"მეკობრეებთან ბრძოლა უდიდესი სტრესია" - ქართველი მეზღვაური ძმების ფათერაკიანი თავგადასავლები, პაროლი "ხვანჭკარა-ქინძმარაული" და ბერმუდის სამკუთხედი - კვირის პალიტრა

"მეკობრეებთან ბრძოლა უდიდესი სტრესია" - ქართველი მეზღვაური ძმების ფათერაკიანი თავგადასავლები, პაროლი "ხვანჭკარა-ქინძმარაული" და ბერმუდის სამკუთხედი

"სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში..."

შორეული ნაოსნობის მეზღვაური ძმები - ირაკლი და დავით გოგუები ბათუმიდან არიან. მათი მამაც და ბაბუებიც შორეული ნაოსნობის გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ. ერთ-ერთი ბაბუა - კაპიტანი აბესალომ ზენაიშვილი საბჭოთა კავშირში ძალიან სახელგანთქმული ყოფილა. მეზღვაურები არიან ბიძა და ბიძაშვილებიც. ეგ კი არა, ირაკლის მეუღლე სოფო თავართქილაძეც მეზღვაურის ოჯახიდანაა და მართალია, რთულია, ოჯახის წევრს წლის განმავლობაში მხოლოდ 1-2 თვეს ხედავდე, რაკი დაბადებიდან მიჩვეული ხარ ლოდინს, ალბათ, გაუსაძლისიც აღარ არის... და მაინც, საინტერესოა, რა განსაკუთრებული ხიბლი აქვს ზღვას, ოკეანესა და წყლის სამყაროში ფათერაკებიან მოგზაურობას, მთელ სიცოცხლეს მასთან დაკავშირებულ პროფესიას რომ მიუძღვნი? ან, იქნებ, მხოლოდ ინერციით მიჰყვები საოჯახო ტრადიციას და სხვაგვარი არჩევანი ვერც წარმოგიდგენია?

ირაკლი და დავით გოგუები

დავითი:

- ჩვენც გვაინტერესებდა ცხოვრება, რომელზეც ბევრს გვიამბობდნენ ჩვენი წინაპრები. თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლები ძალიან გვეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ორივე ძმამ მაინც საზღვაო აკადემიაში ჩავაბარეთ.

ირაკლი:

- ოღონდ დათო გემწამყვანია, მე - ენერგეტიკული დანადგარების ინჟინერი-მექანიკოსი და ორივე პროფესია ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანია. მე 2008 წლიდან დავცურავ, დათო კი - 2012 წლიდან, მაგრამ ერთ გემზე არასდროს გვიმსახურია. ერთი ოჯახის წევრებისთვის ეს არც შეიძლება. მე სწავლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ კომპანიაში, რომლის გემები ბერძნული დროშით დაცურავენ.

დავითი:

- ჩემი ბოლო სამუშაო კომპანიის მფლობელიც ბერძენი იყო, ხოლო გემი ბაჰამის დროშით დაცურავდა და ბრაზილიური ნავთობკომპანიისთვის მუშაობდა. ძირითადად, ბრაზილიის რაიონში დავცურავდით. კონტრაქტები რომ იცვლება, მეტწილად, სხვადასხვა გემზე გვიწევს მუშაობა.

- ამბობენ, შრომითი პირობები ხშირად ირღვევაო. თქვენთან რა ვითარებაა?

ირაკლი:

- სასაყვედურო არაფერი გვაქვს, რადგან ზედმეტად არავინ გვამუშავებს, საცხოვრებელი პირობებიც ნორმალურია და საკვებიც. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაც (IMO) და საზღვაო პროფკავშირებიც საკმაოდ დიდ ყურადღებაც აქცევს ასეთ საკითხებს და ყველაფერს არეგულირებს. თუ რაიმე პირობა დაგვირღვიეს, იმ წამს შეგვიძლია მივწეროთ საზღვაო ინსპექციას და მათი წარმომადგენელი სიტუაციის შესამოწმებლად უახლოეს პორტშივე ამოვა გემზე.

- ალბათ შორეული ნაოსნობა საკმაოდ სახიფათოა - ცალკე სტიქია და ცალკე XXI საუკუნის მეკობრეები, ხშირად რომ ესხმიან თავს გემებს. მეკობრეების ხელში ქართველებიც რამდენჯერმე აღმოჩნდნენ. თქვენც დაპირისპირებიხართ სტიქიასა და მეკობრეებს?

