დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან - თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ?! - კვირის პალიტრა

დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან - თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ?!

არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აღნიშნული მოქალაქეების ახლობლები ავრცელებენ, რომლებიც ამ წუთებში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან აქციას მართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაში დაახლოებით 30-მდე პირი მონაწილეობს.

მათი მტკიცებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ამასთანავე, როგორც ისინი აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

"რომ გადადიოდა საზღვარზე ჩაურტყეს "ნიფტალი" (ერთ დღიანი აკრძალვა თურქეთში შესვლაზე). ამ ბიჭმა არ იცოდა თურქული და ვერ მიხვდა სად უნდა წასულიყო. როდესაც სხვა მიმართულებით წავიდა, მებაჟეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისე ცემეს, რომ ორი ადამიანი სასწრაფოს მანქანით რეანიმაციაში წაიყვანეს", - განაცხადა რეზო ჩანდარაძემ.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ვინაიდან ინციდენტი თურქეთის მხარეს მოხდა, ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძის უწყებაში განმარტეს, რომ მათთვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია ცნობილი არაა. "ინტერპრესნიუსი" ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაცია ასეთი ჭორის გავრცელების შესახებ საქართველოს საპატრულო პოლიციისგან მიიღეს და ახლა გადამოწმების ეტაპზე არიან.

"ინტერპრესნიუსი"