"რას იზამ, ყველას ვერ მოეწონები" - კვირის პალიტრა

"რას იზამ, ყველას ვერ მოეწონები"

"როცა შენი თავით კმაყოფილი ხარ, მაშინ ერთ ადგილზე იყინები და, ფაქტობრივად, დამთავრებულია შენი კარიერა"

უკრაინული "Voice"-ის პოტაპის ჯგუფის ოთხი წევრი შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად იბრძვის. ამ ოთხიდან ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულე, 23 წლის ნინი ცნობილაძეა... ნინი პროფესიით ჟურნალისტია. ქართველი მაყურებლის წინაშე მომღერლის ამპლუაში პირველად ქართულ "ვოისში" წარდგა, ახლა კი უკრაინელებს ხიბლავს (და შეიძლება ითქვას, აბნევს) თავისი განსაკუთრებული ხმით. "ვიფიქრე, მოვტრიალდებოდი და ასაკით უფროს შავკანიან ქალს დავინახავდი. თქვენი გარეგნობა საერთოდ არ ასოცირდება თქვენს ხმასთან", - უთხრა ბრმა ქასთინგზე მენტორმა ქართველ კონკურსანტს.

მეორე საკონკურსო დღეც ნინის გამარჯვებით დასრულდა. მესამე დღეს მან უკრაინული ხალხური სიმღერა შეასრულა, რომელიც ქართული ფერებით გააფერადა და ახალი სიცოცხლეც შესძინა. "კვირის პალიტრა" ნინი ცნობილაძეს დაუკავშირდა:

- 13 წლიდან ვმღერი, მანამდე, რვა წლის განმავლობაში, მუსიკას ვსწავლობდი ფორტეპიანოს განხრით. ძალიან მომწონდა "Voice", ყოველთვის ვადევნებდი თვალს და როგორც კი საქართველოში ჩატარდა, მონაწილეობა მივიღე. ეს კონკურსი გაძლევს საშუალებას, პროფესიულად გაიზარდო და მსმენელმა გაგიცნოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უკმაყოფილო ვარ ჩემი გამოსვლებით.

- უკრაინული "Voice"-ის კომენტარებში ბევრი წერდა, ქართული "Voice"-ის შემდგომ ცნობილაძე ძალიან გაზრდილიაო.

- იყო ასეთი კომენტარები, რაც მახარებს. კრიტიკულ კომენტარებს განსაკუთრებული ყურადღებით ვეცნობი, რათა ვიპოვო გზა ხარვეზების გამოსასწორებლად. როცა შენი თავით კმაყოფილი ხარ, მაშინ ერთ ადგილზე იყინები და, ფაქტობრივად, დამთავრებულია შენი კარიერა.

- უკრაინულ "Voice"-ში როგორ მოხვდით?

- შარშან ვაპირებდი მონაწილეობას, მაგრამ დრო გამეპარა, სანამ გავიგე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. წელს მოვძებნე ოფიციალური საიტი და დროულად გავგზავნე მონაცემები. ბევრი მონაწილე მიწვევით გავიდა ბრმა ქასთინგზე, მე კი, მიწვევის გარეშე მისულს, მრავალი ეტაპის გავლა დამჭირდა.

- ვისგან გრძნობთ განსაკუთრებულ სიმპათიას?

- ჯამალასა და სერგეი ბაბკინისგანაც. ტინა კაროლი რატომღაც თავს იკავებს. რას იზამ, ყველას ვერ მოეწონები და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩემი მწვრთნელიც არ მაკლებს ყურადღებას და მეც დიდი პატივისცემით ვარ მის მიმართ გამსჭვალული.

- თვალში საცემია, გამოსვლამდე როგორ გამზადებთ, როგორ გამოხატავს მიმიკებით თუ ჟესტებით თანადგომას.

- უკრაინაში პოტაპი ერთ-ერთი პირველი პროდიუსერია. ის ყოველთვის არ ესწრება რეპეტიციებს, რადგან გასტროლებზე დადის. მეუბნება, რომ ეს კონკურსი ჩემნაირი ადამიანებისთვის არის. იყო საუბარი იმაზეც, რომ ჩემთან ერთად ჩაწეროს სიმღერა, რომელსაც თავის ალბომში შეიტანს. როგორც მეუბნებიან, ასეთ შეთავაზებებს იშვიათად იძლევა.

- საკონკურსო სიმღერებს თქვენ არჩევთ?

- მირჩევენ და სიმართლე გითხრათ, დიდად არც გამიპროტესტებია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნით მაინცდამაინც კმაყოფილი არა ვარ. 9 აპრილს მომდევნო პირდაპირი ეთერი იქნება. ვთხოვე, გაეთვალისწინებინათ ჩემი აზრი და დამთანხმდნენ, შემესრულებინა ის ინგლისურენოვანი სიმღერა, რომელიც მე მომწონს.

- ინტერნეტმომხმარებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა უკრაინულმა ხალხურმა სიმღერამ. ზოგმა "ჯადოსნური შესრულება" უწოდა, ზოგმა "ძალიან ლამაზი"...

- მთხოვეს, უკრაინული ხალხური სიმღერა შემესრულებინა და დავთანხმდი, მიუხედავად ამისა, სამჯერ შემიცვალეს სიმღერა... ბოლოს ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ქართულ ელემენტებს თუ შევიტანდი. ჩემი ვერსია პოტაპს ძალიან მოეწონა. ახლა წინ სამი პირდაპირი ეთერია. ვეცდები, ისე ვიმღერო, რომ სხვისთვის დამესიჯების სურვილი არ გავუჩინო მაყურებელს.

- რა ასაკიდან წერთ სიმღერებს?

- 16 წლიდან. გარდა ამისა, განზრახული მაქვს ამერიკაში სწავლის გაგრძელება მუსიკალური თეატრის განხრით.

ჩემი განწყობა, გემოვნება, უფრო ჯაზისა და ბლუზისკენ იხრება. ვაპირებ სიმღერების ჩაწერასაც. მინდა ჩემი მსმენელი მყავდეს. ეს არის მიზანი, ამის მისაღწევად ვიბრძვი.

ეკა სალაღაია