"გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში" - რას პასუხობს კულტურის მინისტრი ყიფშიძეებს? - კვირის პალიტრა

"გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში" - რას პასუხობს კულტურის მინისტრი ყიფშიძეებს?

"ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში"

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, მსახიობებისთვის ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით მსახიობებისგან უარყოფით შეფასება მოჰყვა. სოციალურ ქსელში კი მსახიობი გიორგი ყიფშიძემ საკუთარი აზრიც დააფიქსირა და მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდა:

"მსახიობებმა მომწერეთ!! ვინც ხართ თანამოაზრეები! იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს... არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით"

საზოგადოების ნაწილი მსახიობის ამ განცხადებას დაეთანხმა, როგორც ისინი ამბობენ, თეატრებში გაუსაძლისი მდგომარეობაა. ამ საკითხთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა ზურა ყიფშიძემაც:

"უკვე იმდენად დავიღალე, აღარაფერზე საუბარი აღარ მსურს! არც ის ვიცი რა მოხდა ახალი და გასაკვირი, რატომ ატყდა ამხელა ამბავი?! რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს ხელფასების შემცირებას! საუბარია იმაზე, მსახიობებებს, მეცნიერებს თუ მუშებს ვინც ხელფასს უმცირებს, თავისთვის ამცირებს თუ არა, ეს რომ არ ვიცით! თვითონ პრემიებს იმატებენ და ჩვენ ხელფასს გვიმცირებენ!... რადგან დაიბადე ასეთ ქვეყანაში, ან უნდა გაუძლო, ან მოშორდე!..

მოიჭირეთ ქამრები ძალიან საინტერესო გამონათქვამია. რამდენიმე შემთხვევაში იჭერენ ამ ქამრებს. საინტერესო საკითხია, ყველანი ვიჭერთ თუ არა ქამრებს?! მოვიჭერთ, ეგეთები მოგვიჭერია?! მაგრამ თუ ყველა მოიჭერს და რამდენს. ზოგს მოსაჭერი ადგილი აქვს, ზოგს არ აქვს. ალბათ ეს უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს ჩვენი საქმე და ამ საქმის გარშემო რაც ხდება. უჭირთ ადამიანებს და გამოდიან და საჯაროდ ამბობენ, ჩვენ ვფიქრობთ ასე და იქნებ მოგვხედოთო... მე შემიძლია დავჯდე და შორიდან ვუყურო ამ ყველაფერს, მაგრამ ახალგაზრდები არიან ცოდოები. საწყენია, რომ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები იგრძნობენ თავს ისე, როგორც მე, ჩემხელები რომ გახდებიან. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უნდა გამოვიდნენ ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც და თქვან თავისი სათქმელი.

როცა გიჭირს, შენ დაგეხმარებიან, ვიღაცას პატივს სცემენ და ა.შ., მაგრამ სხვებმა რა ქნან. ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, სამი თვე გაგვიჩერეს. მერე თქვეს, რომ საჩუქარს დააკლდებაო, მერე გავიგეთ, რომ ისეთ მსახიობებს მოეჭრათ, რომლებიც დღეს სცენაზე არ გადიან, მაგრამ იმდენი დაიმსახურეს, რომ ხელფასი ჰქონდეთ. რომ დაუტოვებ მარტო პურის ფულს და მთელ ხელფასს წაართმევ, მგონი, არ არის ლამაზი. უხდებათ სამ-ოთ სამუშაოზე ყოფნა: ტელევიზიაში, თეატრი და... მხოლოდ იმიტომ არა, რომ საინტერესოა სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა, უბრალოდ სჭირდებათ ეს ხელფასისთვის და ამიტომ იხევიან ათ ნაწილად. ან ესმით ეს ან არ ესმით", - განცხადა ზურა ყიფშიძემ "ტვპირველთან".

მსახიობების უკმაყოფილებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა. მინისტრმა თეატრების ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომ "ისინი არაფერს აკეთებენ დაფინანსების წყაროების მოძიებისთვის". მისივე ინფორმაციით, მსახიობების ხელფასების შემცირება ყველა თეატრში არ მომხდარა.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მღელვარებაა სოციალურ ქსელებში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ პრაქტიკულად 400-ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს.

ვწუხვარ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა ზოგადად სისტემურ საკითხზე, მაგრამ ყველანაირ ზღვარს გასცდა ამბავი, როდესაც საზოგადოება პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ. არავითარ 400-ლარიან ხელფასზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში.

ის ასევე არის გადაცემის წამყვანი „პირველ არხზე“ და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური. აღარ ვამბობ ფონდი „ქართუს“ გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს კერძო თანხა არის და რატომ ითვლის სამინისტრო ამ თანხას. რა თქმა უნდა, ამას არ ვითვლი, უბრალოდ მინდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ეს ინფორმაცია...

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც ამდენად გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა პირდაპირ ეთერში გიორგი ყიფშიძემ, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი. დაახლოებით ხუთჯერ მეტი თანხა გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. ყველანაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა ეთერებში, პირად საუბრებში, სოციალურ ქსელზე აღარფერს ვამბობ. მთელი საზოგადოება არის შეწუხებული და ამიტომ, მე მიწევს ასეთი განმარტებების გაკეთება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რაზეც მე ვსაუბრობ", - განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