"წყენა უცებ მავიწყდება, გული მაქვს სუფთა" - კვირის პალიტრა

"წყენა უცებ მავიწყდება, გული მაქვს სუფთა"

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" რუბრიკის "ბლიცინტერვიუ" სტუმარი კომპოზიტორი და მომღერალი მამუკა ჩარკვიანია, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

თავისუფლება არის...

- თავისუფლება არის დამოუკიდებლობა. არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, რაც სამწუხაროდ არ ხდება, ვიღაცაზე სულ ხარ დამოკიდებული. სულ დამოუკიდებელი ვერ იქნები, შეღავათი უნდა გაუწიო საზოგადოებას, თავისუფლება არის რა თქმა უნდა კანონის უზენაესობაში, ზეპირად უნდა იცოდე შენი უფლებები, ყველამ უნდა იცოდეს...

ცხოვრებაში მთავარია...

- სიყვარული. უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. შენი ოჯახი უნდა გიყვარდეს, მეგობარი, სიცოცხლე უნდა გიყვარდეს, რომ გათენდება მადლობა უნდა თქვა, რომ ღამემ კარგად ჩაიარა, ახლა დილაა და გმადლობ უფალო.

ვპატიობ როცა...

- წყენა უცებ მავიწყდება, გული მაქვს სუფთა, თავისუფალი მაგ მხრივ, ჩემი გაბრაზება ადვილი არ არის, თუ გავრაზდი გადამდის ხუთ წუთში.

ყველაზე მშვიდად ვარ...

- ყველაზე მშვიდად თავს ვგრძნობ სახლში, როცა შინ არავინ არის. როდესაც რაღაცას აკეთებ, მაინც ფიქრობ, რომ იმათ ხომ არ ეშლებათ ხელი ან ნერვები, მარტო როცა ხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ.

მუზა მოდის...

- როცა რაღაც ხდება, ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდი - მაშინ მოდის მუზა.

მენატრება...

- ბოლოს რაც დავწერე სიმღერა - "დაბრუნდი ჩემო სიყმაწვილევ, ჩემო ოცნებავ"... აი, ეს მენატრება! ყველას უნდა თავისი სიყმაწვილის დაბრუნება, მაგრამ ასეა სამყარო მოწყობილი - ის ერთხელ იყო და დარჩება ასე...

ყველაზე მეტად მინდა...

- ჩემი უფროსი შვილი 40 წლისაა, ჩემი ვაჟი 20 წლის, მინდა, შვილიშვილებს, მის შვილს მოვესწრო და თუ მაღირსებს დროზე, კარგია, სანამ კარგად ვარ. არ ვაპირებ ჯერ არსად წასვლას, ერთი 25 წელიწადი გარანტირებული აქ უნდა ვიყო...

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვფიქრობ იმაზე, მოვასწრებ თუ ვერ მოვასწრებ. როცა რაღაცა ახალს გააკეთებ ყოველთვის, სულ ფიქრობ იმ ახალს თუ მოასწრებ.

ვნანობ...

- გამოვასწორებდი ბევრ რაღაცას, მაგრამ დროს უკან ხომ ვეღარ დააბრუნებ. ზოგჯერ რომ ვფიქრობ, რა არის ეს, ბურთი ძელს არ მოხვედროდა და გოლი იქნებოდაო... ეს ადამიანმა მოიფიქრა, რომ გაამართლოს თავისი საქციელი.

ჩემი რჩევა იქნება...

- ნამუსიანი ადამიანი უნდა იყო, პირველ რიგში, შენ თავთან მართალი და მერე საზოგადოებასთან. არ შეიძლება ისე იცხოვრო, რომ საზოგადოებას და მის აზრს პატივი არ სცე, არ შეიძლება თქვა, მე ეს მინდა და არ მაინტერესებს თქვენი აზრი. მინდა არ უნდა იყოს. მეც ბევრი რამ მინდა, მაგრამ არ არის ასე...

იხილეთ სრულად