დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობა და პირველი ზიარება - კვირის პალიტრა

დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობა და პირველი ზიარება

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.

ზიარების საიდუმლო უფალმა დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ჟამს დაადგინა.

პირველი წმინდა ზიარება ასე მოხდა: "და როცა ჭამდნენ, აიღო პური იესომ, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი, აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ, ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული - მისატევებლად ცოდვათა". ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიხმევთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით, რეალურად გადაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად, ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის, მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი უფალი იესო ქრისტეა.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში მირონის კურთხევა შეიძლება. ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა ქრისტიანი ცდილობს, არ დარჩეს უზიარებელი.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ."თორმეტი სახარება"ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.

იხილეთ: ვნების კვირა