"რუსთავი 2"-ის ვებგვერდი ჩვენი საკუთრებაა" - დვალმა და აქიმიძემ ტელევიზიის ონლაინპლატფორმა დაიბრუნეს - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის ვებგვერდი ჩვენი საკუთრებაა" - დვალმა და აქიმიძემ ტელევიზიის ონლაინპლატფორმა დაიბრუნეს

"მოგესალმებით "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ოფიციალურ ვებგვერდზე!" - ამ წარწერით იხსნება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ვებგვერდის მისამართი rustavi2.com, სადაც ტელევიზიის ტრადიციული არქივი აღარ ჩანს. ბმულზე გადასვლისას ჩნდება არხის შექმნელების და დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

"დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც.

2004 წელს, როცა ნაციონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს. დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს "რუსთავი 2"-ის საქმეზე"

ტელეკომპანიამ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

"შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის ვებსაიტი. დღეს საღამოს გადაცემა P.S.-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2.com გათიშა ტელევიზიის ონლაინპლატფორმა, რითაც ათიათასობით ადამიანი, ვინც "რუსთავი 2" - ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge".