რა დაჯდა ჩემი ნიშნობა?! - კვირის პალიტრა

რა დაჯდა ჩემი ნიშნობა?!

წინ კიდევ ქორწილია...

რაც 20 წელს გადავაბიჯე, იმ დღიდან ქორწინებამდე ვიგერიებდი ოჯახის ყველა ახლობლის, ნათესავის, ნაცნობის ტრადიციულ კითხვას - როდის მოგყავს ცოლი?! აგერ, უკვე ორი კვირაა, ცოლიანი კაცი მქვია, მაგრამ უღელშებმულის გადმოსახედიდან, ჯერ კიდევ ნიშნობისა და ხელისმოწერის საორგანიზაციო საკითხების შედეგებს ვიმკით - დაღლილობას და, რა თქმა უნდა, დადებით ემოციებს. ჰო, დაღლას იმიტომ, რომ ყველაფერმა ჩემი და მეუღლის მხრებზე გადაიარა. რა ღირს ქორწილი ქართულად? ჯერ საქორწინო ცერემონიალი წინ გვაქვს, მაგრამ მოთელვა უკვე გავიარეთ - პროდუქტის ფასებით დაწყებული, ფეიერვერკითა და ფრანებით დამთავრებული, ყველაფერი თვითონ შევიძინეთ.

უსასრულობის სიმბოლო ანუ საქორწინო რგოლი

მას შემდეგ, რაც ნიშნობის თარიღი დავთქვით, უპირველესად, ოქროს ბირჟას მივაკითხეთ. საქორწინო ბეჭდების არჩევანმა თვალები აგვიჭრელა. მე ტრადიციული "ბუბლიკი" მინდოდა, მეუღლეს - უფრო თანამედროვე დიზაინის რგოლი. მოკლედ, დიდხანს ვიკამათეთ, საბოლოოდ მან გაიმარჯვა. ერთი გრამი ოქროს ფასი 95 ლარი იყო. ვინმეს უხარისხო ოქრო რომ არ შემოეტყუებინა, ან სულაც, წონაში არ დაეკლო, იქაც გამოვძებნეთ ახლობელი, რომელმაც ყველაფერი საგულდაგულოდ შეამოწმა... ოქროს რგოლები თითოს 1.000 ლარამდე დაგვიჯდა. ზედ ჩვენი სახელებიც ამოვტვიფრეთ, რასაც კიდევ 40 ლარი დასჭირდა. მინდოდა, მეუღლისთვის სხვა ძვირფასი სამკაულიც მეჩუქებინა, ამიტომ ბრილიანტის სამეული შევარჩიე, რომელსაც ძვირფასი თვლის სიკაშკაშის შესაბამისი კაშკაშა ფასიც ჰქონდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგი - რამდენიმე თვის ხელფასი მოვახმარე მისი სიხარულით გამოწვეულ ჩემს კმაყოფილებას...

კაბა, პიჯაკი და რეტრო

კიდევ ერთი დილემა - რა უნდა გვცმოდა ჩვენთვის ყველაზე ბედნიერ დღეს? იმის გამო, რომ ინტერიერის გაფორმება რეტროს სტილით გადაწყდა, დიდხანს არ გვიფიქრია, როგორი ტანისამოსი ჩაგვეცვა... ვიდრე ჩემი მეუღლე სპილოსძვლისფერ კაბას იპოვიდა, მთელი დღის განმავლობაში მაღაზიიდან მაღაზიაში ინაცვლებდა და სასოწარკვეთილი შემომჩიოდა, ვერაფერი შევარჩიეო. მიკვირდა, ქალურ ჭირვეულობად ვუთვლიდი, მაგრამ როცა თვითონ დავდექი ამის წინაშე, მივხვდი, რა ძნელი ყოფილა. მოკლედ, ბევრი ვეძებე თუ ცოტა, მეც მისი კაბის შესაფერისი პიჯაკი, პერანგი, შარვალი და ფეხსაცმელი შევარჩიე. საბოლოოდ, ჩვენი ტანსაცმლის თანხამ და სილამაზის სალონის მომსახურებამ ათას ლარს გადააჭარბა.

