"ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს, ეთერში უნდა გადიოდეს?" - რა ხდება "რუსთავი 2" -ის თავს?! - კვირის პალიტრა

"ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს, ეთერში უნდა გადიოდეს?" - რა ხდება "რუსთავი 2" -ის თავს?!

"ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყდა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ხმაური არ წყდება, ბოლო დღეების განმავლობაში პროცესების უცნაურ განვითარებას ვადევნებთ თვალს. ჯერ იყო და მფლობელებმა ძმებმა ყარამანიშვილებმა ტელევიზიის კოლექტივს მისი 40%-შესთავაზეს, საპასუხოდ კი უარი და საკონტროლო პაკეტის მოთხოვნა მიიღეს, რაზეც საბოლოდ დათანხმდნენ, თუმცა მას მერე, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აპირებდა შპს-ს დაფუძნებას, რომლიც ამ ტელევიზიის 51% წილის მფლობელი გახდებოდა, ყარამანშვილებმა საკამოდ მკაცრი განცხადება გაავრცელეს რომელშიც ვკითხულობთ:

"ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ "მეორე მხარეს". გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია.." (იხილეთ სრულად)

26 მარტს ისე, რომ ყარამანიშვილების განცხადებაზე მნიშვნელოვანი პასუხი არ გაუცია არხის ხელმძღვანელობას, კოლექტივის შეკრებაზე განიხილეს შპს-ს შექმნისა და იმ ჯერ არ გადაცემული 51%-იანი წილის საკითხი.

"თანამშრომლების მოსაზრებით და გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს "რუსთავი 2 ჩემია". კოლექტივმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩია წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი", - ეს ინფორმაცია საღამოს "კურიერმა" გაავრცელა, მოგვიანებით კი ამ შეკრების ვიდეოჩანაწერიც გავიდა ეთერში, რომელსაც საზოგადოების საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ტელევიზიის თანამშრომლების მხრიდანაც.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ტელევიზიის მომავალ მეწილეთა შორის ჩაწერეს ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც შეკრებას არ დასწრებია და მიმდინარე პროცესს "ფეისბუკით" გამოეხმაურა:

"ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის. ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, "რუსთავი 2" - ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს, ეთერში უნდა გადიოდეს?

როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, "რუსთავი 2"-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს. ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები (ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს),  რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.

და ამ მასალის ეთერით გაშვება, დარწმუნებული ვარ, არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს. ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყდა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს. (მართლა ბრძენია მგონი.)

მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.

მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. "წილები გადმომიფორმეს" და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა. და არც საკუთარ საცვალს, მინდა, ვხედავდე ეთერში..."

ნანუკა ჟორჟოლიანმა პირად გვერდზე ასევე გაავრცელა კომენტარი, რომელიც, მისი თქმით, "ვანოს შოუს წამყვანის", ვანო ჯავახიშვილის პოზიციას ასახავს: " სრულიად ვიზიარებ შენს მოსაზრებას ნანუკა. სამწუხაროა, რომ ასე ცალმხრივად შუქდება მთელი ეს პროცესი. ასევე სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენს დაუკითხავად საუბრობენ ჩვენი სახელით. ადგენენ რაღაც სიებს და პირდაპირი ეთერის საშუალებით გვეპატიჟებიან თათბირზე, არც ეს მგონია მაინცდამაინც სწორი ფორმა, თანამშრომლებთან ურთიერთობის. ზოგადად კი, მგონია რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, მინიმუმ ის მეორე მხარეც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მიუთითებ, თუ როგორ გაგინაწილოს რამდენიმე მილიონად შეფასებული საკუთარი ქონება. ხოლო ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება კი ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია! პ.ს. ამ პოზიციას იზიარებს ვანო ჯავახიშვილიც", - ვკითხულობთ კომენტარში.

ეთერში წილების გადანაწილებას ცინიკური პოსტი მიუძღვნა P.S.-ის ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა: "Discovery Channel"-ის წილს კი ჩაიჯიბავდა კაცი ახლა! ერთი 30-40%".

მაია ასათიანი: "მე - მაია ასათიანმა არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის, არხის შიდა თათბირი ეთერში თუ გადიოდა".

უკმაყოფილოთა შორის აღმოჩნდნენ ჟურნალისტები: თეა ადეიშვილი და თამარ ბაღაშვილიც.

ჟურნალისტების კრიტიკულ პოსტებს არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჯერ ამ პოსტით უპასუხა:

"ადამიანები, ვისაც ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენის - კოლექტივისთვის მედიის გადაცემის პროცესის გასაჯაროება ბინძური თეთრეულის გამოფენა გონია, პირადად მე არც თუ მთლად ადეკვატური მგონია. და ეს ადამიანები თუ ჟურნალისტები არიან, მით უფრო".

მოგვიანებით კი კიდევ ერთი ჩანაწერი დატოვა "ფეისბუკის" პირად გვერდზე:

"ვისაც ეს პროცესები არ მოგეწონათ. პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. არავითარ ხინჯად არ მაქვს ჩარჩენილი გულში არც მე და დარწმუნებული ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თავისუფლად არ გამოთქვით თქვენი აზრი, რ2ის თავისუფლება რაღაა მაშინ?

ერთი გუნდი ვართ, და იმით ვართ ძლიერი, რომ აზრის გამოთქმის არ გვეშინია. წარმატებები ყველას ერთად!"

ერთი საინტერესო საკითხი ამ ვითარებაში ტელეკომპანიის მოღვაწეობიდან მიღებულ დივიდენდებს შეეხება, გვარამიას მტკიცებით, ტელეკომპანიის წილების ფლობა მხოლოდ მმართველობაში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს და დივიდენდების იმედი არავის უნდა ჰქონდეს, რაც ცოტა არ იყოს გაუგებარია, მით უფრო, რომ ყარამანიშვილები ზემოთ ნახსენებ წერილში წერენ:

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორი ფინანსური მენეჯმენტის და ხარჯების მკაცრი კონტროლის პირობებში, სრულიად რეალისტურია კომპანიის გაყვანა მოგებაზე და დივიდენდების დარიგება. ამიტომ, მიუღებელია გენერალური დირექტორის მიერ დღეს გაჟღერებული მინიშნება, რომ ტელეკომპანიაში დივიდენდი არასდროს იქნება"

იხილეთ ასევე: "გვარამიამ დაიწყო მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ "მეორე მხარეს" - ყარამანაშვილები გვარამიას წინააღმდეგ?!