"ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ შაკოს პოვნაში" - მესამე დღეა ახლობლები პოეტ შალვა ბაკურაძეს ეძებენ - კვირის პალიტრა

"ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ შაკოს პოვნაში" - მესამე დღეა ახლობლები პოეტ შალვა ბაკურაძეს ეძებენ

"ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ შაკოს პოვნაში. გთხოვთ გაავრცელეთ: შალვა ბაკურაძე ბოლოს ნახეს 25-ში შაბათ საღამოს კაზინო ევროპასთან/კინო ამირანთან. თუ სადმე ნახეთ, ეს ადამიანი დარეკეთ ნომერზე: 593 320138. წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისათვის", - უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ამ ჩანაწერს ავრცელებენ პოეტ შალვა ბაკურაძის მეგობრები იმის იმედით, რომ უკვალოდ გამქრალი ახალგაზრდა კაცი ყოველ წუთას შეიძლება გამოჩნდეს.

სამართალადმაცავებმა მისი ძებნა ოფიციალურად უკვე დაიწყეს. დაიკითხა იმ ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკნასკნელად ნახა. პოეტი შოთა იათაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს: "ბოლო ინფორმაცია ესაა: ტაქსისტმა ვერაფრით გაიხსენა, სად წაიყვანა. ახსოვს, რომ ჩაისვა, გაუპარსავი იყოო, ეგ დეტალიც კი გაიხსენა, მაგრამ მარშრუტი არ ახსენდება. ტრაექტორიის დადგენის მხრივ გაგრძელდება მუშაობა, ოღონდ საქმეს ართულებს ის, რომ სწორედ ახლა კამერების გამოცვლის პროცესი მიმდინარეობს თურმე და ბევრგან გათიშული იყო კამერები. დღეს, თავად თუ არ გამოჩნდა შაკო, ახალი აღარაფერი მოხდება".

შალვა ბაკურაძე ჩვენი დროის ერთ-ერთი საინტერესო პოეტია, რომელიც ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი.

პოეტმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე გაუჩინარებამდე მცირე ხნით ადრე დაწერა: "მომაქციეთ ყურადღება, მსურს ვიყო ცოცხალი".

თუ ვინმემ რაიმე იცით ან სადმე შეგხვდათ ფოტოებზე აღბეჭდილი ახალგაზრდა კაცი, გთხოვთ დარეკოთ, ზემოთ გამოქვეყნებულ ნომერზე.