"არასდროს მქონია განცდა, რომ გოგონა ფოტოზე მე ვარ და ის მე მეკუთვნის" - ინტერვიუ ქვეყნის სიმბოლოდ ქცეულ გოგონასთან წლების შემდეგ (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"არასდროს მქონია განცდა, რომ გოგონა ფოტოზე მე ვარ და ის მე მეკუთვნის" - ინტერვიუ ქვეყნის სიმბოლოდ ქცეულ გოგონასთან წლების შემდეგ (ექსკლუზივი)

"ადამიანებმა ამ ფოტოზე დაინახეს ის ტკივილი და გამარჯვების წყურვილი, რითაც იმ პერიოდში ჰაერიც კი სავსე იყო"

წამი, რომელმაც საქართველოს ერთი მთლიანი ეპოქა დაიტია... გოგონა, რომელიც ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა... ფოტო, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება...  იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ, 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლებია განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. 25 წლის შემდეგ, მან ჟურნალისტთან პირველ ინტერვიუში თქვა: - "იტალიაში კი არ ვცხოვრობ, არამედ არც კი ვარსებობ". მაგრამ ამ ინტერვიუდან მოყოლებული, ჩემი რესპონდენტის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მან იტალიაში ახალი სიყვარული იპოვა და  სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. მარი (ნანა) მახარაძე და მარკო სბრაჯი იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობენ...

ვიდრე მარის სიყვარულის ისტორიის შესახებ ვკითხავდი, გადავწყვიტე, "გოგონა ფოტოდან" თქვენთვის უფრო ახლოს გამეცნო:

- 1970 წლის 1-ლ თებერვალს ჩაქვში დავიბადე და სკოლაც იქვე დავამთავრე. დედ-მამა ბიოლოგები იყვნენ, მეცნიერ-თანამშრომლები. დედა მარტვილიდანაა, ამიტომ ბავშვობის დიდი ნაწილი სამეგრელოში მაქვს გატარებული. სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტშიც, ძალიან კარგად ვსწავლობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამა სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ. გამომიცხადა, რომ თეატრალურზე სწავლა წესიერი ოჯახის გოგოს საქმე არ იყო. 1987 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ვერ ავისრულე, მაინც ვახერხებდი ალტერნატიული ცხოვრებით მეცხოვრა. დავდიოდი როკ და პანკჯგუფების კონცერტებზე, მეცვა ძალიან არაორდინალურად და თითქმის არც კი ვგავდი იმ "ქართველ გოგონას", რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი.

- მარი, როგორ მოხვდი იური მეჩითოვის ფოტოობიექტივში?

- არასდროს მქონია განცდა, რომ გოგონა ფოტოზე მე ვარ და ის მე მეკუთვნის. ადამიანებმა მასში დაინახეს ის ტკივილი და გამარჯვების წყურვილი, რითაც იმჟამად ჰაერიც სავსე იყო... ხალხმა ის აიტაცა როგორც თავისუფლების სიმბოლო-ხატი. ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს, მართალია სახელი და გვარი არ იცოდნენ, მაგრამ სახეზე მცნობდნენ. რადგან ეს ფოტო პლაკატის სახითაც ძალიან დიდი ტირაჟით დაიბეჭდა, რომელსაც ჰქონდა წარწერა - "ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია". ქალები მოდიოდნენ, ტიროდნენ, მეფერებოდნენ, უხაროდათ ცოცხალს რომ მხედავდნენ.

იურისტები და სხვებიც მეუბნებოდნენ, რომ ფოტო იმდენად პოპულარული და იმდენ კონკურსში იყო გამარჯვებული, უფლება მქონდა, ჰონორარის სახით თანხა მომეთხოვა, თუნდაც იმიტომ, რომ ემიგრანტი ვიყავი და სახლ-კარი არ მქონდა. მაგრამ ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ხშირად უკითხავთ, ნუთუ არავის შემოუთავაზებია დახმარება და დაფინანსება? მსგავსი არაფერი მომხდარა და რომც მომხდარიყო, ჩავთვლიდი, რომ ეს იქნებოდა სიგიჟე. რა დამსახურებისთვის უნდა გაეკეთებინა ვინმეს ეს? ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, რომლებიც ჩემზე მეტად საჭირდებათ დახმარება. ეს ფოტო ჩემთვისაც ისეთივე სიმბოლურია და სიმბოლოა იმ პერიოდის საქართველოსი, როგორც ნებისმიერი თქვენგანისათვის.