თეთრი ვარდები, თაიგული და...

ყვავილების სალონში თექის შესაფუთი მასალა და თეთრი ვარდები შევარჩიე - 50 ლარი დამჭირდა, თუმცა სილამაზის გამო მართლაც ღირდა...

რესტორანი თუ სახლი სოფლად?!

სად უნდა გაგვემართა წვეულება? იდეა ბევრი იყო: რესტორნები შთამბეჭდავი მენიუებით, ცნობილი მუსიკოსებით, ახალდაქორწინებულთათვის სპეციალური დეკორაციებითა და შთამბეჭდავი ფასით... გვინდოდა, ყველაფერი ტრადიციულად გაგვეკეთებინა, თუმცა არც თანამედროვეობას ჩამოვრჩენოდით. დიდი ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ, წვეულება ჩემი მეუღლის აგარაკზე გაგვემართა - დათოვლილ მთებში ჩაფლულ ულამაზეს სოფლის სახლში. რატომ ვარჩიეთ სოფელი? გვინდოდა, დაგვენგრია სტერეოტიპი, რომ ""პეროიანი" წვეულებები" მხოლოდ ულტრათანამედროვე რესტორნებში იმართება. ეს იყო მცდელობა, დაგვემტკიცებინა, რომ ნებისმიერ გარემოში შეიძლება დღესასწაულის მოწყობა. თავიდან ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩვენი სტუმრებისთვის. იყო კითხვა: ხომ თბილისელია შენი ცოლი და რატომ სოფელი, სოფელში სოფლელები აღარ მართავენ წვეულებებსო... ახლობლების ამგვარი დამოკიდებულება უფრო გვიმაღლებდა მოტივაციას, გვებრძოლა ამ მოსაზრების წინააღმდეგ... მოსამზადებელი პერიოდი თითქმის ერთი თვე გაგრძელდა. გაგვიმართლა, რომ ნიშნობის ადგილის, ჩემი მეუღლის აგარაკის გაფორმება მისმა ბიცოლამ ითავა (ქორწილების ორგანიზატორია), მაგრამ სანამ საქმე გაფორმებასა და სუფრის გაწყობამდე მივიდოდა, უნდა შეგვეძინა პროდუქტი და აუცილებელი ნივთები. მოკლედ, შორიდან ყველაფერი იოლია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ხვდები, ესთეტიკური გარემო, სუფრა და კიდევ უარმავი ნიუანსი რამხელა ენერგიას მოითხოვს... როცა ინტერიერის ცოცხალი ყვავილებით გაფორმება გადაწყდა, ცოტა დავიძაბე - ერთი პატარა თაიგული 50 ლარი დამიჯდა და წარმოვიდგინე, რა ფასს მიაღწევდა მთელი ინტერიერის ყვავილებით მორთვა... თუმცა, ყველაზე მაგარმა ჩემი ცოლის ბიცოლამ ეს დანახარჯიც თავიდან აგვაცილა - ნიშნობის საჩუქრად ულამაზესი ჰოლანდიურ-ქართული ცოცხალი ყვავილები გვისახსოვრა, რომლებითაც 100 კვმ ინტერიერი მოირთო.

"მოგზაურობა" ბაზარში

ახლა სუფრაზე უნდა გვეზრუნა. საყიდლების გრძელი სიით "ვიმოგზაურეთ" ქართული ბაზრის ვრცელ და დაუნდობელ სამყაროში. თუ აქამდე პროდუქტების ფასს სუპერ ან ჰიპერმარკეტების ფასით ვსაზღვრავდით, მოვაჭრეებთან სულ სხვა "ამინდი" დაგვხვდა. დეზერტირების, ნავთლუღის, ელიავას საბითუმო და გლდანის ბაზრობებს რამდენიმე დღის განმავლობაში "ვლაშქრავდით". მაღალი ფასები, წონაში მოტყუება, უხარისხო პროდუქტის შემოსაღება აქ ჩვეულებრივი ამბავია. მოვაჭრეებთან ურთიერთობა ცალკე "ხელოვნება" აღმოჩნდა, მაგრამ ხომ იტყვიან, "ფოლადი წვაში გამოიწრთობაო"... ჩვენც დავიხვეწეთ... მოვაჭრეების მარკეტინგულ ხრიკებსაც ავუღეთ ალღო და ბოლოს ისეთი საუბარი "დავამუღამეთ", ქორვაჭრებს ჩვენ ვგავდით... საოცრება ის იყო, რომ ზოგი პროდუქტი მარკეტებში უფრო იაფი ღირდა. გოჭის ყიდვა დიღომში, ცხოველების ბაზარში გვირჩიეს... ჩვენი სუფრის გასამდიდრებლად ჯიბე უფრო და უფრო ღატაკდებოდა.