- მეკობრეების თვალსაზრისით ძალიან სახიფათოა სომალის ტერიტორია, კერძოდ - ადენის ყურე. მე მიმუშავია მაგ რაიონში. როგორც კი სუეცის არხიდან გამოცურავ, წითელი ზღვისა და ინდოეთის ოკეანის გასაყარზე, საკმაოდ ვიწრო ადგილია, სადაც მეკობრეებს თევზსაჭერი გემებით შეუძლიათ გამოსვლა. მართალია, ნაპირიდან 700 კილომეტრზე შორს ვერ გადიან, მაგრამ სხვა გასასვლელი გემსაც არ აქვს, ამიტომ ძირითადი ხიფათიც მანდაა.

დავითი:

- მაგ გზას გვერდი რომ აუარო, ძალიან დიდი წრის დარტყმა მოგიწევს. ეს კი ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული - ორი კვირის გასავლელს თვეს მოანდომებ. ეს სახიფათო გზა გემით სამჯერ გავიარე, მაგრამ სამივეჯერ ჩვენი კომპანიის დაქირავებული დაცვის თანხლებით. მსოფლიოში საზღვაო დაცვის სამსახურის ინგლისური კომპანიები არსებობს, სადაც სხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად ქართველები, უკრაინელები და რუსებიც მუშაობენ. კონვოი დგება და ყურეში ჯერ ერთი სამხედრო გემი მიდის, მას კი გემების ქარავანი მიჰყვება. ასე გაცილებს დაცვა ყურის ბოლომდე. თითოეულ გემზეც უნიფორმიანი 4-6 კაცი ამოდის. ისინი 24 საათის განმავლობაში გემბანის ორივე მხარეს, ნავიგაციის ხიდზე მონაცვლეობით დგანან და მეკობრეების გადაადგილებას თვალყურს ადევნებენ. იმ ყურის გავლას 2-დან 5 დღემდე სჭირდება და ასეთ ვითარებაში მეკობრე ვერ გაბედავს გემზე თავდასხმას.

ირაკლი:

- ჩვენ ხანდახან ყურის იქითაც, მომდევნო პორტამდე მოგვყვება გემზე მყოფი დაცვა და მერე გვტოვებს - ამასაც ჩვენი კომპანია უზრუნველჰყოფს. იმ გზაზე გემის დაზიანების ან ეკიპაჟის გატაცების საშიშროება აღარ არის, მაგრამ ზოგიერთ ადგილას შესაძლებელია, ვიღაც ამოიპაროს და ფასეული ნივთები შეუმჩნევლად გაიტანოს.

გაყინული ზღვა კანადასთან

დავითი:

- კიდევ არის ერთი, ძალიან სახიფათო, ფაქტობრივად, ურთულესი რაიონი - ნიგერიის.

ნიგერიელ და სომალელ მეკობრეს შორის განსხვავება ისაა, რომ ნიგერიელებს არც გემის მეპატრონე აინტერესებთ და არც გემი. ისინი მხოლოდ ძარცვავენ ეკიპაჟის წევრებს და ხშირად კლავენ კიდეც. სომალელები კი გემს იტაცებენ და გემის მეპატრონისგან გამოსასყიდს თხოულობენ. ჩემი მეგობარი მოხვდა გემით ნიგერიაში. გემს ღუზა ჰქონდა ჩაშვებული და ეკიპაჟის გასაძარცვად სწორედ ამ ღუზაზე აძვრა ნიგერიელი მეკობრე, ძარცვისას გაისროლა და ფილიპინელი მეზღვაური მოკლა.

მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ნიგერიაში, ძირითადად, ტვირთის წამოსაღებად, მაგრამ დაცვა არასდროს გვყოლია. ფაქტობრივად, ეს ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, გაგვიმართლა. ამ დროს გემწამყვანის როლი უდიდესია: გაასმაგებულად უნდა დაუკვირდე გარემოს - ნებისმიერი მცურავი ობიექტის, პატარა ნავის მოახლოებაც არ უნდა გამოგეპაროს. მცირედი გადაადგილებაც რომ შენიშნო, კაპიტანს უნდა აცნობო. შემდეგ ის დაათვალიერებს ტერიტორიას და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

გემზე აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ატანა-გამოყენება, ამიტომ თუ მეკობრის საშიშროებაა, ვმოქმედებთ "მეკობრის საწინააღმდეგო განგაშის" განრიგით - ხმელეთზე ვაგზავნით საერთაშორისო ავარიულ სიგნალს, ველოდებით მიღების დასტურს, შემდეგ გემის ძრავს ვთიშავთ, ეკიპაჟი ჩავდივართ ციტადელში და მაშველების მოსვლამდე იქ ვიკეტებით.

