"ჩემს ბიჭს სამსახურში "ბოლოკიჩსაც" ეძახიან" - როგორ ცხოვრობს ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან?" - კვირის პალიტრა

"ჩემს ბიჭს სამსახურში "ბოლოკიჩსაც" ეძახიან" - როგორ ცხოვრობს ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან?"

არც ხმა შესცვლია, არც საუბრის მანერა, არც ინტონაცია, ისევ ბოლოკასავით ხალისიანი და სიცოცხლით სავსე საუბარი აქვს. ოღონდ ესაა, რომ "ღიმილის ბიჭი" - გოჩა ლომია უკვე შევერცხლილა და თვალების ირგვლივ ნაოჭიც გასჩენია.

ყველასათვის საყვარელი ბოლოკა დღეს 2 შვილიშვილის ბაბუაა. ჟურნალ გზასთან ინტერვიუში იგი მშობლიურ ქალაქზე, ოჯახსა და ცხოვრების გზაზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- 15 წლის ვიყავი, "ღიმილის ბიჭებს" შორის რომ აღმოვჩნდი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეზო ჩხეიძე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაეძებდა ფილმისთვის გმირებს... 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილები ვართ და ე.წ. "გარადოკის" სპორტულ მოედანზე რუსული სკოლის გუნდს ვერკინებით კალათბურთში. გადამღები ჯგუფის ავტობუსი მოედანთან ზუსტად მაშინ გაჩერდა, როდესაც მე დამაჯარიმეს. გავბრაზდი, ვჭყიპინებ, ვჩხუბობ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება სიცილით. ახლა ამაზე ავიფოფრე და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ვუთხარი. უცებ, ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო - გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე: ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი.

მიმიყვანეს პიონერთა სახლში, თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. - კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. - ეგ ვის არ უნდა მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ლექსი წაგვიკითხეო. - ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს...

ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, - როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი.

- თავიდანვე ბოლოკას როლზე მოიაზრებოდით?

- თავიდანვე ბოლოკად განვიხილებოდი. ამ გადაწყვეტილებაში ჩემმა ყველა მონაცემმა ითამაშა თავისი როლი: ხასიათმა, პლასტიკამ, განსაკუთრებით - ცხვირმა. კი მიმიგავს მართლა ბოლოკს (იღიმის). "ღიმილის ბიჭებს" შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. ჩემ გარდა, ყველა სტუდენტი იყო. ბიჭებმა თავიდანვე გავუგეთ ერთმანეთს, დღემდე ვკონტაქტობთ და აწი რაღა დაგვაშორებს?

...

პრემიერის შემდეგ ჩვენზე პოპულარული ბიჭები ქვეყანაზე არ დადიოდნენ. ბოლოკას რომ მეძახდნენ, ვერ ვიტანდი მე სულელი, ახლა სულ სხვა რეაქცია მაქვს. დღესაც ბევრი მცნობს ქუჩაში და ბოლოკაო, რომ წამოიძახებენ ჩემს დანახვაზე, მახარებს ეს ამბავი. მე კი არა, ჩემს შვილებსაც უხარიათ, რომ ამბობენ, - ეს ბოლოკას შვილიაო. ჩემს ბიჭს სამსახურში "ბოლოკიჩსაც" ეძახიან.

წაიკითხეთ ასევე: ბურნუთა, მაყვალა, ბოლოკა, აკიმი, ჩიორა და სხვანი - როგორ გამოიყურებიან ცნობილი კინოგმირები დღეს