"მცირე მუხტით აფეთქებებისასაც კი, ისედაც დაზიანებული ძეგლი, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზარალდეს" - რა ელის ფიტარეთის მონასტერს?! - კვირის პალიტრა

"მცირე მუხტით აფეთქებებისასაც კი, ისედაც დაზიანებული ძეგლი, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზარალდეს" - რა ელის ფიტარეთის მონასტერს?!

საყდრისის შემდეგ საფრთხე შესაძლოა ფიტარეთის უძველეს მონასტერს დაემუქროს. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის წინ, RMG-ის შვილობილმა კომპანია " სიემჯიმ" (CMG) - ფიტარეთის მიდამოებში გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები დაიწყო. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კომპანია ფიტარეთის მონასტრიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარე "ბნელი ხევის" საბადოზე აპირებს ოქროს მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებას ღია კარიერული წესით.

დეტალებზე "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" წევრს, ნინო ბურჭულაძეს ვესაუბრეთ.

- "კავკასიის სამთო ჯგუფი" ( CMG) სალიცენზიო ტერიტორიებს ფლობს თეთრი წყაროს, ბოლნისის, დმანისი და წალკის რაიონებში, ეს ძალიან ფართო ტერიტორიაა, რომელშიც ხვდება ფიტარეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, რომლის ირგვლივ განვითრებულ პროცესებს "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ზაფხულიდან აკვირდება. სექტემბრის დასაწყისში ერთ - ერთმა მომლოცველმა კომიტეტს აცნობა, რომ ფიტარეთში მიმავალმა ტყეში ნახა ტექნიკა, რომელიც გაურკვეველ სამუშაოებს აწარმოებდა.. დაინტერესებულმა მუშებისგან შეიტყო, რომ მალე იქ ოქროს მოპოვება დაიწყებოდა. სამწუხაროდ, მომლოცველი ვერ ასახელებდა კონკრეტულ ადგილს თუ სად ნახა ტექნიკა და არც კომპანიის სახელი იცოდა... ჩვენ ორი კვირა დაგვჭირდა, რომ მიღებულ ინფორმაციაში უფრო მეტი სიცხადე შეგვეტანა. გავარკვიეთ, რომ ფიტარეთის მიდამოებში კომპანია "სიემჯი"(კავკასიის სამთო ჯგუფი) აწარმოებდა გეოლოგიურ სადაზვერვო სამუშაოებს. დავუკავშირდით კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯონი შუბითიძეს, რომელმაც სატელეფონო საუბარში ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა თხოვნაზე, თუ შესაძლებელი იქნებოდა გადმოეცა სალიცენზიო ტერიტორიის რუკა, რათა გაგვერკვია კონკრეტულად რომელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მდებარეობდა იმ ადგილებში, უარი გვითხრა..

ამის შემდეგ, საყდრისის კომიტეტმა ოფიციალურად მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და გამოვითხოვეთ ზოგადად თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და არქეოლოგიური ობიექტების ნუსხა. 27 სექტემბერს ჩავედით ფიტარეთში. მინდა გითხრათ, რომ მდინარე ხრამის ხეობაში ვნახეთ კომპანიის მანქანები და გაურკვეველი სახის ორმოები (რომლებიც გადავიღეთ), მათ შორის მე-16 საუკუნის ხულუტის ციხის მიმდებარედ. თავად ფიტარეთში მონასტრის დათვალიერებისას გავარკვიეთ, რომ დაზიანებული სახურავის გამო უკვე კარგა ხანია ტაძარში წყალი ჩადის, რის გამოც უნიკალური მხატვრობის ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანებულია. გარდა ამისა, ტაძარში ხშირად ბათქაშიც ცვივა.

ამ ტერიტოტორიაზე ოქროს ამოღების შესახებ გეგმების არსებობა ფიტარეთში, ადგილობრივებმაც დაგვიდასტურეს.

ოქტომბრის დასაწყისში საყდრისის კომიტეტმა ოფიციალური წერილით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომელსაც თან დავურთეთ ფიტარეთში მოპოვებული ფოტოები და მოვთხოვეთ გაერკვია რა სამუშაოებს აწარმოებდა კავკასიის სამთო ჯგუფი იმ მიდამოებში და ხომ არ აზიანებდა ეს პროცესი იქ არსებულ ძეგლებს. არ დაგიმალავთ და ძალიან შეშფოთებულები ვიყავით, ამის მიზეზი ნამდვილად გვქონდა, რადგან კომპანია " სიემჯი" არის " არემჯი გოლდის" შვილობილი კომპანია, RMG კი ის კომპანიაა, რომელმაც 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა.