მეკობრე შუა ოკეანეში ვერ გამოვა და რაკი მისი თავდასხმის საშიშროებაა, იგულისხმება რომ ჩვენ ძალიან შორსაც არ ვართ ხმელეთიდან, ამიტომ მაშველი აუცილებლად მალე მოვა. თუკი განაწესით იმოქმედებ, მეკობრემ ვერ უნდა დაგატყვევოს, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას და, ვინმემ თუ ვერ მოასწრო ციტადელში ჩასვლა, მარტო ის კი არ იქნება ტყვე, გემიც და მთელი ეკიპაჟიც დატყვევებული გამოდის, რადგან ის ერთი რომ არ მოკლან, ყველა გამოვა სამალავიდან. გარდა ამისა, მაშველიც განწირულია, რადგან გემზე რომ ამოვა, ვერ მიხვდება, ვინ - ეკიპაჟის წევრია და ვინ - მეკობრე. მეორე ვარიანტიცაა: ეკიპაჟმა იცის, თუკი დაატყვევეს, თავზე ხელაწეული, მორჩილად ძირს უნდა გაწვეს. გემზე ამოსული შეიარაღებული მაშველი, მტერსა და მოყვარეში რომ გაერკვეს, წაიკითხავს სიას და თუ ვინმე ზედმეტია, იოლად ამოიცნობს მასში მეკობრეს.

- ხანდახან ფილმებსა და ნაწარმოებებში მეკობრე რომანტიკულ გმირადაც არის წარმოჩენილი. რეალურად როგორები არიან?

- პირისპირ არასდროს გადავყრივარ, მაგრამ ირაკლის ბევრჯერ დაუნახავს გემიდან, ნავებით როგორ მოჰყვებოდნენ მოშორებით, თუმცა მიახლოებას ვერ ბედავდნენ. სიშორის გამო ვერც სამოსს ხედავ კარგად და ვერც სახეს, მაგრამ ტრენინგებზე მათი თავდასხმის ვიდეოები ხომ მინახავს! - ძირითადად, ფერადკანიანები არიან, აფრიკელები და სახის ნაწილზე ბენდენასავით ნაჭერი აქვთ აფარებული. რომანტიზმის რა გითხრათ და, მეზღვაურისთვის მასთან ბრძოლა უდიდესი სტრესია.

- შტორმისას რა ხდება, რაც ეკრანზე გვინახავს, ახლოსაა სინამდვილესთან?

- მაგალითად, პირველი კონტრაქტისას, ზამთარი იყო და ნიგერიიდან კანადაში მივდიოდით. ასეთ პერიოდში ატლანტის ოკეანე განსაკუთრებულად რთულია - ზამთარში აქ, ძირითადად, სულ შტორმია. დაახლოებით, 10-11-ბალიან შტორმში მოვყევით, რაც 5-6 სართულს უტოლდება და ძალიან გამიჭირდა. სხვებიც დაძაბულები იყვნენ. 11-მეტრიანი ტალღა რომ მოდის, მასზე სწორად უნდა გადახვიდე, სწორი მანევრირებაა საჭირო. ტალღამ გვერდიდან თუ დაგარტყა, ფაქტობრივად, დამღუპველია, რადგან გემი შეიძლება გადატრიალდეს... ერთხელ შევესწარი, ჩვენგან 65 კილომეტრში მეთევზეების გემი როგორ ჩაიძირა. საბედნიეროდ, მეთევზეები გადაარჩინეს...

