ათენში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა - კვირის პალიტრა

ათენში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა

"სახლში იპოვეს უგონოდ მყოფი ქართველი ქალბატონი ნატო ჭანტურია"

ათენში, საბერძნეთში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა. როგორც ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განაცხადა, ხანძარი 16 აპრილს, კალითიის მუნიციპალიტეტში მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი. სახლში ასევე იმყოფებოდა მოხუცი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა.

„სავარაუდოდ ხანძარი კანდელმა გამოიწვია. დაგვიანებით მოსულმა სახანძრომ ცეცხლის ევაკუაცია უზრუნველყო. სახლში იპოვეს უგონოდ მყოფი ქართველი ქალბატონი ნატო ჭანტურია და მოხუცი მამაკაცი, რომლებიც გადაიყვანეს ათენში, გენიმატას საავადმყოფოში. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ნატო ჭანტურიას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური“, - განაცხადა გიუნაშვილმა.

ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დაშავებული ემიგრანტი საავადმყოფოში მოინახულა, სადაც ოჯახის ახლობელმა გიორგი დიდიძემ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატო ჭანტურიას ოჯახი ითხოვს დახმარებას, რადგან ყველა საბუთი, რაც საავადმყოფოში რეგისტრაციისთვის არის საჭირო, განადგურებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ნატო ჭანტურიას სხეულის 65%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.

"ინტერპრესნიუსი"