2017 წლის თებერვალში მივიღეთ წერილი, სადაც კომპანია" სიემჯი" არწმუნებდა სააგენტოს და შესაბამისად ჩვენც, რომ კომპანიამ მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები აწარმოა და სხვა ქმედებები მის უახლოეს გეგმებში არ შედიოდა. მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მდინარე ხრამზე კომპანიამ ააგო ხიდი ტექნიკის გადასაყვანად, ხოლო 20 მარტს კომპანია CMGმ" დაანონსა " ბნელი ხევის" საბადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) განხილვა, რომელიც 10 მაისს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის შენობაში 14 საათზე იყო ჩანიშნული. მინდა გითხრათ, ე.წ. გზშ-ს განხილვა ავტომატურად ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს განზრახვა, აწარმოოს მომპოვებითი სამუშაოები, ამ შემთხვევაში კი ლაპარაკია ღია კარიერული წესით ოქროს ამოღებაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ "ბნელი ხევის" საბადო ფიტარეთის მონასტრიდან სულ ორიოდე კილომეტრში მდებარეობს, არსებობს დიდი რისკი, რომ მცირე მუხტებით აფეთქებების დროსაც კი, ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი მონასტერი, მნიშვნელოვნად დაზიანდეს.

ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართეთ კუტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ვთხოვეთ შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. უკვე 24 მარტს კომპანია "სიემჯიმ" გზს-ს განხილვა გაურკვეველი ვადით შეაჩერა, თუმცა გასული კვირის პარასკევს ფიტარეთში ყოფნისას ვნახეთ, რომ კომპანია მაინც განაგრძობს ფიტარეთის ქედზე შიდა გზების გაფართოება-მოწყობას.

მინდა ცალსახად ვთქვა, რომ საყდრისის კომიტეტი ბიზნესის განვითარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევის და დაზიანების ხარჯზე....

როგორც ავღნიშნე, პარასკევს გახლდით ფიტარეთში და ძალიან სამწუხარო რამ ვნახეთ, ტაძარში ნესტის გამო ფრესკებს უკვე სოკო გაუჩნდა.

რა თქმა უნდა, აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ფიტარეთზე. "ბნელი ხევის" საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ხულუტის ციხე, რომელიც დღემდე არქეოლოგიურად შეუსწავლელია, და ასევე სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტები.

საყდრისის კომიტეტმა წინა კვირას წერილით მიმართა კულტურის მინისტრს, სადაც კიდევ ერთხელ ვითხოვთ მკაცრ მონიტორინგს ფიტარეთის ირგლივ განვითარებულ პროცესებზე. გარდა ამისა მოვუწოდებთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და აგრეთვე საპატრიარქოს არქიტეტურის სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყონ კონსულტაციები ფატარეთის მონასტრის გადახურვასთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკების დაზიანება.

ნიკოლოზ ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი:

- გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა შეჩერებულია, მის ფარგლებში აუცილებლად უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით  ჩატარებული კვლევა და ამის მერე შესაძლებელი იქნება ამ დოკუმენტის განხილვა. რაც შეეხება იმას, რომ გაფართოების სამუშაოები მაინც მიმდინარეობს, ამას სჭირდება დადასტურება და ამისთვის აუცილებლად განხორციელდება მონიტორინგი. ჩვენ ვიცით, რომ ის სამუშაოები, რასაც კომპანია ატარებდა, აღარ მიმდინარეობს, შეიძლება უბრალოდ გზას ასწორებენ. გასარკვევია ეს რა მიზანს ემსახურება და გადავამოწმებთ რაიმე ტიპის სამუშაოები ხომ არ არის დაწყებული, რაზეც ნებართვა ჩვენგან არ გაცემულა.

რაც შეეხება მონასტრის მდგომარეობას, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც გულისხმობს სახურავის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს. აქ იმდენად ფართო მასშტაბიანი სამუშაოებია ჩასატარებელი, ერთ წელიწადში ეს ფიზიკურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპს წელს ვიწყებთ, სახურავის შესაკეთებლად თანხა უკვე გამოყოფილია. ვფიქრობ, ტენდერი აპრილის მიწურულს გამოცხადდება, ივნისის დასაწყისში კი უკვე სამუშაოები დაიწყება".

ჯონი შუბითიძე, CMG ჯგუფის გენერალური დირექტორი:

- მაგ ტერიტორიაზე გზები გაკეთებულია 1950 წლიდან. 1950-60-იან წლებში გვირაბებია გაყვანილი, ეს გზები არსებობდა, ჩვენ დამატებით გეოლოგიურ სამუშაოებს ვატარებთ და ვაზუსტებთ იმ მონაცემებს, ამიტომ ის გზები რაც იყო, მხოლოდ იმის გაწმენდა თუ ხდება ხოლმე ზამთარში, დანარჩენი იქ არაფერი შეცვლილა.

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) განხილვა თუ შედგა და გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ სამუშაოებს სხვა კომპანია განახორციელებს. ჩვენი კომპანია დაკავებულია მხოლოდ გეოლოგიური საძიებო სამუშაოებით, ვამზადებთ ობიექტებს მთელ სალიცენზიო ტერიტორიაზე, თუ მარაგების დაცლის (იგულისხმება ოქროს მარაგის ოდენობის შესწავლა - თ.ბ.) შემდეგ, RMG ჯგუფი გადაწყვეტს, რომ დამუშავება მოხდეს, წარმოებას სხვა კომპანია დაიწყებს."

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)