"ახალგაზრდებთან ერთად მშობლებიც იხატავენ ტატუს" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდებთან ერთად მშობლებიც იხატავენ ტატუს"

ალექსანდრას, იმავე სანიას, კლიენტებიცა და მეგობრებიც სანის, ანუ მზიანს ეძახიან და ეს სახელი ნამდვილად შეეფერება

პირველ რიგში, ყველა ჰიგიენური ნორმა უნდა იყოს დაცული - სპირტით დამუშავება, გაპარსვა... შემდეგ ნახატის ასლი გადამაქვს სხეულზე და ვავლებ კონტურებს, რის შემდეგაც ვაფერადებ ჯერ მუქი, შემდეგ კი ღია ფერებით

ალექსანდრა ლუცენკომ ტატუზე მუშაობა 15 წლისამ დაიწყო. დღეს ის პროფესიონალი ოსტატია, ბიზნესფაკულტეტის სტუდენტი, პოპულარული, შრომისმოყვარე, ხალისიანი და ღიმილიანი ადამიანია. ალექსანდრას ბევრი კლიენტი ჰყავს, თუმცა დროს მაინც პოულობს საყვარელი შინაური ბინადრებისთვის - ძაღლისა და კატისთვის, უბნის ოთხფეხებისთვის, ვეტკლინიკაში მოხალისეობისთვის, სწავლისათვის, გართობისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვისაც.

- როდის გადაწყვიტე ტატუების გაკეთება?

- ერთ დღეს ჩემი ნაცნობი ტატუს გასაკეთებლად წავიდა და მეც გავყევი. იქ ტატუისტმა სახატავი მანქანა მათხოვა, მაგრამ ხაზი სწორად რომ ვერ გავავლე, დამცინა, შენგან ტატუისტი არ გამოვაო. კარგი სტიმული იყო...

დაახლოებით 4 წელია, ვხატავ, ცხადია, ამას შემოსავალიც მოაქვს, თუმცა ჩემთვის მთავარი პროცესია. პირველად რამდენიმე ტატუს ბევრი ტატუისტი თავად იკეთებს, თან სწავლობს, როგორი შეგრძნება მოაქვს მისი ხელის თითოეულ მოძრაობას.

- სტილი როგორ გამოიმუშავე?

- ჩემთვის მხატვრობა იგივე მუსიკაა, ოღონდ სტატიკურ ფორმაში. საკუთარ სტილზე ჯერ კიდევ ვმუშაობ, ამიტომ მიჭირს თქმა, რა მიმართულებისკენ ვიხრები. იმის გამო, რომ არაერთგვაროვანი შეკვეთები მაქვს, ესკიზებზე სამუშაოდ დრო ნაკლებად მრჩება, ხოლო ინდივიდუალურ შეკვეთებს იშვიათად მაძლევენ, რომ თავს მეტი ფანტაზიის უფლება მივცე.

ჯერჯერობით უფრო ტექნიკას ვიმუშავებ და არა სტილს. იყო დრო, როდესაც საშუალო ზომის ტატუს გასაკეთებლად 3 საათი მჭირდებოდა, ახლა 1 საათში ვეტევი.

- რისგან შედგება ტატუირების პროცესი და როგორ ემზადები მისთვის?

- უპირველეს ყოვლისა, კლიენტს წინასწარ ვუთანხმდები ყველაფერზე. შემდგომ ჩვეულებრივი რიტუალია, ყველა ჰიგიენური ნორმა უნდა იყოს დაცული - სპირტით დამუშავება, გაპარსვა... ნახატის ასლი გადამაქვს სხეულზე და ვავლებ კონტურებს, რის შემდეგაც ვაფერადებ ჯერ მუქი, შემდეგ კი ღია ფერებით. გამაყუჩებელსაც ვიყენებ, ზოგი კლიენტი ტკივილს ვერ უძლებს. საბოლოოდ ტატუირებულ ადგილს ვამუშავებ და კლიენტს მოვლის ინსტრუქციებს ვაძლევ.

ყველაზე მეტად მიყვარს აკვარელის სტილის ტატუების გაკეთება და შავ-ნაცრისფერ-თეთრის, მინდა მომავალში ამ სტილების რაიმე არატრადიციული ნაზავი მოვიფიქრო.

- რა აზრის ხარ ტატუს კულტურაზე საქართველოში?

- საქართველოში დიდი ხანია ერთი და იგივე ღირებულებები ტრიალებს, რასაც სტერეოტიპებიც შეესაბამება, ამის გამო ახალგაზრდებს საკუთარი თავის გამოხატვის ნაკლები თავისუფლება აქვთ. თუმცა დღეს ბევრია ტატუს მსურველი და არა მარტო ახალგაზრდებს შორის. ხშირად კლიენტები მშობლებთან ერთადაც მოდიან და მათი მშობლებიც იხატავენ, ძირითადად, პატარა ტატუებს.

- ვინ არის შენთვის გამორჩეული ტატუ-არტისტი?

- რამდენიმე კარგი ტატუისტი, მაგალითად, ალექს პანჩო, ხოსე პერესი, არლო დიქრისტინა, თომას ტორფინსკი.

- როგორ ვარჯიშობ უკეთესი ხარისხის მისაღწევად?

- ერთადერთ ვარჯიშად შეიძლება პრაქტიკა ჩაითვალოს, ხშირად ვუკეთებ მეგობრებს უფასოდ ისეთ ტატუებს, რომელთა დახატვა დაოსტატებაში მეხმარება.

- ყველაზე გამორჩეული მომენტი შენს კარიერაში?

- რთულია ერთი შემთხვევა გამოვკვეთო... ნებისმიერი ტატუს ხატვისას კლიენტებთან ბევრი საუბარი მიწევს, ერთი მხრივ, ეს მეხმარება, რომ მათ ტკივილისგან ყურადღება გადავატანინო, მეორე მხრივ, მათთან საუბარი საინტერესოა. თუმცა გამორჩეული მომენტი, ალბათ, ის არის, როცა უცხოელები პირველად მესტუმრნენ. ჰოლანდიელი გოგოები იყვნენ. ძალიან გამიკვირდა, რომ ჰოუმ-ტატუისტმა, ანუ შინ მომუშავემ, შევძელი ფეისბუკგვერდით ამსტერდამელი ტურისტების დაინტერესება. ძალიან მოეწონათ ჩემი ნამუშევარი და მომცეს სტიმული, რომ მომავალში ევროპაშიც შევძლო მუშაობა. დამარწმუნეს, რომ ევროპელ ტატუისტებს მომავალში კონკურენციას გავუწევ.

ნანა ჩარკვიანი