"გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს" - პრეზიდენტის ქალიშვილი აქციაზე - კვირის პალიტრა

"გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს" - პრეზიდენტის ქალიშვილი აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია - "არა ჩადებას" გაიმართა. აქციაში მონაწილეობა იმ ადამიანებმა მიიღეს, ვინც თავისი ახლობლების დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

აქციაში მონაწილეობდა პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილიც, რომლის თქმითაც, ასევე უკანონოდ არის დაკავებული მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი.

"დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი მეგობრის დაკავება უკავშირდებოდეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ანა მარგველაშვილის თქმით, "განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ახლობლები რადგან ასე იდევნებიან, ალბათ ამ ყველაფერში არის რაღაც კავშირი".

აქციაზე იმყოფებოდა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც.

აღსანიშნავია, რომ შსს-სთან გამართული საპროტესო აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ჯიბეები ამოიკერა.

აქციაზე იმყოფებოდა დაკავებული მიხეილ თათარიშვილის მამაც. მისი თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ შსს, პროკურატურა და სასამართლო ორკესტირირებულად მოქმედებენ.

"ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ჩადება კი არ იყო, უბრალოდ უთხრეს მეორე დღეს, რომ ეს წამლები მას ეკუთვნოდა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს"- აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.

ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით კი, რომელიც მისი შვილის დაკავება გააპროტესტა, ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია.

"სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამ სპეცოპერაციას არა ოფიციალურად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე. ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ მისი შვილის საქმეზე აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

"ინტერპრესნიუსი"