"თუ ასე გაგრძელდა, მომავალ 25 წელიწადში კიდევ უფრო სწრაფად შემცირდება მოსახლეობა, რეგიონები კი გაუკაცრიელდება" - კვირის პალიტრა

"თუ ასე გაგრძელდა, მომავალ 25 წელიწადში კიდევ უფრო სწრაფად შემცირდება მოსახლეობა, რეგიონები კი გაუკაცრიელდება"

"ჩინელები, როლებიც საქართველოში უკვე დამკვიდრდნენ, ქართულ გვარებზე გადმოდიან, როგორც ვიცი, იყო შემთხვევა, როცა ჭავჭავაძის გვარიც კი აიღეს..."

ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში საგრძნობლად იკლო შობადობისა და დაქორწინების რიცხვმა, ხოლო სიკვდილიანობისა და განქორწინებების რიცხვმა იმატა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონ 720 ათასს შეადგენს. დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ დემოგრაფს, პროფესორ ანზორ თოთაძეს დავუკავშირდით:

- საქართველოში დემოგრაფიული ვითარება ძალიან მძიმეა. ჩვენი მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ვიყავით ადრეულ საუკუნეეებში, არ გვაქვს. "ქართლის ცხოვრების" ცნობით 1254 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერით, ამ პერიოდში საქართველოში 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. 1770 წელს ერეკლე მეფის მიერ ეკატერინე მეორესთვის გაგზავნილ დემოგრაფიულ ნუსხაში კი საუბარია, რომ ქვეყნის მოსახლეობა 761 ათასს შეადგენდა. საქართველოს სახელმწიფოებრიობა შუა საუკუნეებში წელში გაწყვიტა ადამიანთა მოტაცებებმა და მტრის შემოსევებმა. 1814 წელს საქართელოს მოსახლეობა 400 ათასამდე შემცირდა, რაც ქვეყანაში გავრცელებულმა შავმა ჭირმა გამოიწვია. ბაგრატ ბატონიშვილი წერდა: "ქართლს კახეთს და იმერეთს შავმა ჭირა მოსრნა მრავალნი სულნი, ვიდრე ნახევარ ხალხამდე". 1897 წელს აღწერის თანახმად, ქვეყანაში 2 მილიონ 109 ათასი მოსახლე იყო. 1989 წელს ყველზე მეტი 5 მილიონ 401 ათასი მოსახლე დაფიქსირდა, 2014 წელს კი ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა კრიზისულად შემცირებულ ზღვარს მიუახლოვდა და 3 მილიონ 713 ათასი შეადგინა.

- რა მდგომაარეობაა რეგიონებში, რამდენად შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა?

- იმერეთში 2002 წელს 700 ათასი კაცი ცხოვრობდა. 2014 წელს 534 ათასი გახდა, ანუ 25 წლის განმავლობაში მხოლოდ იმერეთში მოსახლეობა 234 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა 135 ათასით, კახეთის 89 ათასით, გურიის 30 ათასით შემცირდა. თუ ასე გაგრძელდა და რაიმე ღონისძიებები არ გატარდა, მომავალ 25 წელიწადში კიდევ უფრო სწრაფად შემცირდება მოსახლეობის რაოდენობა, რეგიონები კი გაუკაცრიელდება.

რაჭა - ლეჩხუმში დღეს საშინელი მდგომარეობაა, იმატა ერთ-ორ კაციანმა სოფლებმა, ასევე აღსანიშნავია, რომ სოფლებში მოსახლეობის 36% 60 წელს არის გადაცილებული, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. დღეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სულ 32 ათასი მოსახლეა. საერთოდ, მიღებულია, რომ თუ საერთო რაოდენობის 18%-ზე მეტს შეადგენს 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ეს უკვე დაბერებულ მოსახლეობად ითვლება, ჩვენ კი უფრო სავალალო მდგომარეობა გვაქვს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემური საკითხია მიგრაციაც. ქვეყნიდან გასული მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში არ ბრუნდებიან, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო დღეს ყველაზე მცირერიცხოვანი ერია, სწორედ ამიტომაა საფრთხისშემცველი ჩვენთვის ქვეყანაში უცხოტომელების ჩამოსახლება. მაგალითად ჩინელები, როლებიც საქართველოში უკვე დამკვიდრდნენ, ქართულ გვარებზე გადმოდიან, როგორც ვიცი, იყო შემთხვევა, როცა ჭავჭავაძის გვარიც კი აიღეს... სომეხი უვლის თავის მიწა-წყალს და სხვა ტომელს იქ არ უშვებს. თუ წლების წინ სომხეთში მოსახლეობის 97% იყო სომეხი, ახლა 99%-ია. ჩვენ კი ამ მიმართულებით თუ რამე ვთქვით, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოცვივდებიან, ქსენოფობიას დაგვაბრალებენ და არავინ ფიქრობს, რა იქნება მომავალში ასეთი პოლიტიკის შედეგი.

- როგორ ვფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემა?

- ყველაფერი სახელმწიფოს სწორად დაგეგმილ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ხელისუფლებამ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური მდგომარობა, რომ ხალხმა არც სოფლები დატოვოს და არც ქვეყანა. ახალგაზრდა თაობას თავიანთ რეგიონში ღირსეულად ცხოვრების და განვითარების საშუალება უნდა მიეცეს, უნდა დაწესდეს გადასახადი დემოგრაფიული განვითარების მიზნითაც, მსგავსი ეტაპობრივი ნაბიჯების გადადგმა კი ქვეყნის სავალალო მდგომარეობას საგრძნობლად გამოასწორებს. შემდეგ კი აღარ ვიქნებით გადაშენების ზღვარს მყოფი ერი.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)