"ლიფტის ტერიტორიაზე დაზიანებული ყოფილა ბადე, სადაც ბავშვმა თავი შეყო და..." - ვინ არის დამნაშავე 9 წლის გოგონას სიკვდილში?! - კვირის პალიტრა

"ლიფტის ტერიტორიაზე დაზიანებული ყოფილა ბადე, სადაც ბავშვმა თავი შეყო და..." - ვინ არის დამნაშავე 9 წლის გოგონას სიკვდილში?!

"ამ დროს ლიფტი მოძრაობდა, ვიღაც ზემოთ ადიოდა. კაბინა კი ავიდა ზევით, მაგრამ ბავშვს თავზე ლიფტის გოგროლაჭი დაეცა"

"დიანას შვიდი წლის შვილიშვილი ჰყავს, ის შეესწრო ამ ტრაგედიას და ამბობს, მარიამი იმ ადგილიდან მე გამოვიყვანეო. ბავშვი სრულ შოკშია"

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას 9 წლის მარიამი ემსხვერპლა. გოგონა სადარბაზოში, 7 წლის დისშვილთან ერთად, თამაშობდა. ბავშვები მე-7 სართულზე იყვნენ, ამ დროს შენიშნეს ლიფტთან არსებული დიდი არე. დამცავი ბადე დაზიანებული იყო და როგორც ჩანს, ბავშვმა იქ შეყო თავი. საუბედუროდ, ამ დროს ლიფტი მოძრაობდა, კაბინა ზევით ავიდა, მაგრამ გორგოლაჭი მარიამს თავში მოხვდა და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

პატარა მარიამი ადვოკატ დიანა მარტიაშვილის ნაბოლარა შვილია. ოჯახს საცხოვრებელი ახალი გამოცვლილი ჰქონდა, ახალ ბინაში 3 თვის წინ გადავიდნენ. დიანას მეგობრებს მომხდარზე საუბარი ძალიან უჭირთ:

"თავზარდაცემულები ვართ, ულამაზესი, პატარა მარიამი აღარ გვყავს. ძალიან გონიერი, საყვარელი და ცელქი გოგონა იყო. არ ვიცი დედამისს როგორ თანავუგრძნო ეს ტკივილი, რით ვანუგეშო, რა ვუთხრა? სიტყვები უძლურია ამ დროს. ღმერთმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული, სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი რა უნდა გითხრათ", - მითხრა დედის მეგობარმა, ლელი ბჟალავამ.

მისი თქმით, პატარა მარიამი დედის ნებიერა იყო : "დიანას მარიამი რომ შეეძინა უფროსი შვილები - სალომე და ზურა უკვე სრულწლოვნები იყვნენ, ამიტომ იყო მარიამი დედის ნებიერა გოგო. მშობლები გაცილებულები იყვნენ, დედამ მარტო გაზარდა, მამის დახმარების გარეშე.

დიანა ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე გიჟი დედაა. როგორ მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ მარიამი აღარ არის, არ ვიცი, როგორ ვანუგეშო დედამისი? მარიამი სხარტი აზროვნების ბავშვი იყო. კარგად ხატავდა. უაღრესად ნიჭიერი იყო და ვფიქრობდი, რომ დიდი მომავალი ექნებოდა, მისი სიტყვები ჩამესმის ახლაც ყურში "დედას ასე ძლიერად მხოლოდ მე ვუყვარვარო..."  ღმერთო, რატომ ხდება ასე? ეს უსამართლობაა, დედებს შვილები არ უნდა უკვდებოდეთ", - გვაითხრა ლელი ბჟალავამ.

როგორც შევიტყვეთ, ამ საშინელ ტრაგედიას დიანას შვილიშვილიც შეესწრო.

ნანა გაბუნია, დიანას მეგობარი:

- როგორც კი დამირეკეს, მაშინვე საავადმყოფოში მივედი, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც გაირკვა, ტრაგედიის დატრიალებამდე  ბავშვებმა ძაღლი ეზოში ასეირნეს, მერე სახლში შეიყვანეს და თამაში სადარბაზოში, მეშვიდე სართულზე გააგრძელეს. ლიფტის ტერიტორიაზე დაზიანებული ყოფილა ბადე და როგორც ჩანს, იმ ადგილას ბავშვმა თავი შეყო. ამ დროს ლიფტი მოძრაობდა, ვიღაც ზემოთ ადიოდა. კაბინა ავიდა ზევით, მაგრამ ლიფტის გოგროლაჭი, ანუ გირი დაეცა ბავშვს თავზე და მთელი სახე დაუზიანა. დიანას შვიდი წლის შვილიშვილი ჰყავს, ის შეესწრო ამ ტრაგედიას და ამბობს, მარიამი იმ ადგილიდან მე გამოვიყვანეო. ბავშვი სრულ შოკშია. ბუნებრივია მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო, მაგრამ სასწრაფომ მოსვლა ნახევარი საათით დააგვიანა. მას არც არავინ დალოდებია, მეზობელმა ბავშვი მანქანაში მაშინვე ჩაისვა და სასწრაფოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში წაიყვანა.

ის ამბობს, რომ ავიყვანე ხელში ისეთი რბილი იყო, მეგონა ცოცხალი იყო და გადარჩებოდაო. სამწუხაროდ, ჩვენი ლამაზი გოგო ვერ გადარჩა, ეს უბედურება ტრიალებს.

არ ვიცი, რას დაადგენს გამოძიება და დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ფაქტია, ეს დაუდევრობის შედეგია. არ შეიძლებოდა ასე ღია ყოფილიყო ლიფტის ადგილი. ლიფტების კომპანია ხომ ემსახურება კორპუსს, ფულს ხომ იღებენ და ხომ უნდა იყოს მოწესრიგებული ლიფტები მთლიანად ისე, რომ ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. პირადად მე, ლიფტების სამსახურს ვადანაშაულებ. საშინელ დღეშია დედამისი, სულ წამლების ქვეშ გვყავს. საოცარი დედაშვილობა ჰქონდათ, უნიჭიერეს გოგონას მარტო ზრდიდა ქმრის გარეშე, არაფერს აკლებდა. ძალიან ჭკვიანი შვილი ჰყავდა...

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

თეა ხურცილავა (სპეციალუად საიტისთვის)