"ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე შევენაცვლებოდი" - რას წერენ "ფეისბუკში" რჩეულიშვილ-კერვალიშვილის დაკავებაზე? - კვირის პალიტრა

"ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე შევენაცვლებოდი" - რას წერენ "ფეისბუკში" რჩეულიშვილ-კერვალიშვილის დაკავებაზე?

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი თანხის მითვისების ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:

"იცით რა მიკვირს?

ტოტალური დაუსჯელობის და ვოლუნტარიზმის ეპოქაში, სადაც ყველაფერი "ევროკავშირის" მოთხოვნით და აშშს ელჩით ინიღბება, სადაც კაციჭამიები და ჯალათები ჯერ კიდევ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ, სადაც ნაც.მოძრაობა, როგორც ფაშისტური პარტია არაა გასამართლებული და კიდევ ბედავენ პარლამენტის ტრიბუნიდან ერი მოძღვრონ, რაღა კირვალიძე-რჩეულიშვილის ოჯახი გახდა განტევების ვაცი?

უფრო მეტმა იპარა,

უფრო მეტმა ანგრია,

და რაღაც ვერ ვხედავ მათ გრძელ რიგებს გისოსებს მიღმა!

ცოტა უფრო დაკვირვება გმართებთ ბატონებო!!!!"

ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკოსი:

"არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა...

ძალიან მტკივა გული, ძალიან განვიცდი...

ძალიან მიყვარს ჩემი რუსუდანი...

ნუთუ არ შეიძლებოდა სხვაგვარად?

ნუთუ ეს არის გამოსავალი?

ნუთუ ამით რაიმე გვარდება?

ღმერთო გააძლიერე ჩემი რუსო და სიკეთით დაუბრუნე ყოველი სიკეთე, მის მიერ გაღებული და მომავალშიც შეაძლებინე სიკეთის კეთება, მხოლოდ ამით ეშველებათ იმ ადამიანებს, ვინც დაზარალდნენ...

იმდენად ვიცი მისი გული და სული, რომ ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე შევენაცვლებოდი იქ სადაც დღეიდან უნდა იყოს, რომ შეიძლებოდეს..."

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

"იმის ნაცვლად, რომ მაია რჩეულიშვილი გამოეშვათ და გარედან მიეცათ ვალდებულებების დასრულების შესაძლებლობა, რუსუდან კერვალიშვილიც დააპატიმრეს. ყველაზე დიდი მარაზმი, რაც მინახავს ბოლო პერიოდში. ვინ არის ასე დაინტერესებული ამ ოჯახის ამოწყვეტით და განადგურებით? რუსუდანზე მეტი დამნაშავე ვერ იპოვეთ ხო? ნინო - ვქნათ რამე."

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი:

"კერვალიშვილების და რჩეულშვილების მთელი ოჯახი მაინც და მაინც ციხეში რომ არ ჩასვან, სხვა საშუალებები არა აქვს სახელმწიფოს და კანონმდებლობას ცენტრპოინტის დაზარალებულთა კომპენსაციისთვის? ციხის და პატიმრობის გარეშე არანაირად არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი და ზარალის ანაზღაურება? ან მიშას რას ერჩოდით მაშინ და ან ადეიშვილს?"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ძალიან მეცოდებიან რჩეულიშვილები. მთელი ოჯახი უკვე ციხეშია, პლიუს გართულებული ჯანმრთელობის მდგომაროება. ასევე ძალიან მეცოდებიან დაზარალებულები ზოგმა ბოლო ლუკმა მოიკლო, ზოგი საზღვარგარეთ გადაიხვეწა, კაპიკი კაპიკზე აწება, მერე "ცენტრ პოინტს" ანდო და დღეს აღარც ფული აქვს და აღარც ბინა. თუმცა აქ მთავარი კითხვა ასეთია: რჩეულიშვილების დაჭერით, ეშველებათ დაზარალებულებს?

პ.ს. კომენტარებში დაზარალებულების ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარე რჩეულიშვილებს სთავაზობდა საპროცესო გარიგებას იმ პირობით, რომ დაზარალებულებისთვის ზარალი აენაზღაურებინათ, მაგრამ ბრალდებულებმა უარი თქვესო და ეს მართალია? თუ მართალია, რა მოტივით თქვეს უარი, იცით ვინმემ?"