგვაცრემლე კიდეც. ვიცი, უწინდელთან შედარებით, უკვე დაიმკვიდრე თავი ესპანეთში, მეგობრებიც შეიძინე. ნუთუ, ძველი ემოციები არ გაგინელდა?

- ალბათ, ამჩნევდი, როგორ ვნერვიულობდი. თანაც პირველი პროზაული კრებული რომ იყო, ესეც მანერვიულებდა და წინა ღამე, ფაქტობრივად, გავათენე. კიდევ კარგი, ზვიად კვარაცხელიამ წარადგინა წიგნი და მოთხრობებისა და ლექსების კითხვაშიც ის მეხმარებოდა, თორემ არ ვიცი, რას შევძლებდი... რაც შეეხება ესპანურ ამბებს, მისი გახსენება მეც ძალიან განვიცადე. რომ ვლაპარაკობდი, ლამის, მეტირა. რა თქმა უნდა, სამეგობროც მყავს ესპანეთში და ჩემი ახლო ნათესავებიც არიან ოჯახებით, ძმაც იქ მყავს და ბიძაშვილებიც, მაგრამ... მათი ბავშვები ნელ-ნელა ივიწყებენ ქართულს, მალე, ალბათ, ლაპარაკსაც ვერ შეძლებენ.

ბევრჯერ მიკამათია იმ ჩემს ნათესავებთან და ყველას ვუხსნი, ვუმტკიცებ, რომ 100 წელიც რომ გავიდეს და რა სითბოც უნდა გამოამჟღავნონ ესპანელებმა ჩვენდამი, როგორც უნდა გაგვიცინონ, ესპანელად მაინც არ მიგვიღებენ. მაშინ ვინღა ვართ? ცაში გამოკიდებული ვრჩებით.

წლების წინ რომ ჩავედით, ყველას ერთი აზრი გვქონდა: პირველივე შესაძლებლობისთანავე სამშობლოში დავბრუნებულიყავით. როგორც ვატყობ, ვინც ოჯახიც წამოიყვანა, სამუშაო იშოვა და ბავშვებიც რაღაც წარმატებებს აღწევენ, უკან დაბრუნებას აღარ ფიქრობენ. ძალიან შემეშინდა და ამიტომაც არ წავიყვანე ჩემი ცოლ-შვილი. თორემ აქეთ-იქით ხშირად სიარული ძალიან ძნელია. ადრე ისე არ განვიცდიდი, მაგრამ რაც დრო გადის, განსაკუთრებით ბავშვებთან განშორება მიჭირს - ერთი ოთხის არის, მეორე - ექვსის და ძალიან დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე.

მაგალითად, ზაფხულში ორი თვით მარტომ, მეუღლის გარეშე წავიყვანე სვანეთში, დედასთან. ახლაც, რომ უნდა გავემგზავრო, თვითონაც ძალიან განიცდიან ჩემთან დაშორებას, მაგრამ... სულ რომ წავიყვანო, ძირფესვიანად ხომ არ ამოვითხრები საქართველოდან?

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)