როგორია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავს დაესხნენ? - კვირის პალიტრა

როგორია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავს დაესხნენ?

3 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანები დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

ხვედელიძე გუშინ "ნიუ ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ხვედელიძეს კლინიკიდან 3-5 დღეში გაწერენ.

"პაციენტი შემოსულია ტრავმის შედეგად. დაუდგინდა სახის ძვლების მოტეხილობა. შესაძლებელი იყო თვალიც ყოფილიყო დაზიანებული. ამიტომ სრული დიაგნოსტირების შემდეგ გაკეთდა ოპერაცია, რაშიც ორი ჯგუფი იყო ჩართული. შეფასდა თვალის მდგომარეობაც და იყვნენ ყბა-სახის ქირურგებიც. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. კორექცია მოხდა იმ დასახულ მასშტაბში, რაც იყო ჩაფიქრებული. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის და სტაბილური", - განაცხადა კორძახიამ.

იხილეთ ასევე: ვინ არის გელა ხვედელიძე, რომელსაც თავს დაესხნენ და რატომ დააკავეს ის ღარიბაშვილის შს მინისტრობისას?

"ინტერპრესნიუსი"