"ზოგი ამბობს, ვაიმე, იქ რა უნდა იყიდოო..." - კრისტი ყიფშიძე და დალი ჩიტალაძე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებსაც სტუმრობენ
"ზოგი ამბობს, ვაიმე, იქ რა უნდა იყიდოო..." - კრისტი ყიფშიძე და დალი ჩიტალაძე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებსაც სტუმრობენ
დალი ჩიტალაძე: "მეორადებში იმდენად საინტერესო ტანსაცმელი აღმოვაჩინე და რაც მთავარია, იაფად, რომ აღფრთოვანებული ვარ"

90 -იანების პირველ ნახევარში საქარ­თველოში ჰუმანიტარული მეორადი სამოსი ცოტა ხანში ათასობით მოქალაქის შემოსავლიან ბიზნესად იქცა. უმუშევრად დარჩენილი მეცნიერები თუ კულტურის წარმომადგენლები მეორადი სამოსის მაღაზიებს ხსნიდნენ. კლიენტებსაც არ უჩიოდნენ. ზოგი ცხვირს იბზუებდა, მაგას როგორ ვიკადრებო...

როგორც იქნა, გაიარა უსინათლო წლებმა, შევაბიჯეთ ოცდამეერთე საუკუნეში. ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მეორადი სამოსის მაღაზიებში ნაყიდი სამოსით უმკლავდება
You must have Flash Player installed in order to see this player.
არასტაბილური შემოსავლით მოძალებულ დეპრესიას. თუმცა მყიდველი ათასგვარია - ამ "ბუტიკებს" ბევრი მდიდარიც სტუმრობს­ და თავსაც იწონებს მეორადი ტანსაცმლით აწყობილი "ლუქით".

ნათია, მყიდველი:
- რატომ უნდა გადავიხადო ოთხმაგი თანხა, როდესაც მეორადებში განსხვავებული, ხარისხიანი და ბევრად იაფი ტანსაცმლის შეძენა შემიძლია. სულაც არ მიჭირს, მაგრამ სიამოვნებით ვყიდულობ ტანსაცმელს იქ და მოდურად­ და განსხვავებულად გამოვიყურები.

ლამარა, მყიდველი: -
მეორადი ეძახეთ და, ფუთებიდან ისეთი ტანსაცმელი­ ამოდის, მაღაზიაში ვერ იპოვი. ჩვეულებრივ მაღაზიებშიც ვიყიდდი, ჩემი ზომის რომ იშოვებოდეს... "

ნინი, მყიდველი: -
თბილისში ძალიან­ ძვირია ბრენდული ტანსაცმელი. ჩვენთან
სეილი, ფაქტობრივად, არ არსებობს. უცხოეთში სეილის დროს შეგიძლია "გუჩის", "ბარბერის" ან სხვა ცნობილი ბრენდების სამოსი 80%-იანი ფასდაკლებით იყიდო. ხშირად დავდივარ მეორადებში, სადაც, გარდა მეორადისა, რომელიმე ბრენდის შედარებით ძველი­ კოლექციის ახალ სამოსსაც გამოჰკრავ ხელს. ასე შევიძინე "კაშარელის" ბლუზა, "გესის" კაბა...

სასიამოვნოა, როდესაც "ბარბერის" კაბა, რომელიც 500 დოლარი ღირს, გაყიდვაში გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ შეგიძლია თბილისში კაპიკებად იყიდო.

ნანა, მყიდველი:
- ხარისხს რომ ვცემ პატივს, იმიტომ მაცვია მეორადი­ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჩემი პატარა ახლა იდგამს ფეხს და მისთვის 200 ლარზე დაბალ ფასად ტყავის და სუპინატორიანი ფეხსაცმელი ვერ ვიშოვე ვერც ბაზრობაზე, ვერც მაღაზიებში. კიდევ კარგი, მეორადები არსებობს.