ფოტოს გადაღების მომენტი საერთოდ არ მახსოვს. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში იური მეჩითოვმა თქვა, ფოტო 9 აპრილის დარბევიდან მეორე დღეს, ვაკეშია გადაღებული. რაღაც მომენტში დაუნახავს მომავალი მანქანა, რომლიდანაც მოჩანდა ლამაზი გოგონა დროშით ხელში, მოეწონა და ფირზე აღბეჭდა.

სტუდენტობის პერიოდში ბიძასთან და ბიცოლასთან ვცხოვრობდი. 9 აპრილის დარბევის შემდეგ, გამთენიისას, ბიცოლაჩემის ძმა ისეთი ნაცემი და დასისხლიანებული დაბრუნდა სახლში, რომ საოცარი პროტესტის გრძნობა დამეუფლა. ბრაზი მახრჩობდა იმის გამო, რომ ქართველებს საკუთარ მიწაზე კლავდნენ. შიში არც გამკარებია. მე და ჩემმა ბიძაშვილმა გოგომ, ნაუცბათევად ავაწყვეთ ის დროშა, რომელიც ფოტოზე მიჭირავს და ქუჩაში გამოვედით. ბიძა და ბიცოლა ტირილით უკან მოგვდევდნენ - ხალხი ჩახოცეს და თქვენ სად მიდიხართო. სწორედ გზად მიმავალთ, კინოსტუდიასთან შეგვხდნენ ის ბიჭები, რომლებიც ფოტოზე მანქანაში ჩანან. გვითხრეს, რომ უფრო წინ წასვლა, მით უმეტეს მარტო, ძალიან საშიში იყო და გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ, დღემდე არ ვიცი, ვინ არის ის ორი ბიჭი.

- მიუხედავად ყველაფრისა, ბევრს აქვს იმ პერიოდის მონატრება. ამბობენ, რომ ასეთი ერთსულოვანი საქართველო, მას შემდეგ აღარ უნახავთ, რომ სხვანაირი იმედი ჰქონდათ ადამიანებს ერთმანეთისაც და მომავლისაც...

- მართლაც იყო ეს მუხტი ჰაერში. გეგონა, თუ შენ გვერდით მდგომი ისუნთქებდა, შენც ისუნთქებდი. ის თუ გადადგამდა ნაბიჯს, ეს შენი გადადგმული ნაბიჯიც იყო. საქართველო ერთი გულით ფეთქავდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ როცა დადგა მომენტი, მეც იქ ვიყავი, სადაც ნებისმიერი სულით ქართველი იდგებოდა. საშინლად განვიცადე მერაბ კოსტავას სიკვდილი. ჩემს მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ვიდექი, როდესაც რადიოში გამოაცხადეს და მახსოვს, როგორ ჩავყევი უნივერსიტეტის კედელს და ჩავიკეცე. თითქოს იმედის ნაწილი მომიკლეს გულში.

- მარი, როდესაც რამდენიმე წლის წინ თავიდან "აღმოგაჩინეს" და აღმოაჩინეს, რომ ემიგრაციაში შენც ისევე მუშაობდი და წვალობდი, როგორც სხვა უამრავი ქართველი, თქვეს, რომ გოგონა 9 აპრილის ფოტოდან, ისევ საქართველოს სიმბოლო იყო...

- ამგვარი განცდა ალბათ ქართული ემოციურობის ბრალია, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მჯერა, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის და ამას ქვეყანას ვერ დავაბრალებთ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში წამოსვლის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა და არ მინდოდა საქართველოს დატოვება, ეს, მაინც ჩემი არჩევანი იყო. ბევრისგან მსმენია, - შენ ისეთი გოგო იყავი, ისეთი სახელით სარგებლობდი, შენი მდგომარეობის გამოყენება შეგეძლო, შენ კი აქ მოხუცებს უვლი და თავს იმცირებო... ზუსტად ვიცი, როგორც ის 19 წლის გოგონა ფოტოდან, რომელიც გარე აგრესორისგან ცდლობდა ქვეყნის დაცვას, ჩემშია კვლავაც და თუ სამშობლოს დავჭირდები, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები, ისე გვაწირავ თავს...

