"იქნებ ახალი ნიკო ფიროსმანიც აღმოვაჩინოთ" - "არტგამოფენა 2017" - კვირის პალიტრა

"იქნებ ახალი ნიკო ფიროსმანიც აღმოვაჩინოთ" - "არტგამოფენა 2017"

24 მარტს, 17 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში "არტგამოფენა 2017" გაიხსნება.

მასში მონაწილეობას 70 - ზე მეტი ცნობილი და უცნობი მხატვარი მიიღებს. დაინტერესებულ ადამიანებს, არა მხოლოდ წარმოდგენილი ნამუშევრების გაცნობის საშუალება, არამედ მათი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შესყიდვის შესაძლებლობაც მიეცემა. ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან - "2 არტ-ის" მხატვრები, დავით ბაძაღუა და ამირან კუპრავა.

დავით ბაძაღუა:

- ჩვენი მიზანია, რომ ხელოვნების მოყვარული საზოგადოება მხატვრებთან უფრო დავაახლოვოთ. მხატვრებიც ნახავენ ერთმანეთს, ხელოვნებაზე ისაუბრებენ და ვინ იცის, იქნებ ახალი "ნიკო ფიროსმანიც" აღმოვაჩინოთ... სხვათა შორის, ბევრს მოეწონა ეს იდეა.

ახლახან ქუთაისის ისტორიული მუზეუმიდან გამოგვეხმაურნენ, აჭარიდანაც დარეკეს... მათ უნდათ, რომ ასეთი არტფესტივალი ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდეს.

ალბათ მომავალში რეგიონებშიც გადავინაცვლებთ. აღსანიშნავია, რომ "არტგამოფენა 2017" ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში (რომელიც უზნაძის 68 ში მდებარეობს, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს შენობაში) სამ დღეს გასტანს. არტგამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ის მხატვრებიც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან.

ამირან კუპრავა:

- 20 წელია ევროპაში ვმოღვაწეობდი და კარგად ვიცი, რომ ხშირად დაზეპირებული სახელებით და გვარებით უფრო ინტერესდება საზოგადოების დიდი ნაწილი, ვიდრე უცნობი მხატვრების ნამუშევრებით, თუმცა ეს არც ისე კარგი ტენდენციაა. "არტგამოფენა 2017"- ში კი მონაწილოებას მიიღებენ როგორც ძალიან ცნობილი, ასევე უცნობი მხატვრები, ცნობილების ვინაობას საზოგადოებას სიურპრიზად დავუტოვებთ.

რატომ? - იმიტომ, რომ პირიქით, ახალგაზრდა, ნიჭიერი და შედარებით უცნობი მხატვრების წარმოჩენა გვინდა. აი, არაერთ ისეთ ნამუშევარს ნახავთ, რომ ცნობილისას არაფრით ჩამოუვარდება. ასე რომ, ვფიქრობ, "არტგამოფენა 2017" საზოგადოებისთვის სასიამოვნო სიურპრიზებით აღსავსე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდება".

ეკა ასათიანი