ნიშნობის დღის მოახლოებასთან ერთად იზრდებოდა სტუმრების სია და შესაბამისად, პროდუქტის რაოდენობაც. ბოლოს 80 სტუმრის მოწვევა გადავწყვიტეთ. სუფრის ტრადიციების პატივისცემა სამი ათასი ლარი დაგვიჯდა...

ღვინო და "დუდუკი"...

ღვინის საქმე კახელმა კაცმა თვითონ ვითავე. მშობლიურმა კახურმა ღვინომ სტუმრების განწყობას საკადრისად უპასუხა...

კლიშეების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გავილაშქრეთ და ცნობილი მუსიკოსების ნაცვლად არცთუ ცნობილ, მაგრამ ნამდვილ პროფესიონალებს ვენდეთ... ეს სიამოვნება მართლაც ღირდა 500 ლარი.

ტორტი და ფეიერვერკი

წვეულება სადღესასწაულო ტორტის გაჭრითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა. თბილისის ცნობილ საკონდიტროებს მივადექით. მოთხოვნა მოკრძალებული გვქონდა - ტორტი მინიმალურად გაფორმებული უნდა ყოფილიყო. ჩვენს მოკრძალებას 300, 400 და 500 ლარად აფასებდნენ. ბოლოს ისევ იმ საკონდიტროს მივაკითხეთ, რომლის მუდმივი კლიენტიც ჩემი მეუღლეა. ფასით ნამდვილად მოვიხიბლე - 140 ლარად ულამაზესი ტორტი შემოგვთავაზეს. მეგონა, ეს გემოზე აისახებოდა, თუმცა სტუმრები აღფრთოვანდნენ. რაც შეეხება ფეიერვერკს, ახლობლის რჩევით, სადგურის მოედანზე 50 ლარად შევიძინეთ, არადა, სხვაგან ფასები 100 ლარით იწყება... ფოტო და ვიდეოგადაღება დამატებითი ხარჯი იქნებოდა, რომ არა ჩვენი მეგობარი და მისი ობიექტივი...

მოკლედ, გამოგვივიდა - კლიშეები დაიმსხვრა და მთიულეთში, გუდაურთან ახლოს, სალონური ტიპის ულამაზესი ნიშნობა გაიმართა. დარწმუნებული ვარ - ქორწილების ორგანიზატორი ჩვენი ნათესავი ყველგან შეუდარებელ გარემოს შექმნის. ეს ჩვენი დღე იყო, სპეციალურად ჩვენთვის მოფიქრებული დახვეწილი და ულამაზესი დეკორაციებით... შთაბეჭდილებების წყალობით, არ ვნანობთ დანახარჯს, მაგრამ ქორწინება ძვირი სიამოვნება რომ ყოფილა, ორივე დავრწმუნდით.

დანახარჯების სია ასე გამოიყურება:

წყვილის ტანსაცმელი და სილამაზის სალონის მომსახურება: 1.000 ლარი;

საქორწინო რგოლები: 2.000 ლარამდე;

თაიგული: 50 ლარი;

სუფრა 80 სტუმარზე:

3.000 ლარი;

ტორტი: 140 ლარი;

ფეიერვერკი: 50 ლარი;

მუსიკოსები: 500 ლარი.

ეს ის მინიმალური ხარჯებია, რაც აუცილებელია. თუ უფრო შთამბეჭდავი დღესასწაულის მოწყობას გეგმავთ, დანახარჯებიც გაიზრდება...

თორნიკე ყაჯრიშვილი