"Gross Octet" - როცა მასწავლებლები მღერიან - კვირის პალიტრა

"Gross Octet" - როცა მასწავლებლები მღერიან

რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ფილიალის, ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის მომღერალთა ანსამბლი "Gross Octet"- ი პირველია, რომელიც პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, რაც ნამდვილად, გამორჩეულ და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

ანსამბლი 8 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც 2 მამაკაცი, 6 კი - ქალია. "Gross Octet"- ი თითქმის ერთი წელია შეიქმნა და უკვე რამდენიმე სიმღერის ჩაწერაც მოასწრეს. სწორედ შექმნისა და ჩამოყალიბების შესახებ ვესაუბრეთ ანსამბლის ხელმძღვანელსა და სულის ჩამდგმელს ნათია მთიულიშვილს.

- ნათია, პირველ რიგში, გვიამბეთ ანამბლის შექმნის იდეასა და ისტორიაზე...

- თითქმის უკვე ერთი წელია ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი და დამოუკიდებლად ვარსებობთ. ჩვენს სკოლაში ტარდებოდა პედაგოგების კონცერტი, სადაც შეგვეძლო, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მიგვეღო მონაწილეობა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ჯგუფი და ამ ყველაფრისთვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა.

ყველა ერთი სკოლის პედაგოგები ვართ და შესაბამისად, ერთმანეთს სკოლამ დაგვაკავშირა. ჯგუფის წევრები მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც ვამეცადინებთ. ერთიმეორის შესაძლებლობების შესახებაც კარგად ვიცოდით და საბოლოოდ ჩვენი შესაძლებლობები გავაერთიანეთ.

- როგორია თქვენი რეპერტუარი?

- ანსამბლში სულ რვა წევრია: ლელა ზაალიშვილი, მანანა დგებუაძე-დურგლიშვილი, თეა თავშავაძე, ნათია ვარდანიძე, სოფო ქუთათელაძე, გურამ ლალიაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი და მე.  რაც შეეხება რეპერტუარს, საკმაოდ მრავალფეროვანი სიმღერები გვაქვს. ვმღერით, როგორც უცხოურ, ასევე ქართულ სიმღერებს. აქვე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო: " გურია" "ყვავილების ქვეყანა" და "Words".

-  ანსამბლის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ "Gross Octet" -ი უკვე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებში და აქვე დავსძენ, რომ ჩვენი სიმღერები რამდენიმე ქართულ რადიოშიც ჟღერს. უახლოეს მომავალში ბაქოში გამგზავრებას და იქ, ფესტივალში მონაწილეობას ვაპირებთ, ასევე იგეგმება ჩვენი გასტროლი თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, სადაც ემიგრანტებისთვის მიძღვნილ კონცერტზე ვიმღერებთ.

გიორგი მოსაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)