"მარიხუანას დეკრიმინალიზაციაო, და მე მგონი, ჩვეულებრივ სიგარეტზე გვიჭერენ" - "ფეისბუკგამოხმაურებები" - კვირის პალიტრა

"მარიხუანას დეკრიმინალიზაციაო, და მე მგონი, ჩვეულებრივ სიგარეტზე გვიჭერენ" - "ფეისბუკგამოხმაურებები"

"მარაზმში ნუ გადახვალთ სესილიას, დე ნიროს, ჟორა შავგულიძეს და მრავალ სხვას რომ დაფარავთ, დაანებებენ მწეველები თავს მოწევას?"

"მე რომ გთხოვ, იმ სივრცეში, სადაც ჭერია და ერთად ვართ მწეველიც და არამწეველიც, არ მოწიო-მეთქი, ვაზიანებ შენს ჯანმრთელობას?"

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც  2018 წლის მაისიდან შენობებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობის თანხით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 000 ლარით დაჯარიმდება.

ამ პროექტის კანონად ქცევის შემდეგ თამბაქოს მოწევა შესაძლებელი იქნება ქუჩაში, სახლსა და საპატიმრო დაწესებულებაში.

ზოგიერთი კანონმდებლის თქმით, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან ერთად, შესაძლოა, რომ ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრების დაფარვის აუცილებლობა გაჩნდეს. ფილმები, სადაც მოწევა იქნება ასახული, ისეთ დროს გავიდეს, როცა მას მოზარდები არ უყურებენ.

„როდესაც ფილმში აჩვენებენ, რომ ლამაზი მამაკაცები, ქალები სიმპატიურად ზიან და ეწევიან სიგარეტს, ეს ახდენს დადებითი მიმბაძველობის გავლენას არასრულწლოვნებზე. ახალგაზრდებს თამბაქოს მოწევა კარგ ტონად მიაჩნიათ და ბევრი 13 წლის ასაკში იწყებს მოწევას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფილმებში შეზღუდული უნდა იყოს. არ უნდა ჩანდნენ ფილმის გმირები, რომლებიც ეწევიან სიგარეტს. არის სპეციალური მეთოდები, რომ კადრში სიგარეტი არ გამოჩნდეს, ან შეიძლება იყოს მეთოდი, რომ ასეთი ფილმები გაუშვან ღამის საათებში, როცა 18 წლამდე აკრძალული ფილმები გადის.

(იხილეთ ფოტოგალერეა: კადრები ცნობილი ფილმებიდან, რომელიც შესაძლოა ტელევიზიით ვეღარ ნახოთ)

ეს არანაირად არ არის შემოქმედებით საქმიანობაში უხეში ჩარევა, ის რომ მაგალითად, "ჩემი ცოლის დაქალებში" ყველა ქალი ეწევა, ეს არანაირი შემოქმედებითი იდეის გამოხატვას არ ემსახურება. ვინც ამ სერიალშია (ჩცდ), აბსოლუტურად ყველა ქალი ეწევა, როცა ასეთი ლამაზი ქალები ასე ლამაზად ეწევიან, ახალგაზრდას მიმბაძველობის სურვილი უჩნდება. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი, მაგრამ ჩვენ ყველა ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ იყოს გავლენა, ისინი ჩაერთონ თამბაქოს მოწევაში. სიგარეტისგან საქართველოში ყოველ წელს 11 000 ადამიანი კვდება“, - განაცხადა პარლამენტარმა  გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მოკლედ, ბოლო ხანს ჩვენში ასეთი ვნებათაღელვა კარგა ხანია არაფერს გამოუწვევია, ქართველებს ხომ განსაკუთრებით არ მოგვწონს წესები, მით უფრო ახალი. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აკრძალვა აუცილებელია, ფილმებთან დაკავშირებით მათი უმრავლესობის პოზიცია წინააღმდეგობრივია. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატუსს "ფეისბუკიდან":

ნიკო ლეკიშვილი, თბილისის ექსმერი:

- არ ვეწევი, ამიტომ არ მაწუხებს აკრძალვის თემა, მაგრამ სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ თავს. ფილმებიდან მოწევის კადრები ამოვიღოთო, "ცისფერ მთებში" სესილია რომ მთელი ფილმი პაპიროსს ეწევა და 20-ზე მეტი გენიალური კადრი გამახსენდა სხვადასხვა ფილმებიდან, სადაც სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხი ფიგურირებს, რას უზავთ. მრავალი ფილმი გამახსენდა ნარკომანებსა და ნარკოტიკების მიღების ფაქტზე, როგორ ყნოსავენ კოკაინს გენიალური ქალი და კაცი მსახიობები. მარაზმში ნუ გადახვალთ სესილიას, დე ნიროს, ჟორა შავგულიძეს, კრისს, სოფი ლორენს, ალ პაჩინოს და მრავალ სხვას რომ დაფარავთ, დაანებებენ მწეველები თავს მოწევას?

