რა გახდა სიღნაღის რაიონში 11 ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი? - კვირის პალიტრა

რა გახდა სიღნაღის რაიონში 11 ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი?

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს ბაგა-ბაღიდან საავადმყოფოში 11 ბავშვია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების დირექტორმა მაია შაიშმელაშვილმა განუცხადა, გუშინ საღამოს 9 ბავშვი მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულისრევის სიმპტომებით „არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს, დღეს კი 2 ბავშვი მოათავსეს.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების დირექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე არც ერთ ბავშვს არ აღენიშნება ტემპერატურა, არც გულისრევა, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში კვლავ დაკვირების ქვეშ რჩებიან.

მისივე თქმით, აღნიშნული სიმპტომები არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. როგორც შაიშმელაშვილმა აღნიშნა, ცალკეული მსგავსი შემთხვევა სიღნაღის რაიონის სხვადასხვა ბაღში მიმდინარე კვირას რამდენჯერმე დაფიქსირდა.

„დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროდან საქობოს საბავშვო ბაღში 4-კაციანი ჯგუფი იყო მისული და შეამოწმა, დაიდო დასკვნა, რომ ბაღში სანიტარული ნორმები დაცულია, კვების პროდუქტების ვარგისიანობა ნორმაშია და კვებითი ინტოქსიკაცია გამოირიცხა“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"