მანანა, გამყიდველი:
- ყველა კატეგ­ორიის მყიდველი გვაკითხავს - ხარი­სხის, ბრენდისა და ექსტრავაგანტური სამოს­ის მოყვარული მდიდარიც და ღარიბიც... მოსახლეობის 80% მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. მათგან ალბათ, 5% ასაიდუმლოებს ამას, ეთაკილებათ­, რომ მეორადებში იმოსებიან. ნისიებზეც ვმუშაობთ. დღეს ვითვლიდი და აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის 2.000 ლარამდე ღირებულების საქონელი მაქვს გაცემული. მეორად სამოსზე რომ დიდი მოთხოვნაა და იქაც ნისიების კილომეტრიანი სია გაქვს გაშანშალებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა! ჩვენთან უფრო გერმანული ფუთები­ იხსნება. მეპატრონეს თვითონ ჩამოაქვს. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ფუთები, ტანსაცმლის ფასიც ამის მიხედვით რეგულირდება. არის ისეთი ფუთებიც, სადაც ბრენდული სამოსი პირდაპირ მაღაზიიდან ხვდება.

- დიდი ხანია ამ საქმეში ხართ?

- 15 წელია. 2.000 ლარით დავიწყე, მაშინ მეტი მოგება რჩებოდა. დღეს 2.000 ლარით შეიძლება ერთი უმაღლესი კატეგორიის ფუთაც ვერ შეიძინო. ადრე თუ კილოგრამში 2-3 ლარს ვიხდიდით, ახლა 10-15 ლარი გვიჯდება. თითქმის 10 წელი ვიმუშავე, როგორც მაღაზიის მფლობელმა. 2 აბიტურიენტს ვინახავდი, უნივერსიტეტში შვილის სწავლის საფასურსაც ვფარავდი, მაგრამ მერე, საქონელი რომ გაძვირდა, მაღაზიის ქირის დაფარვა გამიჭირდა, ამიტომ დავკეტე და ახლა გამყიდველად ვმუშაობ.

ციური, გამყიდველი:
- მეორადი საქონლის მაღაზია 12 წლის წინ გავხსენი. 2015 წლამდე ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოდიოდა ინგლისური საქონელი, რომელიც უფრო მორგებული იყო ქართველ მომხმარებელსა და მის გემოვნებაზე. გასულ წელს ინგლისური საქონელი იმდენად გაძვირდა, ბევრს აღარ უღირს მისი შემოტანა.

2015 წლამდე კონკურენცია დიდი იყო, ფუთების შემომტანთა შორის უმრავლესობა ქართველი იყო. ახლა ბაზარზე ირანელები და არაბები შემოვიდნენ, მათ უმეტესად აზიური ქვეყნებიდან შემოაქვთ საქონელი. აზიური ქვეყნების ჩაცმის სტილი მაინცდამაინც ვერ ესადაგება ჩვენი მომხმარებლის გემოვნებას.

- რამდენად უსაფრთხოა მეორადი სამოსი?

- აბსოლუტურად უსაფრთხოა. ფუთებს­ თან ახლავს ISO-სერტიფიკატი, რომ საქონელი ქიმიურად დამუ­შავებულია­ და საფ­რთხის შემცველი არ არის. ამ სერტიფიკატის გარეშე ვერავინ შემოიტანს მეორად სამოსს.

"იქ ბევრი საინტერესო ნივთის აღმოჩენა შეიძლება"


კრისტი ყიფშიძე, მოდელი:
- ყველგან შემიძლია ტანსაცმლის ყიდვა, მათ შორის მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებშიც. მთავარია, მომეწონოს. შეიძლება მეორად მაღაზიაშიც აღმოვაჩინო ძალიან ლამაზი ვინტაჟური სამოსი. რეტრო-სტილი ყოველთვის პოპულარული იყო და ასეა დღესაც. კარგად დავიწყებული ძველი ყოველთვის ახალია. ზოგი ამბობს, ვაიმე, იქ რა უნდა იყიდოო. პირიქით, იმის შნო და გემოვნება უნდა გქონდეს, ყველგან აღმოაჩინო საშენო, გამორჩეულად და საინტერესოდ ჩაიცვა.

ძალიან მიყვარს ნაციონალური, ეთნიკური სამოსი, მოგზაურობის დროს ხშირად ვყიდულობ ხოლმე. უკრაინაში მაჩუქეს ერთი ასეთი კაბა, მერე ინდოეთშიც რამდენიმე ლამაზი სარი შევიძინე. ვუხამებ ფეხსაცმელს, ჩანთასა და მშვენიერი ლუქი გამოდის. მთავარია, შენი სტილი იპოვო.

