"არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას" - რას პასუხობს გვარამია ყარამანიშვილებს?! - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას" - რას პასუხობს გვარამია ყარამანიშვილებს?!

"ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ, კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით, აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ", - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ლევან ყარამანიშვილის საპასუხოდ თავის "ფეისბუკგვერდზე" განცხადება გაავრცელა.

ლევან ყარამანიშვილი თავის მხრივ, წერს, რომ წილის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებში "არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება" და კონსულტაციები უშუალოდ თანამშრომლებთან გაიმართება.

(იხილეთ: "ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში" - ყარამანიშვილების პოზიცია და გვარამიას ამაო "წილობანა" )

ნიკა გვარამიას განცხადებით, "წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა". გვარამია ეჭვებს გამოთქვამს ლევან ყარამანიშვილის უკრაინიდან საქართველოში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნების შესახებაც.

"გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცით-თქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში. ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.

საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი "რუსთავი 2"-ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვილთან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღით, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?

გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ყველაფერს ბოლო სამი წელია და ყველაფერზე რომ შეკითხვები გვიჩნდება, იმედია არავის უკვირს", - წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რამდენიმე პუნქტად აყალიბებს.

"1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) "რუსთავი 2"-ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია).

2. ვუპასუხეთ უარით და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს "საქართველო", თუ დამფუძნებლებს ჰქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი, კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში.

3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს "საქართველოს" 51%

4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა - შპს "რუსთავი 2 ჩემია", კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე).

5. პასუხად მივიღეთ - ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო ("ცუდად გაშუქება" არ შეესაბამება სინამდვილეს)", - წერს გვარამია.