თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღე და სოფიკო - კვირის პალიტრა

თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღე და სოფიკო

"ვერის უბნის მელოდიები", "საიათნოვა" - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილ საღამოზე გაცოცხლდა.

თბილისის მოდის კვირეულმა არც წელს უღალატა ტრადიციას და პირველი დღე ლეგენდარულ მსახიობს სოფიკო ჭიაურელს დაუთმო.

თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

- ვცდილობთ სიახლე შემოვიტანოთ, შარშან სპონტანურად დაიბადა იდეა და შედგა ნინო რამიშვილის საღამო, მსოფლიოში ესეთი პრაქტიკა არსებობს, მოდისა და სტილის სიმბოლოს ჟაკლინ კენედი იქნება ეს თუ გრეის კელი, მათი სამოსის და აქსესუარების გამოფენას წამყვანი მუზეუმები მასპინძლობენ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მოდის, კულტურის, ხელოვნების ქვეყანა, ამიტომ, მინდა, რომ საერთაშორისო პრესამ გაიცნოს ქართველი მოდის ფუძემდებლები.

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა

მოდის კვირეულის გახსნაზე მისულმა სტუმრებმა მულტიმედიური სახის წარმოდგენა იხილეს - გამოფენა, პერფორმანსი, ინსტალაციები და ვიდეოარტი - ყველაფერი, რაც სოფიკოს შემოქმედებით ცხოვრებას უკავშირდება. გულგრილი არც თავად ლეგენდარული მსახიობის ოჯახის წევრები დარჩნენ.

ეკა ჭიჭინაძე, სოფიკო ჭიაურელის რძალი:

-  სოფიკოს და ფარაჯანოვს დიდი ენერგეტიკა აქვთ, აქ ტრიალებს მათი ერთობის აურა. ყველაფერი ძალიან ლამაზია, აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მომწონს ეს ტრადიცია, როდესაც თბილისის მოდის კვირეული ქართველ ლეგენდებს აცოცხლებს.

თბილისის მოდის კვირეული კიდევ 4 დღე გაგრძელდება. დაგეგმილია, როგორც უკვე ცნობილი დიზაინერების, ასევე ახალი სახეების ჩვენებებიც.

ირაკლი გედენიძის ფოტოები

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)