"მოსაცდელის კონსტრუქცია წაიქცია, რომელმაც კინაღამ ადამიანი იმსხვერპლა" - კვირის პალიტრა

"მოსაცდელის კონსტრუქცია წაიქცია, რომელმაც კინაღამ ადამიანი იმსხვერპლა"

19 აპრილს, თბილისში, ვაგზლის მოედანზე ავტობუსების გაჩერებაზე არსებული მგზავრთა მოსაცდელი წაიქცა. თვითმხილველების თქმით, რკინის კონსტრუქცია ქარმა წააქცია.

"მე რომ მივედი, მოსაცდელი უკვე წაქცეული იყო. როგორც მითხრეს, სკამზე ქალბატონი მჯდარა და ადგომა მოუსწრია, მოსაცდელთან ასევე მდგარა მამაკაციც, რომელსაც რამდენიმე წამით ადრე დაუტოვებია ტერიტორია. როგორც იქ მყოფი მძღოლები ამბობდნენ, ცოტა ხანსაც რომ გაჩერებულიყო, კონსტრუქცია აუცილებლად იმსხვერპლებდაო. მათ ასევე მითხრეს, რომ მოსაცდელი დამაგრებული არ ყოფილა, შესაბამისად, როგორც ჩანს, არცთუ ძლიერმა ქარმა წააქცია", - გვითხრა თვითმხილველმა, რომელმაც მომხდარის ამსახველი ფოტოები მოგვაწოდა.

საკითხის გასარკვევად მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დავუკავშირდით. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მოსაცდელები გადაცემული აქვს კერძო კომპანია "ალმას", რომელსაც ევალება მათი მოვლა-პატრონობა. მერიაში სწორედ ამ კომპანიასთან გადაგვამისამართეს.

გიორგი ტრაპაიძე, კომპანია "ალმას" დირექტორი:

- მომხდარის თაობაზე ინფორმაცია გვაქვს, დიახ, მოსაცდელი ქარმა წააქცია. ეს არის ძველი მოსაცდელი და იმ სექციაშია, რომელიც მერიასთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გამოიცვალოს.

- სანამ გამოცვლით, მანამდე გამაგრება თქვენს კომპეტენციაში არ შედის?!

- თავის დროზე, რომელმა კომპანიამაც დააყენა, ის უსაფრთხოების ზომებს რამდენად იცავდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მოსაცდელი ჩვენს კომპანიას არ დაუდგამს, ეს არის დაახლოებით 10 წლის წინ დადგმული კონსტრუქცია.  ჩვენ მათი გამოცვლა კონკრეტულ ვადაში გვევალება, რასაც ვახორციელებთ კიდეც.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)