"ვცდილობთ, ახალი სახელები აღმოვაჩინოთ" - თბილისის მოდის კვირეული - 2017 - კვირის პალიტრა

"ვცდილობთ, ახალი სახელები აღმოვაჩინოთ" - თბილისის მოდის კვირეული - 2017

თბილისში მოდის კვირეულის  ჩატარება 2009 წლის შემდეგ ტრადიციად იქცა. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი, 19 აპრილს თბილისის მოდის კვირეული გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

შემოდგომა/ზამთარი 2017 წლის სეზონზე, თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი. უკვე მეორე წელია ორგანიზატორები ტრადიციას ამკვიდრებენ და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობენ. შარშან მოდის კვირეული ნინო რამიშვილისადმი მიძღვნილი საღამოთ გაიხსნა, წელს კი მოდის ფორუმი ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს, რომელსაც მულტიმედიური ხასიათი ექნება და გამოფენას, პერფორმანსს, ინსტალაციასა და ვიდეოარტს გააერთიანებს.

თბილისის მოდის კვირეული ფარგლებში წელსაც ჩამოვლენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების: Vogue Italia, W Magazine, Harper’s Bazaar, ELLE.com, Fashion to Max და ა.შ წარმომადგენლები. ასევე იგეგმება ტური, რომელის დროსაც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღისშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.

თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

- ყველა სეზონი ერთმანეთისგან გამორჩეულია, მაგრამ ძირითადი ბირთვი არის ის, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები ვიხილოთ და მათი ცნობადობა გავზარდოთ. მთავარია ქართული მოდისა და ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით და ამ ნიშით ვაგრძელებთ საქმიანობას - ვცდილობთ, ყოველ სეზონზე ახალი დიზაინერები, ახალი სახელები აღმოვაჩინოთ. წელს გამოვაცხადეთ კასტინგი ახალბედა დიზაინერებზე მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან ჩავთვალეთ, რომ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

შარშან გავაკეთეთ ნინო რამიშვილის პირადი კოსტუმების გამოფენა და იმდენად საინტერესო გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო პრესისთვის, რომ გადავწყვიტეთ, ყოველ სეზონზე თითო ქართველი ლეგენდის წარდგენა. ამ სეზონზე სოფიკო ჭიარულისადმი მიძღვნილი პერფორმანსით გაიხსნება თბილისის მოდის კვირეული.

ნინო წუფურია