დღეს "კვირის პალიტრის" დაბადების დღეა - კვირის პალიტრა

დღეს "კვირის პალიტრის" დაბადების დღეა

გაზეთი "კვირის პალიტრა" 22 წლის გახდა.

18 წლის წინ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი მოევლინა სამზეოს. 1995 წელი ვისაც ახსოვს, ისიც იცის, რა დრო იყო ეს - უშუქობა და სიცივე, სიდუხჭირე და უსასოობა... სწორედ ამ რთულ სიტუაციაში გაჩნდა გაზეთი "კვირის პალიტრა", დაიბადა ისეთსავე პირობებში, როგორშიც მაშინ იყო საქართველო, თავის თავზე გადაიტანა არაერთი ქარტეხილი, მაგრამ ძალა არ დაშრეტია. ალბათ იმიტომ, რომ მისი პირველი რედაქტორი და სულისჩამდგმელი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი, ყველაფერს აკეთებდა, რათა ჯერ სული გადარჩენილიყო და მერე ხორცი... შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მასმედიასთან კავშირში სულზე საუბარი ცოტა გადაჭარბებულია... არადა, "კვირის პალიტრის" შემთხვევაში სწორედ ეს იყო მთავარი. ამან გამოატარა გაზეთს მიუკერძოებლად ამდენი წელი, მიამაგრა ეროვნულ ფესვზე და აქცია თქვენს საყვარელ გაზეთად...

განვლილი 22 წლის განმავლობაში "პალიტრის" გუნდმა ერთი გაზეთის იდეა მძლავრ მედიაჰოლდინგად გადააქცია, რომელსაც ამჟამად საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

"პალიტრა მედია" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგს, რომელიც დღესდღეობით აერთიანებს სამ პერიოდულ გაზეთს, 12 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.

ჰოლდინგის ბეჭდური მედიის მკითხველთა და ინტერნეტპორტალების ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად 10 მილიონს აღემატება.

"პალიტრა მედიის" შემადგენლობაშია წიგნების საცალო გაყიდვების ქსელი "ბიბლუსი". ასევე, მულტიპროფილური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი რამდენიმე სტამბა. ჰოლდინგში გაერთიანებულია სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.

მედიაჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდი 1 500-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის.

P.S. "კვირის პალიტრა" საკუთარ დაბადების დღეზე, უპირველესად მადლობას უხდის ერთგულ მკითხველს, რომლის მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე ჩვენი 22-წლიანი ისტორია არ შეიქმნებოდა...