ზვიად კირტავა, ბლოგერი:

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სიგარეტის კვამლით გაბოლილი ბარების და პაბების ისეთმა ტრადიციულმა ქვეყნებმა, როგორც ბრიტანეთი და ირლანდიაა, ძალიან უცებ და უმტკივნეულოდ მოახერხეს ყველა ასეთ დაწესებულებებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა - სულ 3 თვე ჰქონდათ მიცემული ვადა. არც რევოლუცია მომხდარა და არც პაბები გაკოტრებულა! აბა, ჩვენ რატომ დავიქცევით?

ზაალ ანჯაფარიძე, ექსპერტი:

"ახალი "საკვები" - თამბაქოს მოწევის აკრძალვა. ულუფებად მაინც გაანაწილეთ, რომ დიდხანს გეყოთ".

გიორგი ლობჟანიძე, მწერალი:

"მარიხუანას დეკრიმინალიზაციაო, და მე მგონი, ჩვეულებრივ სიგარეტზე გვიჭერენ...

აღსდექ, საქართველოვ"!

ეკა ლომიძე, ჟურნალისტი:

"საქართველოში დისიდენტის ახალი კატეგორია გაჩნდა, მწეველები, რომლებიც გმობენ ადამიანის უფლებებს და გაიძახიან, რომ თურმე მოწევას ვერ აუკრძალავენ დახურულ სივრცეში...

მერაბ მეტრეველის რადიოგადაცემაში ვიყავი სტუმრად კიდევ ორ ადამიანთან ერთად. ერთ-ერთს, ლელა კურდღელაშვილს, რომელიც სამწუხაროდ, აგრესიულობით გამოირჩევა, ვკითხე (უკვე ეთერს მიღმა, ეთერშიც არ დამაკლო ბრაზი), რესტორანში ერთად რომ მოვხვდეთ, მე ორსულად ვიყო და თქვენ გთხოვოთ, ნუ გააბოლებთ, როგორ მოიქცევით-მეთქი? შენთან ერთად რესტორანში ვერ მოვხვდები, რადგან შენთან ერთად არ წავალო (მე კეთროვანი ვარ მისთვის, როგორც არამწეველი, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის დაცვას ცდილობს). გამეცინა, კარგი, ჩემთან ერთად არ წახვედით, მაგრამ მეზობელ მაგიდასთან მოვხვდი, მაწუხებს, თქვენი ბოლი და გთხოვეთ არ მოწიოთ, მაინც მოწევთ-მეთქი? ორსულად თუ ხარ, უნდა იცოდე, რომ არ მიხვიდე რესტორანში, რადგან იქ ეწევიანო.

რა გამოდის, ფეხებზე გკიდივართ-მეთქი? - კიო, მიპასუხა ცინიკურად. მე ფულს ვიხდი რესტორანში და რაც მინდა ის უნდა ვაკეთოო. მეშინია ასეთი ხალხის, რადგან დიდია ალბათობა, რომ ისინი არა მხოლოდ სიგარეტის გაბოლების დროს არ ინდობდნენ ადამიანებს, ეჯახებიან ზებრაზე, შუქნიშანზე, გამოფატრავენ, ან ჩაცხრილავენ პირადი უკმაყოფილების შემთხვევაში...

ნუთუ ასე ძნელია, სხვის ჯანმრთელობას რომ გაუფრთხილდე, გახვიდე გარეთ, მოწიო და მშვიდად განაგრძო დროს ტარება მათთან, ვისაც სიგარეტის ბოლი ვნებს. ჩვენ განვითარებული საზოგადოება ვართ? ჩვენ ვიცავთ სხვისი სიცოცხლის უფლებას? მე რომ გთხოვ, იმ სივრცეში, სადაც ჭერია და ერთად ვართ მწეველიც და არამწეველიც, არ მოწიო-მეთქი, ვაზიანებ შენს ჯანმრთელობას?"

ფოტოგალერეა

"მარაზმში ნუ გადახვალთ სესილიას, დე ნიროს, ჟორა შავგულიძეს და  მრავალ სხვას რომ დაფარავთ, დაანებებენ მწეველები თავს მოწევას?"