- რატომ გახდა აუცილებელი შენი ემიგრაციაში წასვლა?

- მეუღლესთან ერთად, ბიზნესი მქონდა. ორ მაღაზიას ვამუშავებდით, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომისას, როდესაც ლარის კურსი დაეცა, ამან ჩვენს საქმეზე ძალიან იმოქმედა. იმ პერიოდში ვაჭრობაც შემცირდა. თავის დროზე, მაღაზიების ასამუშავებლად, ბანკიდან კრედიტიც გვქონდა გამოტანილი. ბანკის პროცენტი ვეღარ გადავიხადეთ, მაღაზიები დავკეტეთ და ბინაც დავკარგეთ. ჩემი შვილი ნაქირავებ ბინაში დავტოვეთ და იტალიაში წამოვედით, რაც რვა ათასი დოლარი დაგვიჯდა. წელიწადნახევრის განმავლობაში, მეუღლემ ერთი სამსახურიც კი ვერ იშოვნა და დროებით საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ცოტა ხანშივე გარდაიცვლა.

როდესაც იტალიაში ჩამოვედი, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ აქ ვინმე ხელგაშლილი დამხვდებოდა. ურთულესი პერიოდები გამოვიარე, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას. გამოვიდა ისე, რომ მან მიმიღო, მე კი, ჩემი მხრივ ვცდილობ, საქართველო შევაყვარო იტალიელებს. სულ ვამბობ, რომ ჩემს ქვეყანაზე ლამაზი, ქვეყანა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენსავით არავინ მღერის, რომ ჩვენსავით არავის შეუძლია სიყვარული, რომ სამოთხეა ჩემი ქვეყანა...

ასე ვიტყოდი, იტალია არის ქვეყანა, რომელმაც ცხოვრება შემაძლებინა და საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველთვის ვიცოცხლებ.

- იფიქრებდი, რომ იტალიაში ბედნიერებას თავიდან იპოვნიდი?

- რაღაც ეტაპამდე, ეს წარმოუდგენელი მეგონა, ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ, მარკომ მაგრძნობინა, რომ რამდენად მაგარი გოგოც არ უნდა ვიყო, აუცილებლად მჭირდება გვერდით ძლიერი მამაკაცი. მოახერხა და ამაში დამარწმუნა, ამიტომაც არის მარკო სბრაჯი ჩემს გვერდით.

პროფესია არარომანტიკული აქვს, პროგრამისტია, მაგრამ თავად ძალიან რომანტიკულია. ერთმანეთი ერთი წლის წინ, ვინჩიში, ლეონარდო და ვინჩის მშობლიურ მხარეში გავიცანით და სულ ახლახანს, ერთი კვირის წინ არეცოში ვიქორწინეთ. თავიდან, ქორწილის გადახდას არ ვაპირებდი, მაგრამ მარკოს დიდი ოჯახი აქვს და ამდენ იტალიელს ერთად, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

ცდილობს ქართული ისწავლოს. ზაფხულში ერთად ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას. დაუსწრებლად უყვარს ჩემი სამშობლო. ერთხელ ასეთი რამ მითხრა - "მე შენში საქართველოს ვხედავ და იმდენად კარგი ხარ, მინდა, საქართველოს მადლობა გადავუხადო შენი თავი რომ მაჩუქაო".

- დაბრუნდები საქართველოში საცხოვრებლად?

- მარკოს სურვილი აქვს, რომ წლების შემდეგ, რაიმე საქმიანობა წამოიწყოს საქართველოში. სამუდამოდ, ალბათ ვერ ჩამოვალთ, შვილებს ვერ მიატოვებს, მაგრამ ვეცდებით თანაბრად გავანაწილოთ დრო და სიყვარული, იტალიასა და საქართველოს შორის.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან