"წოპეს" ესთეტიკა - პიანინოზე გაკეთებული ოპერაცია და 1956 წლიდან დაწყებული ლამაზი ცხვირების ისტორია - კვირის პალიტრა

"წოპეს" ესთეტიკა - პიანინოზე გაკეთებული ოპერაცია და 1956 წლიდან დაწყებული ლამაზი ცხვირების ისტორია

პლასტიკურ ქირურგიას დღეს ქალბატონები და ხშირად მამაკაცებიც მიმართავენ, თუმცა საინტერესოა ვინ იყო საქართველოში ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგი და ვინ დანერგა ჩვენს ქვეყანაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია ანუ რინოპლასტიკა.

ალბათ ყველას სმენია ამბავი ექიმ ვახტან ხუციძის, იგივე "წოპეს" ოქროს ხელების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ოპერაციას აკეთებდა, არამედ ესთეტურ სილამაზეს ქმნიდა, როგორც ამბობენ, მას ხელოვნება ძალიან უყვარდა, ხატვისა და მოქანდაკის ნიჭი ჰქონდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ექიმის პროფესია არჩია.

მან პირველი პლასტიკური ოპერაცია 1956 წელს ჩაატარა - ცხვირის ოპერაცია მსახიობ გოგონას გაუკეთა. ეს იმჟამად დიდ გაბედულებას მოითხოვდა. ექიმმა საკუთარი პრაქტიკის განმავლობაში სულ 50 ათასამდე რინოპლასტიკა გააკეთა. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატებოდა იმითაც, რომ იმ დროს ნაკლებად ცნობილ, დახურულ ქირურგიულ მეთოდს გამოიყენებდა, რაც ნიშნავს ცხვირის პლასტიკა კანის გარეგანი კვეთის გარეშე.

"წოპე" 1923 წელს ცაგერის რაიონის სოფელ საირმეში დაიბადა. როგორც მეგობრები იხსენებენ, მას ხატვის ნიჭი ჰქონდა თუმცა ომის პერიოდში იძულებული გახდა სამედიცინო ინსტიტუტში ჩაებარებინა.

მეგობრის ლევან ჭაჭიაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან ვიგებთ, რომ მას გამოცდების ჩაბარება არ უყვარდა და ხშირად მეგობრები ენაცვლებოდნენ, რის გამოც ერთხელ უნივერსიტეტიდანაც კი გარიცხეს, თუმცა მალევე ისევ აღადგინეს.

"ვახტანგმა თავისი თავი მედიცინაში იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მას ადრე არ აინტერესებდა. ომმა ვახტანგის გეგმები შეცვალა და იძულებული გახდა სამედიცინო განხრა აერჩია. ცოტა ყალთაბანდი იყო, მაგრამ ლექტორებს მაინც უყვარდა, რადგან ანატომიაში ისე ხატავდა, რომ მის ნაშრომებს შემდეგ სამაგალითოდ იტოვებდნენ", - იხსნებს ვახტანგის მეუღლე, ნუნუ ხარებავა.

"მამა 42 წლის ასაკში დაქორწინდა. დედა მამაზე 17 წლით უმცროსი, ულამაზესი გოგო იყო, ბებო რუსი მყავდა და ამიტომ დედას ძალიან ლამაზი ცხვირი ჰქონდა, ყველას გაკეთებული ეგონა. მივიდა როგორც პაციენტი, გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად და მამაც მოიხიბლა - ასეთი კარგი გოგო რომ დაინახა, ხელიდან აღარ გაუშვა. ოპერაციის მერე უფრო ხშირად იბარებდა გასასინჯად, ვიდრე საჭირო იყო"- ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ქალიშვილი მაია ხუციძე.

"ოპერაციას ნარკოზის გარეშე აკეთებდა, გლანდების ოპერაციისას ბავშვებთან ურთიერთობა არ უჭირდა. ზოგს ეფერებოდა და ისე უკეთებდა ოპერაციას, ხან კი კაბინეტში შევიდოდა და იტყოდა: ეს კარადა ვინ დადგა აქ? უხ როგორი გაბრაზებული ვარ და ბავშვიც პირს უცებ აღებდა, ვახტანგი კი თავის საქმეს მალევე ასრულებდა", - იხსენებენ პაციენტები.

მაია ხუციძე: "მამა სახის დაჭიმვებსაც აკეთებდა, მასთან მოდიოდნენ საკმაოდ ცნობილი მსახიობები, რომელთა დასახელების უფლება, ალბათ, არც მაქვს. ისე, ვინ იცის, რამდენ ადამიანს ურახუნა ცხვირში ჩაქუჩი, აწვალა, აცინა, რადგან, ადრე არ აკეთებდნენ ოპერაციებს დაძინებით, აკეთებდნენ ადგილობრივი ანესთეზიით, თუმცა, სასწაული ხედვა ჰქონდა, არავინ ყოფილა მამაზე ნაწყენი. პროპორციების, სილამაზის შეგრძნება ჰქონდა, რაც ყველას არ აქვს. ბოლო ათი-ოცი წელი მარტო ცხვირს კი არ აკეთებდა, თუ დაინახავდა, რომ ნიკაპი არაპროპორციულია ცხვირთან, იმასაც შეასწორებდა აუცილებლად".

შეუდარებელი ხელითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ ქართველ ექიმს, რომელმაც საქართველში რინოპლასტიკა დანერგა, ოპერაციების გასაკეთებლად უამრავ ქვეყანაში იწვევდნენ.

ერთხელ თურმე მოსკოვში დაპატიჟეს, ცხვირის ოპერაცია ქალისთვის უნდა გაეკეთებინა, რომელსაც ცნობილ პროფესორთან 7- ჯერ ჰქონდა უკვე ცხვირი გაკეთებული. ამ საქმეზე ხელის მოკიდება სარისკო იყო, რადგან ცხვირი უკვე მხოლოდ ნაწიბურებისგან შედგებოდა, თუმცა მაინც გააკეთა ოპერაცია და ძალიან კარგადაც გამოუვიდა.

საინტერესო ამბავს ჰყვება ექიმის შვილიშვილიც: "ქობულეთში სახლი გვქონდა და იქ ზაფხულობით ვისვენებდით, ერთ დღესაც მას პაციენტმა მოაკითხა და ოპერაციის გაკეთება სთხოვა, როგორც აღმოჩნდა გოგონას არც ოპერაციის და არც თბილისში წასასვლელი ფული ჰქონდა. ვახტანგმა დაურეკა ექთანს, გამოაგზავნინა სტერილური იარაღები. ერთ დღესაც რას ვხედავ, ბაბუს პიანინოზე წაწვენილი ჰყავს პაციენტი და ასე უკეთებდა ცხვირის ოპერაციას. ამ შემთხვევის შემდეგ აღარ ასვენებდნენ..."

"ტელეფონი არასდროს ჩერდებოდა. სულ ურეკავდნენ და ბოლოს მამაჩემი თავად პასუხობდა ქალის ხმით: წოპე სახლში არ არისო, ძირითადად სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ურეკავდნენ", - იხსენებს ექიმის ქალიშვილი.

ექიმს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში პლასტიკური ქირურგიის განვითარებაში თბილად იხსენებენ კოლეგებიც და საზოგადო მოღვაწეებიც. მასთან გაიკეთა ოპერაცია დოდო აბაშიძემაც.

"პისტოლეტის ტარი ჩაარტყეს ერთხელ ცხვირში და გაუტეხეს, არასწორად შეუხორცდა და ვეღარ სუნთქავდა. "წოპეს" გააკეთებინა ოპერაცია უნარკოზოდ", - იხსენებს დოდო აბაშიძის შვილი ზაზა აბაშიძე,

ქართველმა ქირურგმა მსოფლიოში გაითქვა სახელი, მას რინოპლასტიკის გააკეთება მოუწია პრაღაში, მეხიკოში, საფრანგეთში, იაპონიაში, სადაც ექიმი ფუმიო უმეზავა და მისი კოლეგები ცნობილი "კავკასიური" ცხვირების სასწაულებრივი სახეცვლილების ჩვენებისას გააოცა. საფრანგეთში "წოპე" მუშაობდა ცნობილ პარიზელ ქირურგთან ლუი ვიდალთან ერთად. გერმანიაში კი ოპერაციებს დოქტორ თომას რიმანსსა და პროფესორ ნიცშესთან ერთად ატარებდა.

როგორც ექიმი ამბობდა, ქალის სილამაზე მისი ნაკვთების დახვეწილობით განისაზღვრება, - ქალს თმა აწეული უნდა ჰქონდეს და კისერი უნდა უჩანდესო, - იხსენებს ბაბუს დარიგებას ქართველი ქირურგის შვილიშვილი.

"სიზმარში ისევ ოპერაციები გავაკეთე. ეტყობა, ისე მექავება ხელები, რომ, რასაც დღისით ვერ ვასწრებ, ღამით სიზმარში ვინაზღაურებ. თუმცა, ამ კვირაში ოთხი ოპერაცია მაქვს დაგეგმილი. ცუდი არ არის, მაგრამ, ზღვაში წვეთია იმ დროსთან შედარებით, როცა კვირაში 20-25 ოპერაციას ვაკეთებდი. რას იზამ! დრონი მეფობენო, ნათქვამია…" - ვკითხულობთ ექიმის ჩანაწერებში.

"ცხვირის ოპერაცია ბოლოს 88 წლის ასაკში გააკეთა, ხელი ჰქონდა მოტეხილი და ძალიან უჭირდა ხმარება, მაგრამ, მაინც გააკეთა. სასწაული უნარი და გონება ჰქონდა ბოლომდე, ჩემზე მაგარი, ისეთი, რომ არაფერი ეშლებოდა. კარგად შეეძლო სიტუაციის შეფასება, გამორჩეული ადამიანი იყო, ყველასგან განსხვავებული. სულ მუშაობა და რაღაცის კეთება უნდოდა. ყველაზე კარგად თავს გრძნობდა მაშინ, როცა კლინიკაში დადიოდა" - ამბობს ექიმის შვილი მამის გახსენებისას.

"წოპე" 2012 წელს 89 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