სამშენებლო უსაფრთხოების საფრთხე - კვირის პალიტრა

სამშენებლო უსაფრთხოების საფრთხე

"ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამშენებლო მასალას არ ამოწმებს, საქართველოა" (?!)

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა - ირაკლი აბაშიძის 10 ნომერში კორპუსის ბათქაში ჩამოიშალა, რასაც 12 წლის გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი სადარბაზოსთან მშობლებთან ერთად იდგა, როდესაც აგური ჩამოვარდა და მოზარდს დაეცა... მოსახლეობის თქმით, ამორტიზებული შენობების რღვევა რა ხანია ქუთაისის პრობლემაა.

ასოციაციის - "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ობიექტების სამშენებლო-ეკოლოგიური შემოწმების ინიციატივით გამოდის და მხარში დგომას მთავრობას სთხოვს:

- დარღვევებზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას და კანონიც არავის არაფერს ავალდებულებს. "ნაციონალებმა" 2004 წელს გააუქმეს მშენებლობის სამინისტრო, სადაც პროფესიონალი ექსპერტები და მეცნიერები მუშაობდნენ. "ნაციონალებს" თავიანთი ბიზნესები ჰქონდათ და მშენებლობის სამინისტრო მათ აშენებულს ამოწმებდა... შემდეგ უგულავა ამაყობდა, თბილისში მშენებლობა გავაიაფე და გავათავისუფლე შემოწმებისგანო. სამწუხაროდ, დღესაც არაფერი მოწმდება. აუცილებელია ობიექტების სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შემოწმება, რითაც დადასტურდება ბოლო წლებში აშენებული კორპუსების სეისმომედეგობა და რადიაციის დონე. არ არსებობს ნორმები და სტანდარტები, პრობლემაა უხარისხო მასალებიც. არაერთხელ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ინტერესი არავის გამოუთქვამს...

რადიაციის ბუნებრივი წყაროებიდან ყველაზე ძლიერია რადონი, რომელიც უფერო, უსუნო რადიაქტიური ნივთიერებაა. ეს გარდაუვალი სიკვდილია.

რადონი მიწიდან ამოდის, მას შეიცავს ნებისმიერი მთის ქანი, საიდანაც მოიპოვება და მზადდება საშენი მასალები - ქვა, ღორღი, ცემენტი, ლითონი... ყველა არ შეიცავს სასიკვდილო დოზას, მაგრამ რაოდენობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს...

ის ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში გამოიკვლიეს, ვინაიდან ქვეყანაში ონკოდაავადებები მომრავლდა. აღმოჩნდა, რომ მიზეზი რადონი ყოფილა, რომელიც მიწიდან ამოდის, შემდეგ სარდაფებში, სარდაფებიდან კი შენობის ზედა სართულებზე მიიწევს და სივრცეს ავსებს. როცა შენობა გადაიხურება, დახშულ სივრცეში მისი კონცენტრაცია იზრდება. წყარო, საიდანაც რადონი მოდის, 1400 წელიწადს ასხივებს. ჩვენ რადონის მუდმივ გამოსხივებაში ვცხოვრობთ.

- როგორ უნდა დადგინდეს შენობაში მისი არსებობა?

- თუ სპეციალისტმა არ შეამოწმა, რადონის არსებობას ვერავინ გაიგებს. სანამ სახლი აშენდება, უნდა შემოწმდეს ნიადაგი და თუ ეს ნივთიერება ინტენსიურად ამოდის, იქ მშენებლობა დაუშვებელია. როდესაც ქვიშა და ღორღი ქარხანაში შედის, იქვე უნდა შემოწმდეს რადონზე. თუ აღმოჩნდა, რომ დასაშვებზე მეტია, არ უნდა მიიღონ.

ონკოდაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორებიდან რადონი თამბაქოს შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა (ფილტვის კიბოს იწვევს). ადამიანი ისე იწამლება, რადიაციას ვერ გრძნობს.

- კიდევ რა სამშენებლო საფრთხეების წინაშე ვდგავართ?

- მოსაპირკეთებელი და სანტექნიკური მასალები რაც უფრო იაფფასიანია, მით უფრო მომწამვლელია, არადა, საბაჟოზეც უნდა მოწმდებოდეს და მაღაზიებშიც.