შტორმში

ბევრი საინტერესო გზა გაგვივლია ზღვასა თუ ოკეანეში. მაგალითად, ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში ერთი ადგილია, რომელსაც "დრეიკს" უწოდებენ (ალბათ, სახელწოდება XVI ს-ის უმამაცესი მეზღვაურისა და დაუნდობელი მეკობრის, ინგლისელი ფრენსის დრეიკის სახელს უკავშირდება - ი.ხ.). ვთქვათ, რიო-დე-ჟანეიროდან დასავლეთ ამერიკისკენ რომ მიდიხარ, თუკი პანამის არხს არ გადაჭრი, სამხრეთ ამერიკას ქვემოდან უნდა შემოუარო. ახალბედა ვიყავი, იქ რომ მოვხვდი. გზად ულამაზეს კუნძულებს შორის გავიარეთ და ერთი ჯვარდასმული მთა დავინახე, კაპიტანმა ამიხსნა, რომ ის ჯვარი სიმბოლურად სამხრეთის უკიდურეს წერტილს აღნიშნავდა. ამ უკიდურეს სამხრეთ წერტილში ზამთარ-ზაფხულ ცუდი ამინდი და აღელვებული ზღვაა, ის მონაკვეთი კი ისეთი სახიფათო გასავლელია, ძველად ვინც "დრეიკს" გაივლიდა, მეზღვაურის საქმეში ნათლობად ეთვლებოდა და საყურეს უკეთებდნენ. რამდენჯერაც გაივლიდა მეზღვაური "დრეიკს", იმდენი საყურე ემატებოდა მის ყურს. ფილმებში საყურე რომ უკეთიათ მეზღვაურებს, სწორედ ამის აღმნიშვნელია.

ირაკლი:

- დღევანდელ მეზღვაურებს კი იქ გავლის შემდეგ სერთიფიკატებს აძლევენ. მეც და დათოსაც თითოჯერ გვაქვს "დრეიკი" გავლილი, მაგრამ ჩვენი სერთიფიკატები ორივემ გემებზე დავტოვეთ - ისე გვიხაროდა, შინ რომ ვბრუნდებოდით, სერთიფიკატისთვის ვიღას ცხელოდა...

ერთხელ მახსოვს, კურიოზი შეგვემთხვა: საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების 4-თვიანი მარაგი მოგვიტანეს მოზრდილი კატარღით, უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა, რამაც ტალღები ააზვირთა და ჩვენს გემთან კატარღით მოსულები ამოყირავდნენ. ადამიანები კი გადავარჩინეთ, მაგრამ კატარღა მარაგიანად მთლიანად ჩაიძირა...

ჩემი ყველაზე მძაფრი განცდა კი ბერმუდის სამკუთხედს უკავშირდება. ბაჰამის კუნძულებიდან კარიბის ზღვის პორტ სან ეუსტასიოში მივდიოდით. საერთოდ, გემები ერიდებიან მანდ შესვლას და წრეზე მიდიან, რადგან ბერმუდის სამკუთხედის ერთი კუთხე სწორედ მანდ ხვდება. ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი გემის კაპიტანი გვყავდა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ აირჩია ეს მისტიკური გზა. შესაძლოა, სიმოკლის გამო... თავიდან თითქოს სიმშვიდე იყო ირგვლივ, მაგრამ უცებ ისეთი შტორმი დაიწყო, მასში მოხვედრას არც არავის ვუსურვებ და იმედია, მეც არასდროს მოვხვდები. ორჯერ 35 გრადუსზე გადაწვა გემი, არადა, ჩვენს გემს მაქსიმალური გადახრის წითელი ხაზი 37 გრადუსზე ჰქონდა და, ფაქტობრივად, ღმერთმა დაგვიფარა, მდგრადობა რომ არ დაკარგა. მოკლედ, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში...

- ძმები რომელიმე პორტში შეხვედრიხართ ერთმანეთს?

- ერთხელ სინგაპურში "შევხვდით" - პორტში ჩვენი გემები გვერდიგვერდ აღმოჩდნენ და ირაკლიც დავინახე. რაციით დავუძახე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ჩამოვიდა გემიდან, არ ეცალა. გემებს მე-16 არხი გვაქვს საკომუნიკაციოდ. თუ რაიმეს დაიძახებ იმ არხით, ყველა გემზე ესმით. მაგალითად, 2017 წელს ორივენი გემზე შევხვდით. მე-16 არხით დავიძახე: "ხვანჭკარა-ქინძმარაული"-მეთქი (ეს ქართველებს პაროლივით გვაქვს) და ისეთი ამბავი ატყდა - ყველა ქართველი ვულოცავდით ერთმანეთს, რა თქმა უნდა - ირაკლიც ხაზზე იყო...

იხილეთ ფოტოგალერეა

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)