"მოსწავლეს ყველა სახელმძღვანელოს ტარების ვალდებულება აღარ ექნება" - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში? - კვირის პალიტრა

"მოსწავლეს ყველა სახელმძღვანელოს ტარების ვალდებულება აღარ ექნება" - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში?

რამდენიმე თვის წინ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სამინისტრო სხვადასხვა ცვლილებაზე მუშაობდა. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს: სასკოლო წიგნების წონის რეგულირებას, შუა კლასებში სასწავლო პროგრამის განტვირთვას და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემოღებას. რა ეტაპზეა განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები და როდიდან ამოქმედდება სამინისტროს ინიციატივები - AMBEBI.GE განათლების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს ესაუბრა.

- სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავების ფარგლებში სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქების მიზნით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც სახელმძღვანელოს შინაარსთან, ისე ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებაში. კერძოდ: შევიმუშავეთ დაწყებითი კლასების ახალი სასწავლო პროგრამები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად - ახალი ტექნიკური პარამეტრები (შრიფტის ზომა, მანძილი სტრიქონებს შორის, ქაღალდის მასა, გარეკანი და სხვა.) და რეკომენდაცია მშობლებისა და სკოლებისათვის, ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, დავგეგმეთ სახელმძღვანელოების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობის ღონისძიებები. სიახლეა ისიც, რომ მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. ამისათვის მათ ელექტრონულ სახელმძღვანელოებს შევთავაზებთ. მოსწავლეს შეუძლია სახელმძღვანელო დატოვოს სახლში და ელექტრონული სახელმძღვანელოთი ისარგებლოს, თუმცა თუ ის გადაწყვეტს სახელმძღვანელოს ტარებას, რადგან მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ბეჭდური რესურსებით სწავლა, მაშინ წიგნის წონა რეგულირდება ზემოთქმული წესით.

აღსანიშნავია, რომ წონის შემსუბუქების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, ასევე, არის სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა, რაც გრიფირების წესით იქნება დაშვებული და გავრცელდება მოცულობითი სახელმძღვანელოებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი სტანდარტების შესაბამისად, საჭირო იქნება უფრო მეტი მასალის შეტანა სასკოლო სახელმძღვანელოებში, ავტორებს მოეთხოვებათ სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა ისე, რომ თითოეული ნაწილი არ იყოს სტანდარტით განსაზღვრულ წონაზე მეტი.

ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან, როდესაც განვახორციელებთ დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების დანერგვას, ჩვენს მოსწავლეებს სრულად მოეხსნებათ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა.

- მინისტრის თქმით, ელექტრონული სახელმძღვანელო იქნება ნებაყოფლობითი…

- სახელმწიფოს მიდგომაა, რომ ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად დაიწყოს ელექტრონული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის შექმნა მათი ანალოგი ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაბეჭდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ჩაანაცვლებს ელექტრონული სახელმძღვანელოები, არამედ საუბარია მოსწავლისა და მისი მშობლის შეხედულებით ფორმატის არჩევაზე. სახელმწიფო მათ შესთავაზებს შესაძლებლობას, არჩევანს კი თავად ბავშვი და მშობელი გააკეთებს, თუ რომელი უკეთესი და მისაღები იქნება მათთვის. არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც გვეუბნება, სხვადასხვა ასაკში ჯანმრთელი თვალის მქონე ბავშვისთვის როგორი შეიძლება იყოს მაქსიმალური დრო, რომელსაც კომპიუტერის ეკრანთან გაატარებს, მაგრამ მოგეხსენებათ, თითოეული ბავშვი არის ინდივიდუალური, აქვს განსხვავებული შესაძლებლობა, ზოგი ნაბეჭდი დოკუმენტიდან უკეთესად აღიქვამს, ზოგი ელექტრონულიდან და ა.შ. ამიტომ ამას გადაწყვეტს ბავშვი და მშობელი, მისთვის რომელი იქნება უკეთესი. გაგრძელება