10 წლის წინ ავტეხე განგაში: ჩერნობილი სამრეწველო ზონა გახლდათ - უზარმაზარ ტერიტორიაზე უამრავი ფაბრიკა-ქარხანა და საწარმო იყო. ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ, ის მკვდარ ქალაქად გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი ქურდულად შევიდნენ და დაიწყეს ლითონის დანადგარების დაჭრა, შემდეგ მეტალურგიულ ქარხნებში ამუშავებდნენ, ძირითადად, სამშენებლო ლითონად და არმატურად. მისი მთავარი მომთხოვნი რუსეთი იყო, მაგრამ რუსები საბაჟოზევე ამოწმებდნენ.

როდესაც მიხვდნენ, მასალა რადიაციული იყო, აკრძალეს მისი უკრაინიდან შეტანა. შემდეგ ეს მასალა საქართველოში წამოვიდა.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მასალას არ ამოწმებს, საქართველოა. არც საბერძნეთიდან შემოტანილი სასაფლაოების მოსაპირკეთებელი მასალა - მარმარილო და გრანიტი მოწმდება რადონზე. არადა, დღეს თბილისში ყველაფერი სარდაფებშია ჩატანილი - მაღაზიები, კაფეები, კლუბები, საუნები... არსებობს სეისმური საფრთხეებიც.

თბილისში ძალიან ბევრი შენობა ამორტიზებულია და მიწისძვრა რომ მოხდეს, ვერ გაუძლებს. ვინაიდან მსოფლიოში სეისმური საშიშროება გაიზარდა, ჩვენ 7-8-ბალიან სეისმომედეგობაზე გადავედით. გვინდოდა, პირდაპირ 9-ბალიანზე გადავსულიყავით, მაგრამ ერთი ბალითაც რომ გაზარდო, საკმაოდ ძვირი ჯდება.

თბილისში სამი ტიპის შენობები გვაქვს:

1. XIX-XX საუკუნეების დროინდელი, რომელთა აშენების დროს სეისმომედეგობა არ იზომებოდა და 8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში დაინგრევა;

2. კომუნისტების დროს აშენებული ბინები. მაშინ თბილისში 7-ბალიანი სეისმომედეგობა შემოიღეს, მთიან რეგიონებში 8-ბალიანი უნდა ყოფილიყო. რკინაბეტონის შენობის ხანდაზმულობა ერთი საუკუნეა, შემდეგ უნდა დაინგრეს. ადრე ამ ყველაფერს სახლმმართველობები აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც პრივატიზაცია დაიწყო, სახლმმართველობები გააუქმეს და დღეს წვიმის წყლის მილის გამომცვლელიც აღარავინაა, წყალი ჩაედინება სარდაფებში და კორპუსებს ანგრევს. 25 წელია, არც ერთი შენობა სეისმომედეგობაზე არ შემოწმებულა;

3. ახალაშენებული კორპუსები...

აზერბაიჯანელმა სპეციალისტმა ხალილოვმა 2005 წელს გამოიგონა აპარატი, რომელიც 3 დღით ადრე იძლევა შეტყობინებას, სად მოხდება მიწისძვრა. არსებობს პროგნოზირების მსოფლიო ცენტრი, რომელშიც 5 ქვეყანაა გაწევრებული და საქართველოც აუცილებლად უნდა შევიდეს. ისინი გაგაფრთხილებენ, როდის მოხდება შენს ქვეყანაში მიწისძვრა. ხალილოვი მსოფლიო პროგნოზირების ცენტრის დირექტორია. ჩვენ მოვითხოვეთ ცენტრში გაწევრება, მაგრამ მთავრობისგან პასუხი არც ამაზე მიგვიღია.

აუცილებელია მშენებლობის სამინისტროს აღდგენა. ეს არის უსაფრთხოების გარანტია. მივმართავ ბატონ პრემიერ-მინისტრს, სასწრაფოდ აიყვანოს მრჩევლად ერთი გამოცდილი მშენებელი სპეციალისტი. თუ არ ჰყავთ, კადრს ჩვენ შევთავაზებთ.

ნანა ფიცხელაური