დალი ჩიტალაძე, მოდის ექსპერტი: -
მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ვინტაჟი ძალიან მოდური გახდა. ამ სტილის მიმდევრებისთვის მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ბევრი საინტერესო ნივთის პოვნაა შესაძლებელი. მეორადებში იმდენად საინტერესო ტანსაცმელი აღმოვაჩინე და რაც მთავარია, იაფად, რომ აღფრთოვანებული ვარ. ვაპირებ შევქმნა მეორედ ტანსაცმელთან დაკავშირებული ბლოგი, სადაც მოდის მიმდევრებს ვურჩევ, როგორ აარჩიონ მეორად მაღაზიებში ტანსაცმელი და რას შეუხამონ საინტერესო ლუქის ასაწყობად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეორადი სამოსის პოპულარობამ პიკს მიაღწია...


მეორადი ტანსაცმლის ისტორია ევროპაში, რენესანსის ეპოქის დასაწყისში, მე-14 საუკუნეში იღებს სათავეს. იმ პერიოდში ცოტას თუ შეეძლო ახალი ტანსაცმლის ყიდვა. მაშინდელი სამოსი უნიკალურობით გამოირჩეოდა. სპეციალური შეკვეთით შეკერილ ტანსაცმელს ათწლეულებისთვისაც შეეძლო გაეძლო, ამიტომ კაბები დედებისგან შვილებს მემკვიდრეობით გადაეცემოდა, ბატონები კი მსახურებს ხელფასის სახით ტანსაცმელს უსახსოვრებდნენ. მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრეებს ხშირად შეხვდებოდით იტალიის დიდ ბაზრობებზე.

მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, პრეტ-ა-პორტე ტანსაცმლის გამოჩენის შემდეგ, მეორადმა პროდუქციამ აქტუალურობა დაკარგა, მაგრამ დაიწყო მისი ექსპორტზე გატანა. სხვადასხვა ქვეყანაში ტანსაცმელს მოხეტიალე ვაჭრები ყიდდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, მეორადი სამოსის პოპულარობამ პიკს მიაღწია.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (12)
nana
21 აპრილი 2017 18:23
irina meoradi tansacmeli ar gulisxmobs imas rom maindamainc vigacis nacvamia iq chamopasoebuli dzviradgirebuli brendebis tansacmelica tavisi iarliyevit markebit da mteli ambebit da tundac sxvisi nacvai iyos rodesac bardeba tansacmeli shesabamis adgilad mas ukve aqvs qinwmenda chatarebuli shesabamisi
lia
21 აპრილი 2017 11:14
რაღა სხვისი ნახმარი ძღინკები ვატარო,ვიყიდი ერთს და უხმარ ძღინკს (ვითომ მრავალფეროვნებისთვის და სიმრავლისთვის სხვისი ნახმარი არაფერი მინდა)
izi
21 აპრილი 2017 09:08
ეჭვი მაქვს დალი ჩიტალაძესაც და კრისტი ყიფშიძესაც ძონძების მაღაზიების "ქსელი " აქვთ
მეგი
20 აპრილი 2017 23:29
მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებთან რომ გავივლი ისეთი სუნი გამოდის ვცდილობ შორიდან მოვუარო. თანაც მარტო ლუქის აწყობა ხომ არაა, ახალ ტანსაცმელს რომ ვიძენ მაგას თავისი ხიბლი აქვს. თანაც ეხლა იმდენი მაღაზიაა სადაც იაფად შეიძლება ყველაფრის ყიდვა. 2 სეზონის შემდეგ მაინც მბეზრდება და ვჩუქნი. თუმცა ერთხელ ჩემი შვილისთვის ბაკურიანისთვის მინდოდა კომბინიზონები და მეორადებში მირჩიეს წერეთელზე. ხოდა წავედი, დავიარე დინამოს მიმდებარედ და ისეთი საშინელი მოდელები დამხვდა და ისე ძვირად, გამოვიქეცი და მაღაზიაში ვუყიდე ძალიან კარგები, სულ ოდნავ მეტი გადავიხადე. ჩემ შვილს 2 წელი ეცვა და მერე კიდევ მეგობრის შვილს ვაჩუქეთ, ახალივით იყო. ასე რომ ყველას თავისებური შეხედულება აქვს. ჩემ შვილებს კი მეგობრების შვილების დაპატარავებულებს სიამოვნებით ვაცმევ, როდესაც ვიცი რომ სუფთაა და მოვლილი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები