მივიწყებული პანთეონი - კვირის პალიტრა

მივიწყებული პანთეონი

საფლავი კვარცხლბეკზე შემოწყობილი წიგნებითა და სევდიანი წარწერით: "ახალგაზრდა პოეტი ავთანდილ კაშმაძე". თითქოს მასზეც რაღაც გამეგო, ლექსიც კი ამომიტივტივდა გონებაში, რომელიც ალბათ ბავშვობაში წავიკითხე, მაგრამ მერე ის ლექსიც ისევე გაქრა გონებიდან, როგორც ეს მივიწყებული პოეტი დროში

მესაფლავე ერთ საფლავთან შედგა - ჟანგიანი ღობე უშველებელ ნაძვის ტანს ისე შეზრდოდა, გეგონებოდათ, ერთად დაიბადნენო

ამბობენ, რომ აღდგომა იმ ქვეყნად წასულ ჩვენს მიცვალებულებს ისევე უხარიათ, როგორც ჩვენ - ისინი ხომ მეორედ მოსვლის აღდგომას ელოდებიან... მანამდე კი ჩვენ მივახარებთ აღდგომას წითელი კვერცხითა და ჭიქა ღვინით. მაგრამ უჭირისუფლო მიცვალებულებმა რაღა ქნან?! ამიტომაც ამ დღეს ხშირად მახსენდება ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი - მის ბინადართ ქვეყნის ჭირისუფლობა დაამშვენებდათ, მაგრამ ერთი კაციც აღარ ნახულობს. აქ 60-იანი წლების დასაწყისამდე იკრძალებოდნენ ერის საამაყო შვილები, მერე კი დაიხურა. ამასობაში ბევრი საფლავი ბალახს მიაქვს... ზოგი კი მიწამ წაშალა.

- გამოგყვები და გიჩვენებ, ვისი საფლავი სად არის. აქ დიდი ხანია, ვმუშაობ და ყველაფერი მახსოვს. წარწერები ისეა გადაშლილი, ვერ წაიკითხავ, - მითხრა მესაფლავემ და გამომყვა. მერე ერთ საფლავთან შედგა - ჟანგიანი ღობე უშველებელ ნაძვის ტანს ისე შეზრდოდა, გეგონებოდათ, ერთად დაიბადნენო. ამ საფლავისას ვერაფერს გეტყვი, მე რომ მოვედი, დაფაზე წარწერა უკვე წაშლილი იყო, ვეღარავინ გეტყვით, ვინ განისვენებსო, მითხრა და სხვა საფლავთან მიმიყვანა. უბრალო დაფაზე ძლივსღა იკითხებოდა: "პროფესორი ანდრია ბენაშვილი - 1868-1942".

- იცანი, ვინც არის?! - მკითხა და შემომაცქერდა.

რასაკვირველია, უნივერსიტეტში სწავლისას გამიგონია ანდრია ბენაშვილის სახელი: რუსეთის იმპერიის ცნობილი გენერალი და ასტრონომი სამშობლოში ივანე ჯავახიშვილთან ერთად უნივერსიტეტის დასაარსებლად დაბრუნდა. მერე პოლიტექნიკური ფაკულტეტიც დააარსა, რასაც პოლიტექნიკური ინსტიტუტიც მოჰყვა... დიდი მეცნიერის დაჟანგულ საფლავსა და გაცრეცილ დაფას ყოველი მხრიდან მოვუარე და სევდა შემომაწვა - ნუთუ კაცს, რომელმაც ამხელა რამ გააკეთა ქვეყნისთვის, ერთი ჭირისუფალი აღარ ჰყავს?! მესაფლავემ პასუხად მეორე საფლავთან გადაინაცვლა, რომელსაც წარწერის ნარჩენიც აღარ შერჩენოდა. ლეგენდარული არქეოლოგის, ბორის კუფტინის საფლავი აღმოჩნდა. მესაფლავემ - იქამდე სულ არ ვიცოდი, ვინ იყო, შარშან კაცი მოვიდა, საფლავი მოგვაძებნინა, ფული მოგვცა და გვითხრა, - ეს ფული კუფტინის ნამოწაფარმა ამერიკიდან გამოგვიგზავნა ამ ცხონებულის საფლავის საპატრონოდ და მიხედეთო. საფლავზე ბალახი კი არა, უკვე ხეები იყო ამოსული და მოვჭერით. მერე კი მომიბრუნდა, - შენ ალბათ კუფტინიც გეცოდინება. მართლა ასეთი ადამიანი იყო, რომ ნამოწაფრები მის საფლავს პატრონობენო?! დავუდასტურე - დიდი არქეოლოგი იყო, საგანგებოდ ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენი პირველი არქეოლოგიური საგანძური მისი აღმოჩენილია-მეთქი. მესაფლავემ ხელი ჩაიქნია - რა უცნაური რამეა ცხოვრებაო და მორიგი საფლავისაკენ წამიძღვა.

იქაც გულსაკლავი სანახაობა დაგვხვდა - კვარცხლბეკზე შემოწყობილი წიგნებითა და სევდიანი წარწერით: "ახალგაზრდა პოეტი ავთანდილ კაშმაძე, - 1915-38 წლები". თითქოს მასზეც რაღაც გამეგო, ლექსიც კი ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ მერე ისევე გაქრა, როგორც ეს მივიწყებული პოეტი და პანტელეიმონ ჩხიკვაძის საფლავზე გადავინაცვლეთ. სხვათა შორის, არ იყო ცუდი მწერალი, უნდოდა, კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანზე რომანი დაეწერა, მაგრამ ახალგაზრდა გარდაიცვალა და არ დასცალდა.

- ეგ მურზაყანი ვინ იყო?

- სვანეთის უკანასკნელი მთავარი, რომელსაც რუსმა გენერალ-გუბერნატორმა რუსეთში გადასახლება მოუნდომა, მან კი ამისთვის გუბერნატორსა და მის სამ ჯარისკაცს გააფრთხობინა სული, სამაგიეროდ, თვითონ ჩამოახრჩვეს!

- მაგის სულს ვენაცვალე! - აღმოხდა მესაფლავეს და ისევ მივიწყებულ საფლავებს შორის გააბიჯა. ამასობაში არტემ გაბუნიას (1895-1940) ნატიფად ჩამოქნილი საფლავის ქვაც დავინახეთ, - თავად საფლავი დროს წაუშლია, ქვა კი დარჩენილა.

- არ მითხრა, რომ ესეც იცი, ვინ იყო! - მესაფლავემ ხელები გაშალა, მაგრამ იმედი გავუცრუე, - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასეთ ქვას ტყუილად არ დაადებდნენ-მეთქი. მართალიც აღმოვჩნდი, - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის საფლავი ყოფილა. სხვათა შორის, გალაკტიონის მეგობარი იყო, რომელზეც დიდი პოეტი ერთ დროს ძალიან წუხდა, - სად არის არტემი, ეგ ისეთმა ქალმა გაიტაცა, მის ღირსებას არ შეეფერებაო!.. იქნებ ეს საფლავის ქვაც იმ ქალმა დაადო, რომელიც გალაკტიონს ასე არ მოსწონდა...

არტემ გაბუნიას საფლავის გვერდით არტემ ახნაზაროვის უპატრონოდ მიტოვებული სამარეც ვნახეთ - ვისაც ემილ ზოლას და გი დე მოპასანის რომანები წაუკითხავს, სულ არტემ ახნაზაროვის თარგმანების წყალობით...

ვაკის პანთეონში ერთი უბრალო თეთრი ლოდი, დროსა და ჟამისაგან გადახუნებული, ამ დიდი სიმდიდრის შემქმნელ კაცს, მხატვარ გიგო გაბაშვილსაც ადევს სიმბოლოდ იმისა, რომ მილიონების პატრონსაც იმ ქვეყნად მისხალიც ვერ მიაქვს. ასეც უნდა იყოს! თუმცა დიდი სახელის დამტოვებლები ამქვეყნად დიდ სიყვარულს ტოვებენ; მათ საფლავებზე მოდებული ბალახი კი - დიდ ტკივილს.

მეც ასე მეტკინა გული ვაკის პანთეონში - ვინ მიახარებს მათ აღდგომას ამ ქვეყნიდან?!

ეთერ ერაძე